კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქუთაისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ამ წოდებას ქალაქის მერია ანიჭებს წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც ქუთაისის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით.
კომპანია „ავერსს“ ქუთაისში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა აქვს. იქ მისი 21 აფთიაქია, რომლებშიც 250–მდე ადამიანია დასაქმებული. „ავერსი“ ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბევრ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს: უფასოდ გასცემს მედიკამენტებს, ატარებს გამოკვლევებს, უფასოდ მკურნალობს. მოქმედებს მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების და სხვა პროგრამებიც.
– ეს ჯილდო ჩემთვის მოულოდნელი იყო, - აღნიშნა პაატა კურტანიძემ, - არასოდეს მიფიქრია, რომ ქუთაისის საპატიო მოქალაქედ ამირჩევდნენ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი პატივია. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. 16 წლისა წამოვედი ამ ქალაქიდან და მას შემდეგ თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ თავს მაინც ქუთაისელად მივიჩნევ. ვამაყობ ჩემი ქართველობით, ჩემი ქუთაისელობით და მინდა, ქუთაისი რაც შეიძლება წარმატებული ქალაქი იყოს.
პაატა კურტანიძესთან ერთად წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე, კინოდოკუმენტალისტი გოგი დოლიძე, სპორტსმენი ავთანდილ წვერავა და გენერალ-მაიორი გივი ლობჟანიძე. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავზე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.