"ავერსს" ქართული სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს – უკვე მერვე წელია მოქმედებს პროექტი, რომლის თანახმად, "ავერსის" კლინიკა და საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ერთობლივად ზრუნავენ. მათ შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ ექიმის კონსულტაცია და ჩაიტარონ გამოკვლევა. ამასთან ერთად, ექიმის გამოწერილი მედიკამენტებიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ. ამ პირობით "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის 2009 წლის 19 თებერვალს პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მას შემდეგ ყოველწლიურად იდება.
შეთანხმება წლეულსაც განახლდა. "ავერსის კლინიკაში" მის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და "ავერსის" წარმომადგენლები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა პროექტის ფარგლებში დღემდე ისარგებლეს 843 598 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 372 211 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 1 215 809 ლარს შეადგენს.
როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა, ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად:
– ტრადიცია გრძელდება. სასიხარულოა, რომ გვაქვს საშუალება, გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იღვაწეს იმისათვის, რომ საქართველო ესახელებინათ. იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა სპორტსმენებიც ასევე გაუთქვამენ სახელს.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი მართლაც წარმატებული პროექტია:
– ჩვენი თანამშრომლობა უკვე მერვე წელია გრძელდება. ამ პროგრამის ფარგლებში მრავალმა სპორტსმენმა ისარგებლა "ავერსის კლინიკის" სამედიცინო კვლევებითა და კონსულტაციებით, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი მომსახურებით. სასიხარულოა, რომ ქართულ სპორტს ისეთი დიდი ქომაგი და გულშემატკივარი ჰყავს, როგორიც გახლავთ "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე. მადლობა ბატონ პაატას ამ თანადგომისთვის.
"ავერსის კლინიკის" დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ნაკრების წევრების წარმატებული ასპარეზობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგულარული სამედიცინო მომსახურება. მოხარული ვართ, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვსო, აღნიშნა მან.
საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს – ქეთევან ნემსაძესაც ვესაუბრეთ:
– საქველმოქმედო ფონდ "ავერსისთვის" უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა როგორც მოქმედი, ისე ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს ჯანმრთელობას და გამარჯვებას ვუსურვებთ.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში სპორტსმენთა რეაბილიტაციისთვის საგანგებო ცენტრი არ არსებობს და უკვე წლებია, მათ ჯანმრთელობაზე მხოლოდ "ავერსი" ზრუნავს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლუკა (ელდარ) კურტანიძემ მადლობა გადაუხადა "ავერსის" დამფუძნებელს ამ ინიციატივისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
- პროექტი მართლაც ეროვნულ საქმეს ემსახურება. უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ პაატას. მის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი. სასიამოვნოა, რომ "ავერსი" ზრუნავს როგორც მოქმედ, ისე ვეტერან სპორტსმენებზეც, რადგან ვეტერანებს – დაფასება, ხოლო მოქმედ სპორტსმენებს სტიმული და თანადგომა სჭირდებათ.
"ავერსი" საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.