დაუვიწყარი ჯომარდობა — აზარტი და ადრენალინი

დაუვიწყარი ჯომარდობა — აზარტი და ადრენალინი

  • 2013-07-21

 მძაფრი შეგრძნებებისა და თავგადასავლების მოყვარული ავერსელები მოუთმენლად ელიან ამ დღეს. უკვე მესამე წელია, კომპანია “ავერსი” თანამშრომლებისთვის საჯომარდო ტურნირს მართავს. შარშანდელმა სეტყვამაც კი ვერ შეგვაშინა და წელს უფრო მეტმა გამოთქვა ჯომარდობის სურვილი. 21 ივლისს, დილაადრიან, ავერსელებით სავსე ხუთმა ავტობუსმა ბორჯომის ხეობისკენ აიღო გეზი. შიდაკორპორატიული შეჯიბრება მტკვარზე, სოფელ ჩითახევთან გაიმართა. ნავებით დაშვებას მდინარის პირას სხვა სპორტული თამაშები მოჰყვა. ტურნირის მონაწილეებმა იქვე, ბუნების წიაღში ისადილეს, დღე კი რესტორანში ვახშმით დაგვირგვინდა. კომპანია “ავერსის” დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს მიაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებები მკვეთრად ამაღლებს თანამშრომელთა სამუშაო განწყობას. — კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით — დავისვენეთ, განვიტვირთეთ... პირადად მეც ძალიან ვისიამოვნე. მართალია, ცოტა დავიწვი, მაგრამ ესეც კი სასიამოვნოა, — გვითხრა მან, — მთავარი ის არის, რომ დღევანდელი მუხტი დაგვეხმარება, ხვალ უკეთესად მოვემსახუროთ აფთიაქებში მომხმარებლებს, კლინიკებში — პაციენტებს, სადაზღვევო კომპანიაში — კლიენტებს. ასეთი ღონისძიებები მთელ კომპანიას განაწყობს იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება უფრო და უფრო უკეთესად შეასრულოს. “ბორჯომარდობამ”, როგორც გასართობი პროგრამის წამყვანმა ვინიმ (ზაალ წულიკიძემ) ხუმრობით უწოდა ჩვენს ტურნირს, მხიარულ და აზარტულ ატმოსფეროში ჩაიარა. თავდაპირველად ჯომარდობის მონაწილე გუნდებსა და მათ კაპიტნებს გუნდებისთვის საასპარეზო სახელების დარქმევა დაევალათ. ხანმოკლე ბჭობის შემდეგ გულშემატკივრების წინაშე წარდგნენ: “ქარიშხალი”, “ტორნადო”, “კოზა ნოსტრა”, “ჯეკი”, “რაციოცეფი”, “ბარაკუდა”, “ქოლგა”, “ყვითელი”, “ტალღა”, “ვირუსი” და სხვები.
მხიარული შეჯიბრება დაიწყო, ჩვენ კი კომენტარი “ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლალი ბრეგვაძეს ვთხოვეთ:
— წელს ტურნირში შარშანდელზე გაცილებით მეტმა ავერსელმა მიიღო მონაწილეობა — ას სამოცდაათამდე მონაწილემ და თითქმის ამდენივე გულშემატკივარმა. შედგა ოცდარვა გუნდი: თოთხმეტი — “ავერსი-ფარმადან”, ოთხ-ოთხი — “გეოფარმიდან”, “ავერსი-რაციონალიდან” და “ავერსის კლინიკიდან” და ორიც —სადაზღვევო კომპანია “ალფადან”. ტურნირი საინტერესოდ წარიმართა. პირველი დაშვებისას სათითაოდ შეფასდა გუნდების დროის მაჩვენებლები, მეორეზე კი შედეგების მიხედვით არჩეული ოთხეულების ერთდროული დაშვებით ნახევარფინალურ შეჯიბრებაში მონაწილე რვა გუნდი გამოვლინდა. ნახევარფინალში ეს რვა გუნდი ორ ნაკადად დაეშვა და ფინიშის ხაზთან პირველად და მეორედ მისული გუნდებიდან ფინალის ოთხი მონაწილე შეირჩა.
საფინალო ოთხეულში აღმოჩნდა ჩემი გუნდიც — “ტალღა”, რომელსაც დათო კალანდაძე მეთაურობდა. გუნდში ექვსნი ვიყავით — სამი ქალი და სამი მამაკაცი — და ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ. ჩვენი ინსტრუქტორი, კომპანია “რაფტინგ.ჯის” დამფუძნებელი დავით ქაცარავა გამოგვიტყდა, რომ ჩვენგან კარგ შედეგს აღარ ელოდა, რადგან სტარტი წავაგეთ, მაგრამ მოულოდნელად ისეთი ძალით მოვუსვით ნიჩბები, რომ არათუ დაკარგული დრო ავინაზღაურეთ, სხვებსაც კი გავუსწარით. საბოლოოდ მონდომება დაგვიფასდა და მეორე ადგილი დავიკავეთ. მინდა, “ავერსის” სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორს, საქართველოს ჯომარდობის ეროვნულ ფედერაციას, და “რაფტინგ.ჯის” დამფუძნებლებს დავით ქაცარავასა და სოფიო ხაჭაპურიძეს, რომლებმაც არაფერი დაიშურეს იმისთვის, რომ დღე მართლაც დაუვიწყარი და საინტერესო გამოსულიყო.


მიხარია, რომ ავერსელები მუდამ მზად არიან ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს თანამშრომელთა მეგობრობას და ერთიანობას, — გვითხრა საუბრის დასასრულს ლალიმ.

 მაშ ასე, დაძაბული ბრძოლის შედეგად პირველი ადგილი “ავერსი-რაციონალის” გუნდმა “ვირუსმა” დაიკავა, მეორე — “ავერსი-ფარმას” “ტალღამ” (ჩვენი ჟურნალის სამი წარმომადგენელიც სწორედ ამ გუნდში იყო), ხოლო მესამე — “ავერის-გეოფარმის” “ქარიშხალმა”. გამარჯვებული გუნდების კაპიტნებს მივულოცეთ და კომენტარებიც ვთხოვეთ.
 ეკა თარაშვილი, “ვირუსის” კაპიტანი, “ავერსი-რაციონალის” IT სამსახურის თანამშრომელი:
– ცხელ ზაფხულში შაბათ-კვირას ბორჯომის ხეობაში გასეირნება და ჯომარდობა მართლაც შესანიშნავი განტვირთვა იყო ჩემთვის და მთელი ჩემი გუნდისთვის. არა მარტო რაფტინგი – მთელი გასართობი პროგრამა ძალიან მოგვეწონა, დაშვებიდან დაშვებამდე შუალედებში კარგად გავერთეთ, მონაწილეობა მივიღეთ სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, ვისერინეთ კვადროციკლებით.
ჯომარდობა კი მართლაც ფანტასტიკური იყო, თუმცაღა ძალიან ძლიერ გუნდებთან მოგვიხდა შერკინება, დიდი ძალისხმევა დაგჭირდა პირველი ადგილის მოსაპოვებლად... ყველა გუნდს, ყველა მონაწილეს ვულოცავ წარმატებას, ორგანიზატორებს კი დიდ მადლობას ვუხდი ამ დაუვიწყარი დღისთვის.
დათო კალანდაძე, “ტალღას” კაპიტანი“, “ავერსი-ფარმას” ვებადმინისტრატორი:
— ძალიან ვისიამოვნეთ. ეს იყო დიდი ექსტრიმი. მართლაც თავდაუზოგავი ბრძოლით მოვიპოვეთ II ადგილი, უპირველესად იმიტომ, რომ გუნდი იყო შეკრული, მოტივირებული და მონდომებული. დიდი მადლობა კომპანიის ხელმძღვანელობას ამ შესანიშნავი დღისთვის.
გალაქტიონ ლაგვილავა, “ქარიშხალის” კაპიტანი, “ავერსი-გეოფარმის” რეგიონული წარმომადგენელი:
— ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა, ტალღებთან ჭიდილი ერთგვარი ფსიქოლოგიური თერაპია იყო ჩვენთვის. ადრენალინის მოზღვავებამ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ენერგია და სიცოცხლის ხალისი შეგვმატა. ბიზნესში, მძაფრი კონკურენციის პირობებში, ექსტრემალურ ვითარებაში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ შეკრულ და ერთიან გუნდს შეუძლია. ასევეა ჯომარდობაშიც. ბედმა გაგვიღიმა და ჩვენმა გუნდმა ,,ქარიშხალამ” გაუძლო ამ გამოცდას.
შთაბეჭდილებები გაგვიზიარა მაია ხუციშვილმაც — სადაზღვევო კომპანია “ალფას” პროვაიდერული სამსახურის ხელმძღვანელმა:
— მივესალმები ცხოვრების ჯანსაღ წესს. შესანიშნავია, როდესაც ამას ორგანიზაციებიც ხელს უწყობენ. ამ კუთხით საქართველოში “ავერსი” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპანიაა და კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელიც ჩვენ გვერდით ასპარეზობს. სპორტულ ტურნირებში მონაწილეობა პასუხსიმგებლობაც არის და სიამოვნებაც, აზარტიც და ადრენალინიც. ჩვენმა გუნდმა, “ქოლგამ”, VI საპატიო ადგილი დაიკავა. სულ ცოტა დაგვაკლდა ნახევარფინალამდე და დაღლილობის მიუხედავად ძალიან ვისიამოვნეთ. რა სჯობია, ზაფხულის ცხელ დღეს ყოველდღიურ ერთფეროვნებას რომ მოწყდები და ბუნების წიაღში თავგადასავლების საძიებლად გაეშურები, კარგ ნაცნობებს შეხვდები, მათთან ერთად დაისვენებ, ხოლო თუ ორგანიზაციულ საკითხებს ამ დროს შენს ნაცვლად კომპანია აგვარებს, ეს კიდევ უფრო მიმზიდველია.
დღეს ყველას დაგვავიწყდა ჩვენ-ჩვენი დიდი თუ მცირე საზრუნავი... ასეთ დღეებს, ზაფხულობით მაინც, ადამიანი ხშირად უნდა იწყობდეს.
ვიდრე ჯომარდობის მონაწილეები გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, გულშემატკივრები ბუნების წიაღში ერთობოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მშვილდოსნობაში, კვადროტურში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, ოჩოფეხებით სიარულსა თუ ტომარაამოცმული ფეხებით სირბილში. მსურველებმა ნავით ათკილომეტრიანი გასეირნებაც მოაწყვეს. მოკლედ, მოსაწყენად არავის ეცალა.
ჩვენ კი ჯომარდობამ იმდენად სასიამოვნო შეგრძნებები გვაჩუქა, რომ, დაღლილობისა და მტკივანი კუნთების მიუხედავად, მონაწილეთა უმეტესობა ხვალვე მოვიმარჯვებდით ნიჩბებს და მდინარის ჩქერებში კვლავ თავდაუზოგავად შევერკინებოდით ერთმანეთს.

 

გააზიარე: