„ავერსს“ ბიზნესის ეროვნული ჯილდო გადაეცა

„ავერსს“ ბიზნესის ეროვნული ჯილდო გადაეცა

  • 2017-12-16

ავერსი2016-2017 წლების საუკეთესო კომპანიათა რეიტინგში მოხვდამან გამარჯვება ოთხ ნომინაციაში მოიპოვა:საზოგადოებრივი იმიჯი,მომხმარებლის არჩევანი,ახალი სამუშაო ადგილებიდა ეფექტური მარკეტინგიკომპანია და მისი დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე, ოქროს სამკერდე ჯვრით დაჯილდოეს.

– მოხარული ვართ, რომ კომპეტენტური ჟიურისა და საქართველოს ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისგან ასეთ მხარდაჭერას და კეთილგანწყობას ვგრძნობთ. აღიარება ნებისმიერ საქმიანობაში დიდი სტიმულია და, ბუნებრივია, ჩვენთვისაც საკმარისი სამოტივაციო ფაქტორია, რათა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, კიდევ უფრო დახვეწილი და ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ მოსახლეობას და თამასა, რომელიც უკვე წლებია უკავია „ავერსს“, კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ, – ბრძანა კომპანიის დამფუძნებელმა.

14 დეკემბერს „თბილისი გარდენ ჰოლში“ მედიაჰოლდინგ Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით 2016-2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების, ინვესტორებისა და ბიზნესმენების დაჯილდოება გაიმართა.

– „ჯორჯიან ტაიმსისა“ და „გორბის“ ბიზნესჯილდო ყველაზე რეიტინგული ეროვნული ჯილდოა, რომელსაც წარმატებულ კომპანიებსა და ბიზნესმენებს გადასცემენ. ჟიური დამოუკიდებელი და კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება, რომელთა აღიარებაც „ავერსისთვის“ – და არამხოლოდ მისთვის – მართლაც ბევრს ნიშნავს. 1995 წლიდან მოყოლებული, ეს უკვე მეთვრამეტე დაჯილდოებაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ავერსი“ გამუდმებით ხვდება საუკეთესოთა შორის. ამჯერად კი, ცერემონიალის პარალელურად ჩატარებული ბლიცინტერვიუს მიხედვით, ის დამსწრე ბიზნესმენთა რჩეულიც გახდა. ჩვენს გუნდს ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს წინსვლისა და განვითარებისთვის. მინდა, მივულოცო „ავერსის“ დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს, და ყველა ავერსელს კიდევ ერთი წარმატება, – გვითხრა ირაკლი ფურცელაძემ, კომპანია „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა.

დაჯილდოების შესახებ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტ მალხაზ გულაშვილსაც ვესაუბრეთ.

– პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების ურთიერთდაახლოება და, რაც მთავარია, საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქართული ბიზნესისკენ, – აღნიშნა ბატონმა მალხაზმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „ჯორჯიან თაიმსს“ და „გორბის“ იმ კომპანიების სია მიაწოდა, რომლებსაც საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად 1 000 000 დოლარზე მეტის ეკვივალენტი შეაქვთ, ხოლო მათ შორის საუკეთესოთა გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები მონაწილეობდნენ.

შეფასების კრიტერიუმები გახლდათ: მეწარმეთა ინტერესების დაცვა; საზოგადოებრივი იმიჯი; ქველმოქმედება/მეცენატობა; სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა; ახალი სამუშაო ადგილები; საქმიანობის სტაბილურობა; სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა; კომპანიის ზრდა და წარმატებულობა; საზღვარგარეთ აღიარება;  საზოგადოებასთან ურთიერთობა; ეფექტური მარკეტინგი; ფინანსური გამჭვირვალეობა; საინვესტიციო მიმზიდველობა; ინოვაციური პროექტები; გუნდის პროფესიონალიზმი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები; ხარისხის გარანტია.

პირველ ეტაპზე 2016-2017 წლების 60 საუკეთესო კომპანია გამოავლინეს, რომელთაგანაც ჟიურიმ 30 აარჩია. მათ რიცხვში მოხვდნენ „ავერსი“, „ბაზის ბანკი“, „გაა ჰოლდინგი“, „გალფი“, „გეოპლანტი“, „გეოპროდუქტი“, „გიუაანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ენ სი სი“, ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, „ვენდისი“, „ზარაფხანა“, „კავკასიის ავტოიმპორტი“, „კულა“, „ემ ჯი“, „მტკვარი ენერჯი“, „ნეოგაზი“, „ნიკორა სუპერმარკეტი“, „ნიუთაიმი“, „ომეგა ჯგუფი“, „ორბი ბათუმი“, „პსპ“, „საქნახშირი“, „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, „საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი“, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველო“.

დაჯილდოების საღამოზე კი საუკეთესო კომპანიებმა კენჭისყრით გრან პრის მფლობელი გამოავლინეს. ეს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აღმოჩნდა. მას ერთი წლით გადაეცა გარდამავალი პრიზი – ოქროსა და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“. სხვა ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები, ტრადიციისამებრ, სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდნენ.

ბიზნესრეიტინგის ფარგლებში წელს უკვე მეორედ გამოვლინდა წლის საუკეთესო ინვესტორი. ამჯერად ეს ტიტული ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დაიმსახურა. კონკურსის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ Investment Award-ის მიზანია, წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს უკვე განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს.

ჟურნალისტების რჩეული (საუკეთესო რესპონდენტი) „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ წარმომადგენელი  ნუცა აბრამიშვილი გახდა.

პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ თბილისის მერია, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, GCCI,  ICC ჯორჯია, საერთაშორისო და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატები, საპარტნიორო ფონდი და თანაინვესტირების ფონდი.

საზეიმო ვახშამს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე: