თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის მე-4 კურსის ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტებმა "ავერსი-რაციონალის" უკეთ გაცნობისა და საწარმოს დათვალიერების სურვილი გამოთქვეს.
12 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი სასწავლო პრაქტიკას კომპანია "ავერსის" ბაზაზე გადის, გარდა ამისა, "ავერსი-რაციონალის" მიმართ მათი ინტერესი იმითაც აიხსნება, რომ ფარმაციის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტები ერაყის მოქალაქეები არიან; ეს ქვეყანა კი ქართული საწარმოს პროდუქციის ერთ-ერთ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. შესაბამისად, სტუდენტებისთვის "ავერსი-რაციონალის" ახლოს გაცნობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, არა მხოლოდ პროფესიული ინტერესის გამო.
ჯგუფი საწარმოს 3 აპრილს ეწვია, გაეცნო მის მიღწევებსა და ისტორიას. სტუდენტებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და საწარმოო ზონა, ადმინისტრაციული კორპუსი და საწყობები...
_ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში განათლებამიღებული ფარმაცევტები თავიანთ სამშობლოში პროფესიული საქმიანობისას, " ავერსი-რაციონალის" პროდუქციისადმი ამ ვიზიტით განმტკიცებულ ნდობის ფაქტორს აუცილებლად გაითვალისწინებენ _ აღნიშნა "ავერსის" სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ლალი დათეშიძემ.
ვიზიტორებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
მაჰმუდ ასო ლუკმან მაჰმუდი ჩვენს თხოვნას სიამოვნებით გამოეხმაურა:
_ მომავალი ფარმაცევტი ვარ და პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე არაერთი საწარმო მაქვს ნანახი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ "ავერსი-რაციონალმა" განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
ყველა განყოფილებას დეტალურად გავეცანით. მაღალი ტექნოლოგიები და, განსაკუთრებით, ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სანდოობისა და მაღალი ხარისხის ნამდვილ გარანტად შეიძლება ჩაითვალოს.
ის მიღწევები და საერთაშორისო აღიარება, რასაც საწარმოს სერტიფიკატები ცხადყოფს, მაღალი ხარისხის უტყუარი საბუთია.
"ავერსი-რაციონალი" უდავოდ მაღალი დონის საწარმოა, რომლის პროდუქცია ნდობას ნამდვილად იმსახურებს.