"ავერსმა" ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ფარმაცევტები გამოავლინა

  • 2017-11-20

18 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია "ალფას" ოფისში, ფარმაცევტების ცხრათვიანი სამოტივაციო კონკურსის დასკვნით ეტაპზე, საუკეთესო თანამშრომლებისთვის წამახალისებელი გათამაშება გაიმართა.

სიურპრიზებით სავსე ავერსული საღამოს სტუმრები იყვნენ თბილისისა და რეგიონების ყველაზე წარმატებული ფარმაცევტები, "ავერსის" დამფუძნებლები, ხელმძღვანელები და საქმიანი პარტნიორები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. წვეულება მუსიკალურად ჯგუფმა "პრაიმ შოუმ" გააფორმა, სტუმრების განწყობაზე კი წამყვანი ნიკა კანკია ზრუნავდა.

- თანამშრომლებისთვის წამახალისებელი გათამაშების ჩატარება "ავერსის" დაბადების დღის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ. 23 წლის წინ სწორედ ამ დღეს - 14 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩვენი კომპანია, თუმცა მაშინ ფიქრადაც არ მომსვლია, რომ ის ასეთ მასშტაბს მიაღწევდა. დღეს "ავერსში" უკვე 9 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და ის ერთ-ერთი უდიდესი კერძო კომპანიაა საქართველოში, - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. მან ავერსელებს კომპანიის დაბადების დღე მიულოცა, წარმატება უსურვა, მადლობა გადაუხადა ერთგულებისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის და დასძინა, რომ აფთიაქში მისულ ადამიანს წამალთან ერთად თბილი და იმედის მომცემი სიტყვებიც სჭირდება. მისი თქმით, სწორედ ფარმაცევტების დამსახურებაა, რომ დღეს "ავერსი" საზოგადოების სიყვარულითა და ნდობით სარგებლობს:

- ჩემი მთავარი მიზანია, "ავერსის" თითოეული თანამშრომელი კმაყოფილი იყოს სამუშაო პირობებით და, საზოგადოდ, კომპანიის პოლიტიკით, ვინაიდან უკმაყოფილო ადამიანი კარგად ვერ იმუშავებს. იმედი გვაქვს, ასეთი სიურპრიზები ავერსელების მოტივაციას უფრო მეტად გაზრდის. თხუთმეტი წლის წინ ერთი შესანიშნავი ტრადიცია დავამკვიდრეთ - საახალწლო კორპორაციულ წვეულებაზე იმ თანამშრომლებს ვაჯილდოებთ, რომლებმაც წლის განმავლობაში თავი გამოიჩინეს. ეს ტრადიცია გაგრძელდება - საუკეთესოები მიიღებენ ფულად პრიზებს და სხვა საჩუქრებს, იმოგზაურებენ საზღვარგარეთ. დღევანდელ გათამაშებაზე კი პრიზები საუკეთესოთა შორის ყველაზე იღბლიანებს შეხვდებათ.

 

წამახალისებელი გათამაშების იდეა "ავერსის" დირექტორს სააფთიაქო საქმიანობის დარგში, ბატონ გია ჩიგოგიძეს ეკუთვნის:

- კომპანია ყოველთვიურად აჯილდოებს საუკეთესო აფთიაქებს, თუმცა ამჯერად "ავერსის" დაბადების დღესთან დაკავშირებით დაჯილდოების ფორმა ოდნავ შევცვალეთ და ცხრათვიანი სამოტივაციო კონკურსი გამოვაცხადეთ. დავაწესეთ ჯილდო სეზონის საუკეთესო ფარმაცევტისთვის, გამოვავლინეთ გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის ათ-ათი საუკეთესო თანამშრომელი და თითოეული მათგანი 300–ლარიანი პრემიით დავასაჩუქრეთ, ყველაზე წარმატებულ ფარმაცევტებს კი წამახალისებელი გათამაშების ბილეთები გადავეცით. გათამაშებაში 800-მდე ფარმაცევტი მონაწილეობს: 300 – თბილისის აფთიაქებიდან, 454 კი რეგიონებიდან. პრიზები საკმაოდ შთამბეჭდავია: 20 მოგებული, 10 – თბილისის, 10 კი რეგიონის ფილიალებიდან, საზღვარგარეთ შემოქმედებით მივლინებაში გაემგზავრება, ხოლო ორი ყველაზე იღბლიანი, ერთი – თბილისის, ერთი კი რეგიონული ქსელის წარმომადგენელი, მთავარ პრიზს – 5 ათას ლარს მიიღებს.

 

კონკურსის სამოტივაციო მნიშვნელობაზე რაიონების სააფთიაქო ქსელის დირექტორს ეკა ბურძენიძესაც ვესაუბრეთ:

- სამოტივაციო კონკურსში მონაწილეობა ყველა ფარმაცევტმა მიიღო. რეგიონებში ამჟამად "ავერსის" 126 აფთიაქია, საიდანაც 454 საუკეთესო თანამშრომელი ავარჩიეთ. გამარჯვებულთაგან 50 გამგეა, დანარჩენი კი რიგითი ფარმაცევტი. მათ გადავეცით წამახალისებელი გათამაშების ბილეთები, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრა: გეგმის შესრულებით, მოგების მაჩვენებლით, გულისხმიერებით... სწორედ ეს ბილეთები გათამაშდა დღეს. მათ, ვინც დღევანდელ წვეულებას ვერ დაესწრო, შეეძლოთ, გათამაშებისთვის "ავერსის" ფეისბუქგვერდზე ედევნებინათ თვალი. კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ასე რომ, სამოტივაციო რეიტინგული შეჯიბრება გაისადაც გაიმართება.

 

"ავერსის" თბილისის აფთიაქების ყველაზე წარმატებული და იღბლიანი თანამშრომლების სია ასეთია: ლალი გუგუნაშვილი, ინგა მუჯირი, ნანა მამუჩიშვილი, ნანა ტყემალაძე, თეონა მამულაშვილი, თამთა კაბისაშვილი, ირინა ბიბილეიშვილი, ლელა კალანდაძე, ნათია ფეიქრიშვილი და ლია პეტრიაშვილი.

ლალი გუგუნაშვილი "უნოს" თანამშრომელია:

 - "ავერსისგან" შესანიშნავი საჩუქარი მივიღე - ევროპაში ვიმოგზაურებ. სასიამოვნოა, რომ შრომა ასე ფასდება. არც ასეთ საზეიმო ვითარებას ველოდი. ულამაზესი საღამო გამოვიდა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის კომპანიის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელობის მიმართ.

გამარჯვების სიხარული ნათია ფეიქრიშვილმაც გაგვიზიარა:

- "ზედაზენში" ვმუშაობ. ემოციებით ისე ვარ სავსე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. მადლობა ბატონ პაატას და ბატონ გიას, ასეთ ლამაზ დღეებს რომ გვჩუქნიან.

5 ათასი ლარი "პარმაფარმის" წარმომადგენელ შორენა ტაბატაძეს ერგო წილად:

- "ავერსში" სულ რამდენიმე თვეა ვმუშაობ და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატას არა მხოლოდ დღევანდელი სიურპრიზისთვის, არამედ იმ უდიდესი სიკეთისთვისაც, რასაც მთელი საქართველოსთვის აკეთებს.

 

რეგიონების იმ საუკეთესო ფარმაცევტების სია, რომლებიც საზღვარგარეთ შემოქმედებით შვებულებაში გაემგზავრებიან, ასე გამოიყურება:

  • ლალი ჯანელიძე (ოზურგეთი)
  • ლიზა ალუღიშვილი (საგარეჯო)
  • ლალი ბახუტაშვილი (ქუთაისი)
  • სალომე ბარამიძე (ოზურგეთი)
  • ლია ბენდელიანი (ოზურგეთი)
  • მარიამ ლომსაძე (მარნეული)
  • ჟანა შერგილაშვილი (ხობი)
  • დიანან ცერცვაძე (ლაგოდეხი)
  • მაია მაისურაძე (გორი)
  • ანა ხარჩილავა (ქუთაისი)

მაია მაისურაძე გორის მეოთხე აფთიაქის თანამშრომელია:

- მეშვიდე წელია, ავერსელი ვარ და კომპანიის თანადგომას გამუდმებით ვგრძნობ. "ავერსი" საოცრად ზრუნავს თანამშრომლების კეთილდღეობასა და მოტივაციაზე. თუ გულმოდგინედ იშრომებ, ძალისხმევა აქ აუცილებლად დაგიფასდება.

ემოციების დაფარვა მარიამ ლომსაძესაც უჭირდა. ის, ცხრამეტ კოლეგასთან ერთად, უკვე ევროპაში სამოგზაუროდ ემზადება...

5 ათასი ლარი მოიგო სამტრედიის აფთიაქის ფარმაცევტმა ელიზავეტა გიგინეიშვილმა, რომელიც გათამაშებაზე არ ყოფილა.

"ავერსის" ხელმძღვანელთა თქმით, სამოტივაციო კონკურსი იმდენად რეიტინგული აღმოჩნდა, რომ ის აუცილებლად გაგრძელდება და კომპანიის კიდევ ერთ სასიამოვნო ტრადიციად იქცევა.

გააზიარე: