აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ პედიატრებს უმასპინძლა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ პედიატრებს უმასპინძლა

  • 2017-05-01

28 აპრილს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში" პედიატრიული კონფერენცია გაიმართა, რომელიც  მწვავე  ვირუსულ ინფექციებს ეძღვნებოდა. აუდიტორიის წინაშე თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის" პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი მალვინა ჯავახაძე წარსდგა. ლექცია-სემინარის თემა გახლდათ: "ვირუსული ინფექციები – მითი და რეალობა".

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად დაეთვალიერებინათ კლინიკაში ახლად გახსნილი პედიატრიული დეპარტამენტი, რომელიც 15 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ამოქმედდა. განყოფილება 30 საწოლზეა გათვლილი. კეთილმოწყობილი პალატები; თანამედროვე ინფრასტრუქტურით – ჰაერის გამწოვი მექანიზმითა და ვენტილაციით აღჭურვილი ბოქსირებული სექტორი და კვალიფიციური კადრები სანდო და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ქმნის. კედლები ბავშვების საყვარელი მულტიპლიკაციური გმირებით არის მოხატული... ერთი სიტყვით, აქ ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ პატარა პაციენტებმა და მათმა მშობლებმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

­ – "განახლებული კლინიკა  იმ დიდი ტრადიციების მემკვიდრე და მატარებელია, რასაც ჩვენმა მასწავლებელმა, აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ყველამ ერთად გავიარეთ მძიმე პერიოდი _ 90-იანი წლები, როცა სამედიცინო დაწესებულებები სახელმწიფოს კუთვნილება იყო და ქვეყანას არ ჰქონდა კლინიკების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსები და სახსრები... ამ დროს ჩვენი კლინიკა  სრულიად გაპარტახდა. იძულებული გავხდით პედიატრიული სერვისების მიწოდება შეგვეჩერებინა. დღეს ჩვენს შეხვედრას სადღესასწაულო ელფერიც დაჰკრავს: 15 წლის შემდეგ შევძელით აგვეღორძინებინა პედიატრიული დეპარტამენტი. თანაც როგორი! დამფუძნებელს _ ბატონ პაატა კურტანიძეს არ დაუშურებია დრო და ფინანსები, უშუალოდ იყო ჩართული, რომ პაციენტებისთვის _ ბავშვებისთვის ინტერიერის  სილამაზითა და კომფორტით  რამდენადმე შეემსუბუქებინა საავადმყოფოში წოლის სიმძიმე. ყველა კუთხე-კუნჭული დიდი სიყვარულით არის გაკეთებული, რადგან მოავადე ბავშვი კლინიკაში რომ შემოდის, უცხო გარემო და ავადმყოფობა, მისთვის თავისთავად დიდი  სტრესია. ვიზრუნეთ, რომ მათთვის მაქსიმალურად თბილი ატმოსფერო შეგვექმნა.

დავიბრუნეთ ყველა ის ექიმი, რომლებიც პედიატრიული განყოფილების გაუქმების გამო, იძულებული იყვნენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა. მივიღეთ რამდენიმე გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა.

გადამდები დაავადებებისთვის გვაქვს ბოქსირებული სექტორი, სადაც არის ყველა თანამედროვე პირობა – გამწოვები, ჰაერის წნევის რეგულატორით. კლინიკაში ფუნქციონირებს როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა რეანიმაციული განყოფილება.

მოზრდილთათვის მოქმედებს ქირურგიული დეპარტამენტი, გინეკოლოგია ფართო სპექტრით გვაქვს წამოდგენილი, განსაკუთრებით ხშირად მშობიარობის შემდგომი სეფსისების სამკურნალოდ მოგვმართავენ. დაგეგმილია ბავშვთა ქირურგიის და სისხლძარღვების ქირურგიის განყოფილებათა დამატება. ასევე, უროლოგიური სერვისების მიწოდება...

საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტს ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება  შეუძლია სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებისა და კერძო დაზღვევის პირობებით".

კომენტარი ლექცია-სემინარის მომხსენებელს და პედიატრიული  დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ მალვინა ჯავახაძესაც ვთხოვეთ:

– "პედიატრიული დეპარტამენტი მოემსახურება 18 წლამდე ასაკის ბავშვებს რომლებსაც აქვთ ხანმოკლე ან ხანგრძლივი ცხელება, აქვთ დიარეა, ნაწლავთა დისფუნქცია, გამონაყარი, სხვადასხვა სისტემის ანთებითი დაავადებები. კლინიკაში მოსულ პაციენტს პირველ ეტაპზე ჩაუტარდება გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, შემდგომ ან ბინაზე გაეწერება, ან მოთავსდება სტაციონარში,  მძიმე შემთხვევაში კი – რეანიმაციაში. ჩვენს კლინიკაში ყველა საყოველთაო პროგრამა მუშაობს, პაციენტები ისარგებლებენ სახელმწიფო და კერძო დაზღვევითაც.

– ქალბატონო მალვინა, დღევანდელი სემინარის შესახებ გვესაუბრეთ...

– ჩატარდა კონფერენცია არსებულ ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული. დღეს აუდიტორიამ თავადვე დაამტკიცა, რომ ეს თემა მათთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი  იყო. სემინარს ესწრებოდნენ ოჯახის ექიმები, სხვადასხვა საოჯახო ცენტრის სპეციალისტები, თერაპევტები, პედიატრები, ინფექციონისტები...

ვირუსული ინფექციები მზარდი და სერიოზული პრობლემაა მედიცინაში, მაშინ როდესაც სწრაფი ტემპით აღმოცენდება ახალ-ახალი ვირუსები და, შესაბამისად, იცვლება დაავადების კლინიკა და მიმდინარეობა. დიაგნოსტიკა რთულია, უპირატესად კლინიკურ ნიშნებს ეფუძნება... ჩვენი ლექცია-სემინარი მიეძღვნა ენტეროვირუსული და პარვოვირუსული ინფექციების კლინიკურ მიმდინარეობას, და, აგრეთვე, გრიპის არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს".

შეკრებილი აუდიტორია კლინიკაში დანერგილი ტექნოლოგიებითა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებით აღფრთოვანებას არ მალავდა...

გააზიარე: