„ავერსი“ ბორჯომის ტყის აღსადგენად

„ავერსი“ ბორჯომის ტყის აღსადგენად

  • 2017-05-22

2008 წელს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა ტყით დაფარული 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მოიცვა. აქედან 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. დღეისათვის დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება ვერ ხერხდება. ტყის სრული რეაბილიტაციისთვის ადამიანის ჩარევაა აუცილებელი.
კომპანია „ავერსმა“ სიხარულით მიიღო მონაწილეობა საშვილიშვილო საქმეში. გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად! - ამ ლოზუნგით ახორციელებენ კამპანიას ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო და სტარტაპი “თრიფექსი”. „აღადგინე.გე“ კი ყველა მსურველს - კერძო პირსა თუ კომპანიას საშუალებას აძლევს, ინტერნეტის საშუალებით მარტივად ჩაერთონ აქციაში. კამპანიის მიზანი დიდია - ბორჯომის ტყის სრულად აღდგენა.
„ავერსელებმა“ ტყის აღსადგენად მხოლოდ ვირტუალური მონაწილოება არ იკმარეს და 20 მაისს ნერგების დასარგავად ბორჯომში, სოფელ დაბაში ჩავიდნენ.
ლალი ბრეგვაძე, „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
- „ავერსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ყოველთვის მონაწილეობს მსგავს აქტივობებში. როგორც კი ჩვენმა კომპანიამ შეიტყო ამ არაჩვეულებრივი აქციის შესახებ, მომენტალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეძინა 500 ნერგი. „ავერსის“ თანამშრომლები ჩავედით აქციის ადგილზე, სოფელ დაბაში, და სიმბოლურად დავრგეთ რამდენიმე ნერგი. ვფიქრობ, ამ აქციაში მთელი ერი ერთსულოვნად უნდა ჩაერთოს, ყველამ თუნდაც ერთი ხე მაინც უნდა დარგოს ბორჯომის ხეობის ულამაზესი ბუნების გადასარჩენად.
ბაჩო ხაჩიძე, „ადადგინე.გეს“ დამფუძნებელი:
- „აღდგინე.გე“ ხის დარგვის ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ სრულად აღვადგინოთ ბორჯომის გადამწვარი ტერიტორია. აქციაში მონაწილეობა მარტივია, სახლიდან გაუსვლელედ, ელექტრონული პლატფორმის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხის დარგვა სულ ერთი დაწკაპუნებით. დღესდღეობით, სულ რაღაც ორ კვირაში დარგულია 24 000 მდე ნერგი. აქციაში ჩაერთო 2 ათასამდე ფიზიკური პირი და ასზე მეტი კომპანია.
თამარ ზამთარაძე, კომპანია „აღადგინე.გეს“ ორგანიზატორი:
- „ავერსი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ აქციაში ჩაერთო. მიზანი დიდი გვაქვს - დასარგავია 750 ათასი ხე. ეს არის ის რაოდენობა, რაც ტერიტორიის სრულად აღსადგენადაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის, თითოეული კომპანიის ჩართულობა. დიდი იმედი მაქვს, ამ საქმეს ერთიანი ძალებით წარმატებით დავაგვირგვინებთ.

გააზიარე: