28 სექტემბერს ისთ ფოინთში, "ლებოვსკი ბოულინგ კლუბში", ჰაერი აზარტითა და ბრძოლის წყურვილით იყო დამუხტული. ექვს ბილიკზე ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიის ექვსი გუნდი ერკინებოდა. ყოველ წამს ხან აქ, ხან იქ იფეთქებდა ხოლმე გულშემატკივართა სიხარულის ყიჟინა. განსაკუთრებით ხშირად გაისმოდა ავერსელების ხმა, რომლებიც თავდაუზოგავად ქომაგობდნენ საკუთარ გუნდს.
მიშა სუპატაშვილმა, კობა სებუამ, ლევან გოქაძემ, ნიკა ფურცელაძემ და შოთა ლომიძემ "ისთ ფოინთისა" და "ლებოვსკი ბოულინგ კლუბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირში უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა და ქომაგებს კიდევ ერთი სიხარულით სავსე დღე აჩუქეს.
შესარჩევი ეტაპი "ავერსმა" დაუბრკოლებლად გადალახა, თუმცა ფინალში, ბრწყინვალედ ჩატარებული გეიმის მიუხედავად, გამარჯვება "ეფექტთან" დათმო.
– სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ეწევა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, – ამბობს კობა, – სპორტული აქტივობა ავერსელების ცხოვრების ნაწილად იქცა. ორი წელია, ოფიციალურადაც ვასპარეზობთ გუნდური სპორტის ორ სახეობაში: ფეხბურთსა და კალათბურთში. ვმონაწილეობთ კომპანიებს შორის გამართულ შეჯიბრებებში, რომლებიც, შეიძლება ითქვას, უკვე გასცდა სამოყვარულო დონეს და თითქმის პროფესიულ ტურნირებად ჩამოყალიბდა. ამ ტურნირებზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება ხაზს უსვამს კომპანიის პრესტიჟს, დისციპლინას, ფასეულობებს და ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა "ავერსი" ღირსეულად წარმოვაჩინოთ. ერთმანეთის ყოველი წარმატება გვახარებს, მაგრამ კიდევ უფრო გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს აზარტს ჩვენი კოლეგებიც იზიარებენ, ჩვენ გვერდით არიან და ჩვენი წარმატებით ხარობენ.
– საქართველოში უყვართ სპორტი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება ხოლმე, რომ სპორტული ცხოვრების წესი არც ისე პოპულარულია, – ამბობს ტურნირის ერთ–ერთი ორგანიზატორი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ნინო თოდაძე, – ჩვენი ინიციატივის მიზანი სწორედ სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი დაინტერესდეს ბოულინგით და, საერთოდ, იგრძნოს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხიბლი. მიზანს მიღწეულად ჩავთვლით, თუ ადამიანებს ახალი ჰობის პოვნაში, ერთმანეთის გაცნობასა და ჯანსაღი, სპორტული ურთიერთობის დამყარებაში დავეხმარებით.