მასობრივი სპორტის ფედერაციის ინიციატივით, პირველიდან 12 ივნისამდე თბილისში დიდ კომპანიებს შორის სპარტაკიადა გაიმართა. პროექტს მხარს თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური უჭერდა. სპარტაკიადის
მიზანი მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია გახლდათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა თერთმეტმა დიდმა კომპანიამ მიიღო: ფარმაცევტულმა კომპანია “ავერსმა”, TBC ბანკმა, “თეგეტა მოტორსმა”, “გუდვილმა”, “ლუტეციამ”, “კოკა-კოლამ”, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა, ტელეკომპანია “იმედმა”, “პოპულიმ”, ტელეკომპანია “პირველმა კავკასიურმა არხმა” და “ქორთიარდ მარიოტმა”.
სპარტაკიადისთვის სპორტის ოთხი სახეობა შეირჩა: ჭადრაკი, ცურვა, ნარდი და მინიფეხბურთი. პირველი შეჯიბრება პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაულზე, ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. გამარჯვებულიც იმავე დღეს გამოვლინდა – “ავერსმა” გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ინდივიდუალურში – მეორე.
მინიფეხბურთში ტურნირს საფეხბურთო მოედანმა “იმედმა” უმასპინძლა. “ავერსის” გუნდმა 8:0 სძლია “რუსთავი-2”-ის გუნდს, მომდევნო შეხვედრაზე კი “პოპულის” გუნდი დაამარცხა ანგარიშით 6:3. “ავერსისა” და “თეგეტა მოტორსის” შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით – ანგარიშით 3:2 – დასრულდა.
ჭადრაკის სასახლეში სპორტის კიდევ ერთ სახეობაში გაიმართა შეჯიბრება. ნარდის საუკეთესო მოთამაშე “რუსთავი 2”-ის გუნდი აღმოჩნდა. “ავერსმა” ამ შეხვედრაზე მესამე ადგილი მოიპოვა.
“ავერსის” გამარჯვებით დასრულდა როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური შეჯიბრი ცურვაშიც.
12 ივნისს, სპარტაკიადის საფინალო შეხვედრაზე, შეჯიბრებებში საერთო ქულების მიხედვით გამარჯვებულები დაასახელეს და პრიზები გადასცეს. სპარტაკიადის გამარჯვებული და თასის მფლობელი ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” გახდა. კომპანია “ავერსის” გუნდმა სპორტის ორ სახეობაში – ჭადრაკსა და ცურვაში – პირველი ადგილი მოიპოვა, ნარდში – მესამე, ხოლო მინიფეხბურთში მეოთხე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ნახევარფინალშიც ითამაშა.
“ავერსის” გუნდი აზარტულობითა და ენთუზიაზმით გამოირჩეოდა, ყველაზე აზარტული მენეჯერის წოდება და პრიზი კი “ავერსის” პიარმენეჯერს ლალი ბრეგვაძეს ხვდა წილად. “ჩვენი კომპანიის დევიზია “გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს” და ჩვენ არა მხოლოდ მომხმარებელის, არამედ კომპანიის თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა კი ჯანმრთელობის საწინდარია, ამიტომ კომპანიის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპარტაკიადაში. ვფიქრობ, “ავერსის” გამარჯვება ლოგიკურიც იყო, რადგან შეჯიბრებისთვის პროფესიონალები შევარჩიეთ – სპარტაკიადაზე გასვლამდე კომპანიის შიდა ტურები ჩავატარეთ ჭადრაკში, ნარდში, ცურვასა და მინიფეხბურთში და საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოასპარეზეები შევარჩიეთ. ჩვენმა მონდომებამ და შემართებამ შედეგიც გამოიღო და
კომპანია “ავერსი” სპარტაკიადის გამარჯვებული გახდა”.
სპარტაკიადის გახსნას სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი მამუკა ქაცარავა ესწრებოდა. “ქალაქის მერიამ თბილისის მასობრივი სპორტის ფედერაციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა პირველ სპარტაკიადას, რომელიც ტარდება კერძო სექტორის უწყებებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რადგან მასობრივ სპორტს დღეს ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. იმისთვის, რომ ამა თუ იმ კომპანიისა და სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი წარმატებული იყოს, აუცილებელია იმუშაოს თავის თავზე, ივარჯიშოს როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. ასე რომ, ჩვენ გავმართავთ შეჯიბრებას როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური სპორტის სახეობებში. ამ ღონისძიებაში 11 ყველაზე წარმატებული კომპანიაა ჩართული. დარწმუნებული ვართ, რომ სპარტაკიადას მომავალში გავაფართოებთ, როგორც კომპანიების ჩართულობის მხრივ, ასევე სპორტის სახეობების მიხედვითაც. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ აუცილებელია, ადამიანმა მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და ხშირად მიაქციოს ყურადღება თავის ფიზიკურ მონაცემებს, რადგან უამისოდ კონკურენტული კადრი ვერ იქნება. დღეს, XXI საუკუნეში, მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ცხოვრების ჯანსაღი წესი კი ამ ძალების მობილიზებაში დაგვეხმარება”, – განაცხადა მან სპარტაკიადის მონაწილეთა მისალმებისას.
“სპარტაკიადაში საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობდნენ, – განაცხადა პირველ შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, “ავერსის” საბითუმო მომსახურების განყოფილების ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელმა ვანო ლომიძემ, – რთული ბრძოლა გაიმართა, ასე რომ, გამარჯვება ნამდვილად არ ყოფილა იოლი. ჭადრაკი ის სპორტია, სადაც მოწინააღმდეგეს გონებრივად ებრძვი და საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვინც უკეთეს გეგმასა და სტრატეგიას შეიმუშავებს. ამასთანავე, მიუხედავად შედეგისა, ორივე მხარე კეთილად განწყობილი რჩება. მსგავს ღონისძიებებში რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება, მით უკეთესი”.
“ავერსი-ფარმას” სატრანსპორტო განყოფილების ხელმძღვანელი კახა კილაძე მოცურავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, სპარტაკიადა არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ სკოლებს შორისაც
იმართებოდეს: “რაც მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება სპორტში, მით უკეთესი. ეს აუცილებელია ჯანმრთელობისა და განტვირთვისთვის. ამასთანავე, სპარტაკიადაზე მონაწილეები ერთმანეთს ეცნობიან, ურთიერთობას ამყარებენ. სასიამოვნოა, რომ სპარტაკიადაში “ავერსმა” გაიმარჯვა. ეს გახლავთ სამედიცინო პროფილის კომპანია და მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის იბრძვის”.
სპარტაკიადაში მონაწილეობა მიიღო ჟურნალ “ავერსის” რეკლამის მენეჯერმა მარიამ ბიბილურმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი შეჯიბრებები მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის კი არ არის აუცილებელი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლადაც: “სპარტაკიადის მონაწილეთა შორის ძალზე კეთილგანწყობილი დამოკიდებულება იყო. მიხარია, რომ “ავერსი” სპარტაკიადის გამარჯვებული გახდა”.
მართლაც, “ავერსი” მუდამ აქტიურად არის ჩართული იმ ღონისძიებებში, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურება.
“ავერსის” სპორტული წარმატება
- 2011-06-12