23 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ღვიძლის პედიატრიული ტრანსპლანტაცია ჩატარდა. საკმაოდ რთული ოპერაციის წარმატება კლინიკის მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ და ქირურგთა გუნდის პროფესიონალიზმმა განაპირობა. დონორობა ბავშვს მამამ გაუწია.
ოპერაციამდე პაციენტის ოჯახმა რთული გზა გაიარა. ოთხი წლის ალექსანდრეს მძიმე დიაგნოზი ჰქონდა: სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია, რომელმაც შემდეგ ღვიძლის ციროზი და საყლაპავის ვენებიდან რეგულარული სისხლდენა გამოიწვია. სისხლდენის გამო ბავშვი რამდენჯერმე აღმოჩნდა სარეანიმაციო განყოფილებაში.
რჩებოდა პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზა – ღვიძლის გადანერგვა. იოლი გადასაწყვეტი არ იყო, მაგრამ მშობლებმა და ექიმებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ოპერაციაც ჩატარდა.
„ავერსის კლინიკაში“ 7 დეკემბერს გამართული კონფერენცია სწორედ ამ უნიკალურ ოპერაციას მიეძღვნა.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ, წარმატება მიულოცა ბავშვის მშობლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს:
– ალექსანდრეს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა, მორალურად თუ ფინანსურად გვერდით ედგა. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ საქართველოში მედიცინის დონე მაღალია. პირველი ტრანსპლანტაცია 2015 წელს ჩავატარეთ – ახალგაზრდა ქირურგმა კობა შანავამ შემოგვთავაზა, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკასთან მისი კავშირებით გვესარგებლა და საქართველოშიც დაგვენერგა ღვიძლის გადანერგვა. მას შემდეგ ცხრა ოპერაცია ჩატარდა, ყველამ წარმატებით ჩაიარა და, იმედი გვაქვს, ასევე გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ქართული მედიცინის განვითარება სარგებლობას მოუტანს არა მხოლოდ პაციენტებს და მათ ოჯახებს, რომლებიც გაცილებით მეტს იხდიან საზღვარგარეთ მკურნალობაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც, რადგან, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოდან უცხოეთის სამკურნალო დაწესებულებებში ყოველწლიურად 200 მილიონი დოლარი გაედინება. „ავერსის კლინიკაში“ მკურნალობა გაცილებით იაფი და კომფორტულია, ვიდრე საზღვარგარეთ, ხარისხი კი - არანაკლები.
– ღვიძლის გადანერგვისთვის აუცილებელია სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ზედმიწევნითი ცოდნა და დიდი გამოცდილება, – აღნიშნა დიმიტრიჯორბენაძემ, „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა, – ჩვენი თანამშრომლები წლების განმავლობაში სწავლობდნენ სეულის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტრანსპლანტაციის მეთოდიკას. მინდა, მადლობა გადავუხადო ქირურგების ბრიგადას, რომელმაც ეს ურთულესი ოპერაცია ასე შესანიშნავად ჩაატარა. მადლობა კლინიკის დამფუძნებელს, მადლობა ყველას.
„ავერსის კლინიკის“ ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა კობა შანავამ გვითხრა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს გართულების რისკი ბავშვებთან განსაკუთრებით მაღალია. მათ ოპერაციამდეც განსხვავებული მართვა სჭირდებათ, ოპერაციის ტექნიკური მხარეც განსხვავებულია, ყველაზე რთული კი ოპერაციის შემდგომი პერიოდია:
– თუმცა ჩვენი კლინიკა ყველანაირად მზად იყო ამ გადანერგვის ჩასატარებლად. ოპერაცია სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის მხარდაჭერით დაიგეგმა და წარმატებითაც ჩაიარა. მართლაც უდიდესი შრომა გავწიეთ და ამ შრომის შედეგი აშკარაა: პაციენტის გაწერამდე ჯერ კიდევ საკმაო ხანია დარჩენილი, მაგრამ ყველა პარამეტრი ნორმაშია და დინამიკაც უმჯობესდება. დიდი მადლობა კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. ვულოცავ მათ და მთელ საქართველოს – მედიცინის თითოეული წარმატება ხომ ავადმყოფობაზე ადამიანის გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითია.