“ავერსი” თითოეული მოქალაქის, მათ შორის _ თავად კომპანიის თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. შესაბამისად, სპორტული აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია “ავერსისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია აქტიურად მონაწილეობს სპორტულ ღონისძიებებში, უმთავრესად კი თავად გვევლინება ასეთი ტურნირებისა და შეჯიბრებების ინიციატორად და ორგანიზატორად. ჯანმრთელი, სპორტული,
ენერგიული, ხალისიანი და, რაც მთავარია, საუკეთესო განწყობის მქონე თანამშრომლები ხომ, პირველ რიგში, თავად კომპანიის წარმატების საწინდარია. იმავდროულად კორპორატიული აქტივობები თანამშრომლებს შორის უფრო მეგობრული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს და ალბათ სწორედ “ავერსის” ხელმძღვანელობის ასეთი პოლიტიკის დამსახურებაა, რომ თითოეული ავერსელი თავს ერთი დიდი ოჯახის _ “ავერსის” წევრად მიიჩნევს.
“ავერსმა” ამჯერად ექსტრემალური სპორტის სახეობაში _ ჯომარდობაში მოაწყო შეჯიბრება. ტურნირი დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვზე გაიმართა. ღონისძიება მთლიანად “ავერსის” ხელმძღვანელობამ დააფინანსა.
შიდაკორპორატიულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ “ავერსი-ფარმას”, “ავერსი-გეოფარმის”, “ავერსი რაციონალის”, “ავერსის კლინიკისა” და სადაზღვევო კომპანია “ალფას” წარმომადგენლები.
ტურნირისა და მისი მნიშვნელობის შესახებ შეჯიბრების ორგანიზატორს _ “ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლალი ბრეგვაძეს ვესაუბრეთ:
_ ჯომარდობაში ტურნირი 23 ივლისს გაიმართა. დაგეგმილი შეჯიბრების შესახებ ინფორმაცია ორი კვირით ადრე გავავრცელეთ. განზრახული გვქონდა 60-კაციანი გუნდის შექმნა და დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვზე, ჯომარდობა, მაგრამ ტურნირში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით. საბოლოოდ 162 ავერსელი შევიკრიბეთ და დუშეთს ვესტუმრეთ.
მიხარია, რომ კორპორატიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები მრავლად არიან _ ეს იმის დასტურია, რომ კომპანიას სწორი და ეფექტური პოლიტიკა აქვს _ ცხოვრების ჯანსაღი წესი თითოეული ავერსელისთვის სისხლხორცეული გახდა.
ყველაზე აქტიური “ავერსი-ფარმა” აღმოჩნდა. მას ხუთი ექვსკაციანი გუნდი ჰყავდა წარმოდგენილი. “გეოფარმმა” სამი გუნდი შეკრიბა, “რაციონალმა”, “ავერსის კლინიკამ” და “ალფამ” კი ორ-ორი.
ჯომარდობაში სულ 90-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გულშემატკივრები კიდევ ცალკე გუნდებად იყვნენ დაყოფილნი, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ქომაგებშიც “ავერსი-ფარმა” ლიდერობდა”.
_ რა მიზანს ისახავდა ტურნირი?
_ გვსურდა, თანამშრომლებისთვის კიდევ ერთი ხალისიანი და ლამაზი დღე გვეჩუქებინა. ვფიქრობ, ეს მიზანი მიღწეულია. იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველა მონდომებული იყო და ენთუზიაზმით ელოდა ამ დღეს. საბოლოოდ მათმა რეაქციამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. არაჩვეულებრივი პეიზაჟები, მდინარის ზვირთებთან ჭიდილი, ხალისი, ხუმრობა, გართობა... ასე რომ, ვფიქრობ, ეს დღე ტურნირის თითოეულ მონაწილეს დიდხანს ემახსოვრება.
ჯომარდობა ექსტრემალური სპორტია და თავისთავად ძალიან სასიამოვნოა _ ამ დროს დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა. ექსტრემი დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს, უფრო
ენერგიულსა და შრომისუნარიანს ხდის...
როგორც ჯომარდობის სპეციალისტებმა აგვიხსნეს, ტრასა, რომელიც ჩვენთვის შეარჩიეს, არ იყო რთული _ დამწყებთათვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გახლდათ, თუმცა იყო მომენტები, როდესაც გვეგონა, რომ ნავიდან გადავცვივდებოდით, სულ მთლად დავსველდით და უზომოდ დიდი სიამოვნება მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ჩვენგანი, მათ შორის _ მეც, პირველად ვისხედით ნავში, ვერ გეტყვით, რომ გვეშინოდა, პირიქით _ მხოლოდ დადებითი ემოციებით ავივსეთ.
მეორე და მთავარი მიზანი ის გახლდათ, რომ კომპანიის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ერთმანეთს დაახლოებოდნენ. მე თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ არიან თანამშრომლები, რომელთა ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი სატელეფონო საუბრებით შემოიფარგლებოდა, ახლა კი მათ შორის თბილი, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
ბოლო დროს ჯომარდობა მოდური გახდა. ეს ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის საუკეთესო ბუნებრივი პირობებია. ქვეყნის მთავრობა ტურიზმს აქტიურ პროპაგანდას უწევს და უცხოელ თუ ადგილობრივ ექსტრემის მოყვარულებს საქართველოში საუკეთესო საჯომარდო ტრასებზე იწვევს. მით უმეტეს
მნიშვნელოვანია “ავერსის” მიერ ჩატარებული ეს ტურნირი, რომელიც მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღ წესს კი არ უწევს პოპულარიზაციას, არამედ ჩვენი ქვეყნის პოტენციურ შესაძლებლობებსაც აქტიურად აპიარებს. ექსტრიმი, დროის სასიამოვნოდ გატარება და ჯანსაღი დასვენება ყველასთვის მიმზიდველი და სასურველია.
_ რა მარშრუტი გაიარეს ჯომარდობის მონაწილეებმა?
_ სტარტი დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარიდან ავიღეთ და თვალივისკენ დავეშვით, სადაც ფინიში გველოდა. გავცურეთ 15 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი არაგვზე, რისთვისაც საათი და 20 წუთი დაგვჭირდა. მთის მდინარე ზოგან შედარებით მდორედ მიედინებოდა და ამ დროს მხოლოდ ნიჩბებს ვუსვამდით, რომ როგორმე სწრაფად წავსულიყავით წინ, თუმცა აზარტული და მეტი სიამოვნების მომგვრელი იყო ის მონაკვეთები, სადაც მდინარე სწრაფად მიედინებოდა.
_ რომელმა გუნდმა გაიმარჯვა?
_ შეჯიბრი ფორმალური იყო, იმისთვის მოვიგონეთ, რომ ტურნირისთვის
აზარტულობა შეგვემატებინა. გამარჯვებულის წოდებას დაიმსახურებდა გუნდი, რომელიც ერთკილომეტრიან მონაკვეთს ყველაზე სწრაფად გაივლიდა. ასეთი “ავერსის კლინიკის” გუნდი აღმოჩნდა. მეორე ადგილის მფლობელი “ავერსი-რაციონალი” გახდა, მესამე კი “ავერსი-ფარმამ” მოიპოვა.
გასართობი პროგრამა მათთვისაც გვქონდა, ვინც ჯომარდობაში მონაწილეობა ვერ მიიღო: ფრენბურთი, ხელბურთი... ერთი სიტყვით, გულშემატკივრებმა, რომლებიც თვალივში გველოდებოდნენ, თავადაც კარგად შეიქციეს თავი.
“ავერსის” თანამშრომლები სპორტულ ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობენ. სულ ცოტა ხნის წინ “ავერსმა” სპორტულ სპარტაკიადაში გაიმარჯვა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ შეჯიბრებებში თითქმის ყველა ცნობილი კომპანია მონაწილეობდა. “ავერსმა” სპარტაკიადის გამარჯვებულის ტიტული დაძაბულ ბრძოლებში დამსახურებულად მოიპოვა.
შიდაკორპორატიული შეჯიბრება გაიმართა ბოულინგშიც. შეჯიბრებაში “ავერსი-ფარმასთან” ერთად მონაწილეობდნენ “ავერსი-გეოფარმის”, “ავერსი რაციონალის”, “ავერსის კლინიკისა” და
“ალფას” წარმომადგენლები. გამარჯვებული ამჯერადაც “ავერსი-ფარმა” გახდა.
ასე რომ “ავერსი” სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული, როგორც კომპანიის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სექტემბრისთვის კიდევ ერთი ტურნირია დაგეგმილი. “დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ღონისძიებები თითოეული თანამშრომლის შრომისუნარიანობასაც ამაღლებს. სპორტული თამაშობა ხომ ტონუსს მატებს, ახალისებს ადამიანს. ენერგიული თანამშრომელი კი უფრო მეტად პროდუქტიულია, სამუშაოს უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდება”, _ აღნიშნა ლალი ბრეგვაძემ.
მართლაც, ჯომარდობის შემდეგ ტურნირის ყოველი მონაწილე აღნიშნავდა, რომ მსგავს ემოციებს სპორტის არც ერთი სხვა სახეობა არ იწვევს.
ჯომარდობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და სულ უფრო მეტ მიმდევარს იძენს. თავის მხრივ, “ავერსი” მის პოპულარიზაციას ხელს უწყობს _ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება სპორტით, მით უფრო ჯანსაღი მომავალი თაობები გვეყოლება.
“ავერსმა” არაგვზე ჯომარდობა გამართა
- 2011-07-23