გაიხსნა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

გაიხსნა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

  • 2017-06-06

6 ივნისს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა.

სეფსისის ცენტრი, რომელსაც დამფუძნებლის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელი ეწოდა, 2014 წლის 1 თებერვალს გადავიდა კომპანია „ავერსის“ მფლობელობაში. შენობა ამორტიზებული და ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი იყო. ახალმა მფლობელმა შეძენისთანავე დაიწყო მისი აღდგენა-მოწესრიგება. 8000 კვ. მ ფართობის ძველ კორპუსს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, დაემატა 1800 კვ. მ ფასადი, გამოიცვალა წყალგაყვანილობა, გადახურვა, მოეწყო ავტოსადგომი და მიმდებარე ტერიტორია.

ვიწრო მიმართულების კლინიკა მრავალპროფილური გახდა, თუმცა კვალიფიციური პერსონალი და ტრადიციები შეინარჩუნა. ყოფილ სეფსისის ცენტრში დასაქმებულ 150 თანამშრომელს ამდენივე მიემატა. ამჟამად კლინიკაში 325 ადამიანი მუშაობს.

თანხა, რომელიც აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაშია დაბანდებული, დღეისათვის 15 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ინვესტიცია კომპანია „ავერსი-ფარმამ“ განახორციელა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით.

კლინიკა აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით, მათ შორის - PHILIPS-ის უახლესი მოდელის კომპიუტერული ტომოგრაფით, SHIMADZU-ს ციფრული რენტგენით, GENERAL ELECTRIC-ის ექოსკოპიის აპარატით. მთლიანად განახლდა პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, რეანიმაციული განყოფილებები, დაემატა ორი საოპერაციო ოთახი და სასწრაფო დახმარების სამსახური (ემერჯენსი). უახლოეს მომავალში კლინიკაში ამოქმედდება გადაუდებელი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტები. კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის ყველა პროგრამაში.

 

პაატა კურტანიძემ, კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა, მთავრობის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

- სახელმწიფომ მართლაც დიდად შეგვიწყო ხელი. ბატონი გიორგი კვირიკაშვილი ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრი იყო, როდესაც ამ პროექტის განხილვასა და დამტკიცებაში მიიღო მონაწილეობა. დიდ მადლობას მოვახსენებ ქვეყნის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს, მასთან ერთად - მთელ სამინისტროს და მთავრობას. ოთხმოცამდე ქვეყანაში ვყოფილვარ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჯანდაცვის ქართული მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ყველას აქვს საშუალება, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურება უფასოდ ან მინიმალურ ფასად მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ ბევრი კერძო დაწესებულება ჩართო ამ სისტემაში. კომპანია "ავერსი" ამის ერთ-ერთი მაგალითია.

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

- ბევრს ნიშნავს, როცა ქვეყანას აქვს ასეთი აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ჰოსპიტალი. მოხარული ვარ, რომ ეს დაწესებულება ატარებს ისეთი ღვაწლმოსილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანის სახელს, როგორიც გახლდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი. მქონდა პატივი, ერთ-ერთი მოწვევის პარლამენტში მის გვერდით მემუშავა და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორი და განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ.

ქედს ვიხრი აქაური ექიმების წინაშე, რომელთაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ. თანამედროვე აპარატურა კარგია, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ყოველგვარი საქმის წარმატება, უპირველეს ყოვლისა, მასში ჩართულ ადამიანებზეა დამოკიდებული.

ძალიან მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ავითარებს ჯანდაცვის სფეროს. ამ პარტნიორობამ მოგვცა მოდელი, სადაც ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან.

დავით სერგეენკო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი:

- ჩვენ ვიმყოფებით უდიდესი ტრადიციების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ვახტანგ ბოჭორიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი სეფსისის ცენტრი. მისი კლინიკური გუნდი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი გახლდათ. ძალიან მიხარია, რომ ახალი ინფრასტურქტურის პირობებში ამ ტრადიციის შენარჩუნება მოხერხდა. მჯერა, გუნდი ღირსეულად გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში მედიცინისა და ჯანდაცვის განვითარებაში. გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემას და გისურვებთ წამატებებს.

დავით გადელია, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი:

- ეს ყველაფერი იმისთვის არ არის გამიზნული, რომ ადამიანმა რამდენიმე წელიწადში ნახოს მოგება; ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გაკეთებული საქმეა. დიდი მადლობა ყველას, რომ სახელმწიფოს, ჩვენი ექიმებისა და "ავერსის" ალიანსი ასეთი შედეგიანი გამოვიდა.

გააზიარე: