ავერსის ლანჩხუთის კლინიკაში კატარაქტის ოპერაციები გაკეთდა

ავერსის ლანჩხუთის კლინიკაში კატარაქტის ოპერაციები გაკეთდა

  • 2008-10-30

კომპანია ავერსის საქვეყნოდ ცნობილი საქველმოქმედო პროექტი “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს” წარმატებით გაგრძელდა ავერსის ლანჩხუთის კლინიკაში. მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ავერსის კლინიკის ექიმების მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი პეტრიაშვილის მიერ კახა თავართქილაძის და ნანა კვაჭაძის ასისტენციით შესრულებული 16 ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე წარიმართა და სასურველი შედეგებით დასრულდა. 
     აქციის მონაწილეებს კომპანია ავერსმა უნიკალური შანსი მისცა – მაღალხარისხიანი (გერმანული კომპანიის ალკონის მიერ ნაწარმოები) საოპერაციო მასალებით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით და უნიკალური ხელოვნური ბროლით სრულიად უსასყიდლოდ წართმეული თვალისჩინი დაუბრუნა. ოპერაციები შესრულდა ლანჩხუთის ავერსის კლინიკის ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ამ და სხვა სახის ოპერაციული თუ სხვა სამკურნალო პროცედურების წარმოებისათვის. საოპერაციო აღჭურვილობა – მიკროსკოპული ტექნიკა ავერსის კლინიკის აპარატურაა და მისი გამოყენებით შესრულდა 100 – ზე მეტი ანალოგიური ოპერაცია მარნეულის ავერსის კლინიკაში. ამ დღეს მოუთმენლად ელოდნენ ლანჩხუთელები. “ბატონმა პაატა კურტანიძემ და ავერსის კლინიკის ხელმადლიანმა პროფესორებმა დიდი ხნის ნატვრა ამისრულეს” – განაცხადა 79 წლის ციცინო გოგიბერიძემ, რომელსაც პრაქტიკულად ბრმა თვალი აეხილა კატარაქტის გამო გაკეთებული ოპერაციის შედეგად. დიდხანს ლოცავდნენ კომპანია ავერსის დამფუძნებელს და კლინიკის ექიმებს სხვა პაციენტებიც, რომლებსაც ხელმოკლეობის გამო აქამდე საშუალება არ ჰქონდათ მსგავსი ოპერაცია ჩაეტარებინათ.

გააზიარე: