საჩოგბურთო ტურნირ "ავერსის თასს" "სიტი-სპორტის" კორტებმა უკვე მეთორმეტედ უმასპინძლა. პირველი შეჯიბრება 2013 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ამჟამად ის წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე – ტარდება და ნორჩ ჩოგბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შანსს აძლევს. ტურნირის გამარჯვებულები დღეს საქართველოს წამყვანი ჩოგბურთელები და ეროვნული ნაკრების წევრები არიან.
"ავერსის" თასის მოსაპოვებლად წინა ტურნირებში საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნების საჩოგბურთო სკოლების წარმომადგენლებიც იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ტურნირს უცხოელი მოასპარეზეები არ შემატებიან, ის მაინც მასშტაბური აღმოჩნდა - მასში 5-დან 18 წლამდე ასაკის 100-მდე ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა.
- ტურნირის პოპულარობა ორგანიზების მაღალმა დონემ და ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დიდმა მხარდაჭერამ განაპირობა, – გვითხრა "სიტი-სპორტის" დირექტორმა მიხეილ ბუთხუზმა, – სწორედ მისი მხარდაჭერით გავცემთ სიგელებს, პრიზებს, საჩუქრებს... დაჯილდოების ცერემონიალიც შთამბეჭდავია. ეს ყველაფერი ტურნირს აზარტს და ინტერესს მატებს. "ავერსი" მხარში გვიდგას და გვეხმარება, რომ ბავშვთა სპორტში მეტი ხალისი შევიტანოთ.
"ავერსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ კომპანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ყოველნაირად უწყობს ხელს. ნორჩი ჩოგბურთელებისთვის პრესტიჟული ჯილდოს დაწესებაც ამ მიზანს ემსახურება:
- "ავერსის" საჩოგბურთო ტურნირი ტრადიციად იქცა. კომპანია რეგულარულად მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში, ვცდილობთ, ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ ვუბიძგოთ ყველას, დიდსა თუ პატარას, მოყვარულსა თუ პროფესიონალს. ჩვენი დევიზია: არა ნარკოტიკებს და მაქსიმალური მხარდაჭერა ცხოვრების ჯანსაღ წესს!
ამჯერად ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
- 5-დან 7 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში – დათა ჩოხელი;
- 7-დან 8 წლამდე - ნუცა გიორგაძე;
- 9-დან 10 წლამდე – თეო ჭაია (გოგონათა შორის) და კოტე შარვაშიძე (ვაჟთა შორის);
- 12 წლამდე - რადა ზალატარევა;
- 14 წლამდე - კრისტინა ნანავა (გოგონათა შორის) და დავით ხუროძე (ვაჟთა შორის);
- 16-დან 18 წლამდე - ელენე ტატანაშვილი (გოგონათა შორის) და ნიკა კაციტაძე (ვაჟთა შორის).
დაჯილდოების შემდეგ გამარჯვებულებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
- "ავერსის" საჩოგბურთო ტურნირში მონაწილეობა უკვე მესამედ მივიღე. აქედან ორჯერ პირველი ადგილი მოვიპოვე. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და კომპანია "ავერსს" ძალიან კარგი საჩუქრებისთვის, - გვითხრა კოტე შარვაშიძემ.
ელენე ტატანაშვილმა კი აღნიშნა, რომ ტურნირში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა:
- როდესაც ტურნირს კერძო კომპანია აფინანსებს, მონაწილეები ყოველთვის საინტერესო პრიზებს და სიურპრიზებს ველით. აზარტი და ინტერესიც მეტი გვაქვს... მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივი ტურნირის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და ვინც მხარს უჭერს ქართული სპორტის განვითარებას.
"ავერსის" თასი პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ნორჩ ჩოგბურთელებს მსოფლიო ასპარეზზე უკვალავს გზას.