"ავერსი" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პარტნიორი და სპონსორია. მისი მხარდაჭერით გაიმართა ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიამ 24-დან 29 აპრილის ჩათვლით უკვე მესამედ უმასპინძლა.
წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდა და მასში "დინამო თბილისისა" და შარშანდელი გამარჯვებულის - კიევის "დინამოს" გარდა, ასპარეზობდნენ: სფფ-ს აკადემია, "ესპანიოლი" (ესპანეთი), "ჯენოა" (იტალია), "ვიტესი" (ჰოლანდია), მოსკოვის "სპარტაკი" (რუსეთი) და "დინამო" მინსკი (ბელარუსი).
ფინალურ შეხვედრას "დინამო არენამ" უმასპინძლა - 29 აპრილს ერთმანეთის პირისპირ "დინამო თბილისი" და "ესპანიოლი" წარდგნენ. გამარჯვება ანგარიშით 2:1 სტუმრებს ხვდათ წილად.
დარასელიას თასზე ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ტურნირის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვეს:
საუკეთესო მეკარე მინსკის დინამოს წარმომადგენელი სერგეი იურასოვი გახდა;
საუკეთესოდ მცველად ორგანიზატორებმა დინამოელი საბა ხვადაგიანი დაასახელეს;
ტურნირის საუკეთესო გოლად აღიარეს "დინამო თბილისის" შემტევის - გიორგი აბუაშვილის გოლი "ჯენოას" კარში.
ტურნირის აღმოჩენა, ასევე, დინამოელი - ჯადული იობაშვილი გახდა;
გათამაშების ბომბარდირი კიევის დინამოელი - კირილ პოპოვია.
დარასელიას თასის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი "დინამოს" ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ "ესპანიოლის" შემტევს - ერიკ კუენკას გადასცა.
საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" წარმომადგენელთა განცხადებით, "ავერსი" "დინამოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია - ის კლუბის სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ყველა საჭირო მედიკამენტითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
- სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ განვითარდება, ამიტომ "ავერსის" თანადგომა ჩვენი სპორტსმენებისთვის და საერთოდ, ქვეყნის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია _ აღნიშნა კლუბ "დინამო თბილისის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბუხალმა.
როგორც "ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, თანამშრომლობა "დინამო თბილისთან" ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდას და, საზოგადოდ, სპორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად:
- კომპანია "ავერსი" ხშირად არის სპორტული აქტივობების ინიციატორი და ორგანიზატორი, ამასთან, სხვადასხვა სპორტული მიმართულების დაფინანსება-სპონსორობა "ავერსისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
"დინამო" დიდი ისტორიის მქონე, ტიტულოვანი ქართული კლუბია, რომელმაც არაერთი გამარჯვება და წარმატება მოუტანა საქართველოს და ქართველ ხალხს. იმედი მაქვს, საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მომავალშიც გაგვახარებს წარმატებული თამაშით.
"ავერსს" მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში. ის აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებს და პოპულარიზაციას უწევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამასთან, ზრუნავს ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებზეც და მათ საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. ამ პირობით "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის ჯერ კიდევ 2009 წლის 19 თებერვალს პირველად გაფორმდა ხელშეკრულება.
"ავერსი" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" სპორტსმენებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.