27 ივლისს „ისთ ფოინთში“, „ლებოვსკი ბოულინგ კლუბში“, სახალისო სპორტული შეჯიბრება გაიმართა: ფარმაცევტულმა კომპანიებმა ერთმანეთი ბოულინგში გამოსცადეს. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სამი კომპანიის – „გეას“, „პე–ეს–პესა“ და „ავერსის“ გუნდებმა.
– „გეა“ და „ავერსი“ ტურნირზე ორ-ორი გუნდით წარდგნენ, „პე–ეს–პე“ კი ერთით, - გვითხრა ლალი ბრეგვაძემ, „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, - შეჯიბრება ძალიან აზარტული გამოვიდა, რადგან ყველა გუნდი ძალიან ძლიერი იყო. ძალების სრული მობილიზება დაგვჭირდა, რომ მათთვის ღირსეული მეტოქეობა გაგვეწია. „გეა“, მიუხედავად შესანიშნავი თამაშისა, პირველ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს და პირველობისთვის „პე–ეს–პესა“ და „ავერსის“ გუნდები შეერკინნენ ერთმანეთს.
ყველა გუნდი იმდენად კარგად ასპარეზობდა, რომ ბოლომდე არ ვიცოდით, ვინ დაისაკუთრებდა პირველ ადგილს. მხოლოდ საბოლოო შედეგების გამოცხადებისას შევიტყვეთ, რომ გამარჯვება ავერსელებს დაგვრჩა. ჩვენი გუნდის წევრებმა მართლაც თავი არ დაზოგეს, გუნდური, ერთიანი აზარტული ასპარეზობით დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. დაძაბული ბრძოლის შემდეგ სიხარულისგან ემოციებს ვეღარ ვმალავდით.
გუნდს დიდი სტიმული მივეცით გულშემატკივრებმაც. საგანგებოდ მომზადებულები მივედით მხარდასაჭერად და მთელი თამაშის განმავლობაში შეძახილებით ვამხნევებდით. ჩვენი აზარტი და გამარჯვების ჟინი ალბათ საოცრად გადამდები იყო... ისიც უნდა აღვნიშნო, რომ „ლებოვსკი ბოულინგ კლუბში“ ძალიან კარგი გარემო დაგვხვდა ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
ყველა მონაწილე დიდი ემოციებითა და მეგობრული გრძნობებით დავშორდით ერთმანეთს.
მივესალმები ასეთ სპორტულ აქტივობებს. სულ ცოტა ხნის წინ „ავერსის“ გუნდმა გაიმარჯვა ჟურნალ „არსენალის“ ინიციატივით გამართულ ფეინთბოლის ტურნირში კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების გუნდებს შორის. გვყავს მინიფეხბურთისა და კალათბურთის საკმაოდ წარმატებული გუნდები. ერთი მხრივ, ასეთი ღონისძიებებით პოპულარიზებას ვუწევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მეორე მხრივ კი უფრო ახლოს ვეცნობით, ვუახლოვდებით და ვუმეგობრდებით საკუთარი თუ სხვა კომპანიების წარმომადგენლებს, რასაც დიდი როლის შესრულება შეუძლია ჩვენს მომავალ თანამშრომლობასა და წარმატებაში.