ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტული ღონისძიებები და აქტიური დასვენება „ავერსის“ ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. „ავერსი“ არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ თითოეული თანამშრომლის განწყობასა და ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. სწორედ კომპანიის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით ავერსელებმა ჩამოაყალიბეს საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდები, რომელთა ისტორიაში უკვე არაერთი წარმატება ჩაიწერა.
14 სექტემბერს „ავერსმა“ წლის სპორტული მიღწევების შემაჯამებელი საღამო გამართა და მადლობის სიგელები გადასცა როგორც საუკეთესო მოთამაშეებს, ასევე მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და სამოყვარულო ლიგების ორგანიზატორებს.
„ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ავერსი“ სპორტული ცხოვრებისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ კომპანია საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ორი გუნდის - „საბურთალოს“ და „დინამოს“ სპონსორია:
- თხუთმეტი წელია, „ავერსი“ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობს. ამ ჯგუფში შემავალი კომპანიები არაერთი სპორტული აქტივობის სპონსორები არიან. შარშან გაჩნდა იდეა, ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე ჰქნოდა, შესაბამისად, დაფუძნდა ააიპ (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) "სპორტული კლუბი ავერსი", რომლის ძირითადი საქმიანობა ავერსელებისგან შემდგარი გუნდების სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებაა.
უკანასკნელი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდებმა მართლაც შესანიშნავი შედეგი აჩვენეს. ბევრი სხვა ორგანიზაციისგან განსხვავებით, საფეხბურთო გუნდში მოწვეული სპორტსმენები არ გვყავს, ყოველთვის საკუთარი ძალებით გავდივართ ტურნირზე, ამიტომ ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია.
საკალათბურთო გუნდიც უმეტესწილად „ავერსის“ თანამშრომლებით გახლავთ დაკომპლექტებული.
ღონისძიებაზე ყველა სპორტსმენს გადავეცით სიგელი „ავერსის“ სპორტულ წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
სიგელები და მადლობა მიიღეს სამოყვარულო ლიგის დამფუძნებლებმა ტურნირების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და ყველა იმ კომპანიის ხელმძღვანელებმა, რომლებიც სპორტული კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობენ - აფინანსებენ სპორტსმენებს, სამედიცინო დახმარებას უწევენ, საშუალებას აძლევენ, მუდამ ფორმაში იყვნენ.
„ავერსის“ დამფუძნებელი, ბატონი პაატა კურტანიძე ამ ყველაფრის სულისჩამდგემლია. სპორტული კლუბის ჩამოყალიბებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის. საზეიმო ღონისძიებაზე გუნდების კაპიტნებმა მას მხარდაჭერისთვის სიმბოლურად მადლობის სიგელი გადასცეს, ხოლო ფეხბურთის სამოყვარულო ლიგის წარმომადგენლებმა - საქართველოს ნაკრების მაისური. ეს ყველაფერი ემოციური და ამაღელვებელი იყო.
წლევანდელი წელი სპორტკლუბ „ავერსისთვის“ მართლაც წარმატებული აღმოჩნდა: საკალათბურთო გუნდი ჩემპიონი გახდა, ხოლო ფეხბურთის გუნდმა საპრიზო ადგილი დაიკავა ბიზნესჩემპიონთა ვერცხლის ლიგაში. ჟურნალ „არსენალის“ მიერ ორგანიზებულ პეინტბოლის ჩემპიონატში, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორების გუნდები მონაწილეობდნენ, „ავერსმა“ პირველობა არავის დაუთმო.
- კომპანიის ხელმძღვანელობის ასეთი ყურადღება გვისახავს იმედს, რომ „ავერსი“ სპორტულ ღონისძიებებშიც იქნება ლიდერი ლიდერთა შორის, - გვითხრა საფეხბურთო გუნდის კაპიტანმა კობა სებუამ.
„ავერსის“ სამოყვარულო საკალათბურთო გუნდი ექვსი წელია არსებობს და კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ტურნირებში მონაწილეობს. კლუბი 3-ჯერ გავიდა ფლეიოფში, აქედან 2-ჯერ - მეოთხედფინალში, წელს კი გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა.
- სეზონი წაუგებელი სერიით დავასრულეთ. „ავერსი“ ყოველთვის მხარში გვიდგას, გვაფინანსებს, უდიდეს მორალურ მხარდაჭერას გვიწევს, რაც სურვილს გვიჩენს, უფრო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ როგორც პროფესიულ, ისე სპორტულ ასპარეზზეც, - გვითხრა საკალათბურთო გუნდის კაპიტანმა დავით კალანდაძემ.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია „ავერსის“ კორპორაციული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. „ავერსის“ სპორტულ კლუბს წარმატებას და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ვუსურვებთ.