თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებსა და, ახლა უკვე, ყოფილ სტუდენტებს უნივერსიტეტის ეზოში უამრავი სიურპრიზი ელოდათ. საზეიმო წვეულებაზე ფარმაციის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები - საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ მიწვეულნი.
ყოფილ სტუდენტებს ეს ღირსშესანიშნავი დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიულოცა. მან წარმატება უსურვა თითოეულ კურსდამთავრებულს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პროფესიონალებმა კავშირი არასოდეს უნდა გაწყვიტონ:
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერაა საქართველოში, განვითარების თითქმის ასწლოვანი ისტორიით. ჩვენ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ დამსაქმებელთა მოთხოვნები, ინტერესები და ახალგაზრდები რაც შეიძება ღრმა ცოდნით შეიარაღებულნი გავუშვათ სასწავლებლიდან. ჩვენი პარტნიორები _ ფარმაცევტული კომპანიები ჩვენი ყოფილი სტუდენტების სახით მიიღებენ საუკეთესო კადრებს - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
ყოფილ სტუდენტებს სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრება მიულოცა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დალი ბერაშვილმა:
- ფარმაციის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ტრადიციული და წარმატებული ფაკულტეტია. ის უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით და საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, აქ ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი კომპეტენციის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდისათვის. მახსენდება დღე, როდესაც ამ სასწავლებელში პირველად შემოაბიჯეთ. დაბნეულები, აუდიტორიებს ვერ აგნებდით. დღეს კი თავდაჯერებული, წარმატებული, ცოდნით შეიარაღებულნი ტოვებს უნივერსიტეტის კედლებს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ფარმაცევტული კომპანიები _ თქვენი პოტენციური დამსაქმებლები უკვე პირველი კურსიდან გაძლევდნენ თანამშრომლობის შესაძლებლობას და საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწის შანსს. ამ კომპანიის წარმომადგენლები დღეს ჩვენი სტუმრები არიან და ისინიც გილოცავენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
"ავერსის" სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ლალი დათეშიძემ ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მიულოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და წარმატება უსურვა პროფესიულ წინსვლაში:
- "ავერსი" უნივერსიტეტის ცხოვრებასთან მჭიდროდ არის ინტეგრირებული, ყველა მის აქტივობაში მონაწილეობს - დაწყებული პრაქტიკის კურსიდან, ნებისმიერი საზეიმო ღონისძიებით დასრულებული, რადგან კომპანია "ავერსისთვის" სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სასურველი კადრები არიან.
სტუდენტები ჩვენთან გადიან პრაქტიკულ სწავლებას - იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რასაც უნივერსიტეტი თეორიული სწავლების ფორმატში ვერ ახორციელებს.
წელს დაახლოებით 40-მდე სტუდენტმა სასწავლო პრაქტიკა ჩვენს სააფთიაქო ქსელში გაიარა. ასევე ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ "ავერსის" სააფთიაქო ქსელის მუშაობას გაცნობოდნენ.
ჩვენ ჩვენი ფავორიტები გვყავს, რომლებსაც სიურპრიზი მოვუმზადეთ 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათის სახით - 6 ასეთი კურსდამთავრებული გამოვარჩიეთ. ეს გახლავთ სტუდენტები, რომლებმაც ყველაზე მეტად იაქტიურეს, გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს.
დღეს კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაა, რომელსაც ორგანიზება ადმინისტრაციამ გაუკეთა და "ავერსი" მოწვეულია როგორც ერთ-ერთი დამსაქმებელი, როგორც ფარმაცევტული ფაკულტეტის პარტნიორი კომპანია და თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ.
კომპანია "ავერსი" ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ის დღეს ქვეყნის მასშტაბით 238 აფთიაქს აერთიანებს. "ავერსი" გამოირჩევა პროფესიონალი კადრებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.