“ავერსის” თანამშრომლებისთვის კორპორატიული წვეულებები, შეკრებები და სპორტული შეჯიბრებები სიახლე არ არის. კომპანია ხშირად აწყობს გასართობ ტურნირებს, აღნიშნავს იუბილეებს, რაც თანამშრომლებს შორის კიდევ უფრო მეგობრულ გარემოს
ქმნის.
ამჯერად “ავერსის” ინიციატივით ბოულინგის ტურნირი ჩატარდა.
18 ივნისს ავერსელებს შორის აზარტული შეჯიბრი გაიმართა. ტურნირის მასპინძელი “ბოულინგცენტრალი” გახლდათ. ამხანაგურ შეხვერდაში მონაწილეობდნენ როგორც “ავერსი-ფარმას”, ასევე “ავერსი-გეოფარმის”, “ავერსის კლინიკის”, ავერსი-რაციონალისა” და “ალფას” წარმომადგენლები.
თითოეულმა მათგანმა 20 მოთამაშე გამოიყვანა, საბოლოოდ კი ორი, ოთხკაციანი გუნდი შექმნა, რომელიც საუკეთესო მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.
შეჯიბრის შედეგებმა აჩვენა, რომ საუკეთესო ოთხეულისაგან შემდგარი გუნდი “ალფამ” წარმოადგინა, თუმცა გუნდურ შეჯიბრში, საერთო ქულების მიხედვით გამარჯვებული “ავერსი-ფარმა” გახდა.
ქალთა შორის ბოულინგის საუკეთესო მოთამაშის ტიტული “ავერსი-ფარმას” მომარაგების მენეჯერმა ია ხაბეიშვილმა მოიპოვა.
მამაკაცთა შორის კი _ “ავერსის” საბითუმო მომსახურების განყოფილების ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელმა ბატონმა ვანო ლომიძემ. მისი თქმით, ბოულინგთან “მეგობრობა” “ავერსმა” ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიყო:
“შიდა კორპორატიულ შეჯიბრში პირველი გამარჯვებული გუნდი “ძველები” გახდა რომელიც “ავერსი-ფარმას” წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ამ ტურნირის შემდეგ კიდევ ერთი მეგობრული შეჯიბრი გაიმართა, სადაც “ავერსი” ტელეკომპანია “იმედის” გუნდს შეხვდა. ახლა კი რიგით მესამე ტურნირი ჩატარდა. მსგავსი შეჯიბრებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის.
მნიშვნელობა არ აქვს, პირველად თამაშობ თუ პროფესიონალი მოთამაშე ხარ, ბრძოლის ჟინი თამაშის დაწყებისთანავე ჩნდება, რადგან ბოულინგი საოცრად აზარტული თამაშია. ამ საქმეს ერთხელ მაინც თუ მოკიდებ ხელს,
შემდგომ ბოულინგს თავისუფალ დროს სიამოვნებით დაუთმობ” _ აღნიშნა ბატონმა ვანომ.
“ტურნირი იმდენად სასიამოვნო გარემოში ჩატარდა, რომ მართლაც დაუვუწყარი ემოციებით დავიტვირთე. ასეთი გასართობი შეჯიბრებები მნიშვნელოვანია როგორც განტვირთვისთვის, ასევე თანამშრომლების დაახლოვებისთვის და მეგობრული გარემოს შექმნისთვის. მართლაც ღირსეული მოწინააღმდეგეები მყავდნენ, გამარჯვება იოლი მოსაპოვებელი ნამდვილად არ იყო და ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს” _ აღნიშნა ქალთა შორის გამარჯვებულმა ია ხაბეიშვილმა.
ვესაუბრეთ ასევე “ბოულინგცენტრალის” მმართველ დირექტორს ქალბატონ მაკო ჯაოშვილს. მან აღნიშნა, რომ ბოულინგი ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული და მოდურიც გახდა:
“კორპორაციები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ ამ სპორტს, რადგან კომუნიკაბელური თამაშია. პოპულარული ბრენდები და კომპანიები ზრუნავენ თანამშრომლების კორპორატიული პასუხისმგებლობის
ამაღლებაზე, მათ შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისად, ხშირად აწყობენ ტურნირებს.
უნდა აღვნიშნო, რომ “ავერსელები” განსაკუთრებული აზარტულობით გამოირჩეოდნენ. ღონისძიების დაგეგმვამდე ინტენსიურად ვარჯიშობდნენ, რომ რაც შეიძლება საუკეთესო შედეგები ეჩვენებინათ.
სანახაობა კი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა არა მხოლოდ სპორტული კუთხით. ჩვენის მხრივ შევეცადეთ დაჯილდოვების ცერემონიალი კიდევ უფრო ხალისიანი და საინტერესო ყოფილიყო და ბარმენ-შოუ გავმართეთ, რამაც ძალიან დადებითი მუხტი წარმოქმნა.
თავად სპორტი ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ჩამოყალიბდა ფედერაციაც, რომლის მიზანია იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც ბოულინგში წარმატებებს აღწევს. ისეთი ტურნირები კი, როგორიც “ავერსმა” ჩაატარა, სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს”.
შეჯიბრი მართლაც მეგობრულ გარემოში წარიმართა, ტურნირის მონაწილეებისთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება, რადგან მხიარული და აზარტული შეჯიბრი ყველა ავერსელისთვის სასიამოვნო გასართობი აღმოჩნდა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
ბოულინგის შიდა ტურნირის გამარჯვებული “ავერსი-ფარმა” გახდა
- 2011-06-18