თბილისში “ავერსის” სახელობის მეთერთმეტე საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა, რომელსაც, ტრადიციულად, “სიტი-სპორტის” კორტებმა უმასპინძლა.
მოედანზე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები ასპარეზობდნენ. მონაწილეთა რიცხვმა 110-ს გადააჭარბა.
საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
8-დან 9 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში: ნიკოლოზ სირბილაძე;
9-დან 10 წლამდე: გოგონათა შორის – რადა ზალატარევა,
ვაჟთა შორის – საშა სურმანიძე;
12 წლამდე: გოგონათა შორის – მარიამ შევარდენიძე,
ვაჟთა შორის – სანდრო შვანგირაძე;
14 წლამდე: გოგონათა შორის – ნატალი ჯაიანი,
ვაჟთა შორის – დანიელ რახმატულაევი;
16-18 წლამდე: გოგონათა შორის – ელენე გურეშიძე,
ვაჟთა შორის – დავით ტოტიკაშვილი.
ტურნირის მნიშვნელობასა და საორგანიზაციო საკითხებზე “სიტი-სპორტის” დირექტორს მიხეილ ბუთხუზს ვესაუბრეთ:
– “ავერსის” საჩოგბურთო ტურნირები ახალგაზრდა ჩოგბურთელებისთვის მნიშვნელოვანია. პატარა სპორტსმენები ამგვარად ხვეწენ ტექნიკას, ამასთან, ურთიერთობა აქვთ სხვადასხვა საჩოგბურთო სკოლის წარმომადგენლებთან, რაც მათ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ცოდნას მატებს.
სასიამოვნოა, რომ კერძო სექტორი სპორტულ მეცენატობას მისდევს და ამ ტიპის ტურნირებს მართავს. ეს ბიზნესისა და სპორტის ურთიერთობის საუკეთესო მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სპორტს სპონსორები შემოაკლდა, – ბევრი ორგანიზაცია პიარის ნაკლებობის გამო ბავშვთა ტურნირების დაფინანსებისგან თავს იკავებს, – “ავერსის თასი” კვლავ წარმატებით იმართება, რადგან “ავერსი” მუდამ გვერდით გვიდგას და სპორტის ამ სახეობის განვითარებას უწყობს ხელს.
ტურნირი მართლაც ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული – საუკეთესოებმა თასი დაისაკუთრეს, სხვა პრიზიორები კი “ავერსმა” მედლებით, სიგელებითა და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვა.
“ავერსის თასის” ყოფილი გამარჯვებულები დღეს საქართველოში წამყვანი ახალგაზრდა ჩოგბურთელები და ნაკრების წევრები არიან: მარიამ დალაქიშვილი, ანი მაქაცარია, საბა ფურცელაძე, ანი შანიძე... რამდენიმე მათგანი, სავარაუდოდ, აშშ-ს ღია პირველობის ახალგაზრდულ ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის შესახებ კომენტარი “ავერსის” გენერალურ დირექტორს ირაკლი ფურცელაძესაც ვთხოვეთ (შეგახსენებთ – ირაკლი ფურცელაძის ვაჟი, საბა, "ავერსის" თასის ცხრაგზის მფლობელია.):
– “ავერსის” სახელობის თასი ფარმაცევტულმა კომპანიამ პატარა სპორტსმენების წასახალისებლად დააწესა. მოგეხსენებათ, ის ერთადერთი მასშტაბური ტურნირია საქართველოში, რომელიც ამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და ჩოგბურთელებს მსოფლიო ასპარეზზე უკვალავს გზას. მონაწილეთა რიცხვი მუდმივად იზრდება – წლეულსაც 110-ზე მეტმა პატარა ჩოგბურთელმა იასპარეზა.
"ავერსი" სპორტის დიდი გულშემატკივარი და ქომაგია. მოხარული ვართ, რომ სწორედ ამ კომპანიის სახელი დაუკავშირდება მომავალში სპორტულ წარმატებებს, რომლებიც ქვეყანას დიდ გამარჯვებებს მოუტანს.
“ავერსის თასის” პირველი ტურნირი 2013 წლის შემოდგომაზე გაიმართა. მას შემდეგ ის ნორჩი სპორტსმენებისთვის პრესტიჟულ ჯილდოდ იქცა. კომპანია განაგრძობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ორგანიზებასა და ფინანსურ დახმარებას უწევს სპორტულ შეჯიბრებებს. “ავერსის” საჩოგბურთო ტურნირიც ამ პოლიტიკის ნაწილია.