"ბერი ანდრიას სახელობის ფონდი" ზრუნავს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებზე, განურჩევლად მათი მრწამსისა და ეროვნებისა, დახმარებას უწევს ყველა იმ საქმეში, რაც მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ფონდის ორგანიზებითა და მეგობარი კომპანიების თანადგომით, პერიოდულად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მაგალითად, მისი ინიციატივით უკვე მეხუთე წელია, სექტემბრის თვეში "სიცოცხლის ფესტივალი" ტარდება, რომელიც ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
წლეულს ფესტივალმა სტარტი მესტიაში აიღო, სადაც შეჯიბრი მინიფეხბურთში გაიმართა. თბილისში კი ბოულინგის ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის მიერ წარმოდგენილმა 40-მა გუნდმა მიიღო. საწევრო გადასახადი, რომელიც ფონდის ანგარიშზე დაირიცხა, კეთილ საქმეს - სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.
ფონდის დამფუძნებელმა _ დედა თინათინ ჩხვიმიანმა აღნიშნა, რომ ცენტრის მშენებლობისთვის ფონდს მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ გადასცა. საძირკველი ჩაიყარა და, ამჟამად, პირველი სართულის მშენებლობა მიმდინარეობს:
- ფესტივალიდან შემოსული თანხა სრულად მშენებლობის ანგარიშზე ჩაირიცხება. ჩემპიონატის მონაწილე კომპანიებისთვის საწევრო გადასახადი დავაწესეთ და "ავერსის" ჰოლდინგიდან პრემიუმ შემოთავაზებას ორი გუნდი დათანხმდა. კომპანია "ალფა" ჩემპიონატის გამარჯვებულია, მადლიერება მინდა გამოვთქვა "ავერსის" მიმართ, რადგან ამ ჰოლდინგმა, ასე ვთქვათ, მრავალი აგური შემოსწირა ბედნიერი სახლის მშენებლობას. "ავერსთან" ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის - ჰოლდინგი ბერი ანდრიას ფონდზე მუდმივად ზრუნავს.
"ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალიკო ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ "ავერსისთვის" სიცოცხლის ფესტივალის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ:
- "ავერსის" გუნდი ღირსეულად წარსდგა "სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში ორგანიზებულ ბოულინგ ჩემპიონატზე. ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საქმეში, რომ ამ სენით დაავადებული ბავშვებისთვის ყველა დღე იყოს საინტერესო, განსხვავებული და ბედნიერი.
სიცოცხლის ფესტივალი სადღესასწაულო ღონისძიებით დასრულდება, სადაც წარმოდგენილი იქნება ფონდის შვილობილებისა და მათი მშობლების ხელნაკეთი ნივთები, აქვე გაიმართება ბერი ანდრიას ჩანახატების კრებულის „სიკეთის საგალობელის“ პრეზენტაციაც. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ალექსიძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი, მუსიკოსები: ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშილი და ჯგუფი "ნიუტონი"...