6 ივლისს კლინიკა "მედალფას" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ესტუმრა და მოისმინა ექიმთა მოსაზრებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, დაწვრილებით გაეცნო პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობას და გარემოს, რომელსაც პაციენტებს ამ სამკურნალო დაწესებულებაში უქმნიან.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი პირები პირველი ივლისიდან საჭირო მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იღებენ.
ზაზა სოფრომაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 0–დან 100 ათასამდეა:
– მხოლოდ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკებს 700-მდე პაციენტმა მიმართა. მათ საშუალება მიეცათ, საჭირო მედიკამენტები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეეძინათ. კლინიკა "მედალფა" აქტიურად არის ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და გვსურს, ამ ჰოსპიტალური ქსელის მაგალითზე თვალი მივადევნოთ პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობას.
კლინიკაში მიღებული რეცეპტით პაციენტმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და გაიაროს ერთჯერადი რეგისტრაცია, რის შემდეგაც მას შეეძლება, 1 ლარად შეიძინოს აფთიაქში სამი თვის სამყოფი მედიკამენტები. ახალი პროგრამით სარგებლობის უფლება მოიპოვა 700 ათასამდე სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს. პროგრამის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარზე მეტია, თუმცა ტენდერები თანხების დაზოგვის საშუალებას გვაძლევს. ეს არ გახლავთ ერთჯერადი აქცია – პროგრამა მუდმივად გაგრძელდება. მეტიც – მომავალ წელს, არსებული რესურსების გათვალისწინებით, შესაძლოა გავაფართოოთ კიდეც.
ჰოსპიტალური ქსელის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა, რაც ამ პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობას უსვამს ხაზს:
– კლინიკა "მედალფაში" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე 4900-ზე მეტი პაციენტია რეგისტრირებული. ჩვენი ექიმები წარმატებით უძღვებიან პროგრამის ფარგლებში მათ სამედიცინო მომსახურებას. პაციენტი მიმართავს ამბულატორიას, სადაც რეგისტრატორები ამოწმებენ მის სოციალურ სტატუსს. მას შემდეგ, რაც სოციალურად დაუცველის სტატუსი დადასტურდება, ოჯახის ექიმი გამოწერს რეცეპტს, რომლითაც პაციენტი სოციალური მომსახურების სააგენტოში მივა ერთჯერადი რეგისტრაციისთვის. ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას შეეძლება, საჭირო მედიკამენტები მუდმივად სიმბოლურ ფასად შეიძინოს.
ანა შაკაია კლინიკა "მედალფას" ოჯახის ექიმია. მან აგვიხსნა, რომ ახალი პროგრამით ისარგებლებენ ოთხი კატეგორიის პაციენტები – ისინი, ვისაც დაუსვეს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადების, ფილტვის ქრონიკული დაავადების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისა და დიაბეტი ტიპი 2–ის დიაგნოზი.
კლინიკა "მედალფა" აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში და კვალიფიციურ მომსახურებას უწევს თითოეულ პაციენტს.
"მედალფა" ჯანმრთელობას გისურვებთ.