“ავერსი” წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს

“ავერსი” წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს

  • 2017-01-09

საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში, ტრადიციად იქცა სოციოლოგიურ კვლევაზე დამყარებული კონკურსები, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს მოქალაქეები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით ავლენენ. ასეთ კონკურსში მონაწილეობა, თითოეული კონკურსანტისთვის, რა თქმა უნდა პრესტიჟულიც არის და სტიმულის მიმცემიც. ამასთანავე, საზოგადოების მხრიდან აღიარება, იმ კომპანიებისა თუ ცალკეული ადამიანების დაფასებაა, რომლებმაც წლის განმავლობაში საკუთარი საქმიანობით ქვეყნის მოქალაქეებს თავი დაამახსოვრეს.

ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" (GHN) საუკეთესო კომპანიების, საზოგადო მოღვაწეებისა და ორგანიზაციების გამოვლენის ღონისძიება პირველად 10 წლის წინ გამართა, მას შემდეგ წლის რჩეულთა "ოქროს პერგამენტით" დაჯილდოება ტრადიციად იქცა. 

"ოქროს პერგამენტი - 2016"-ის დაჯილდოების ცერემონიალი წლეულს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა.

კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდნენ - სულ 2157 რესპონდენტი გამოიკითხა. წლის ადამიანებისა და კომპანიების "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო.

ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და "ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.   

წლის კომპანიად „ავერსი“ დასახელდა. ის უკვე 22 წელია საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერად გვევლინება. დღეს მისი სააფთიაქო ქსელი 230-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს, თუმცა კომპანიის საქმიანობის არეალი აქ არ სრულდება:

- ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი" ამ ბრენდის ერთ-ერთი ძლიერი რგოლია, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ISO 9001 (Quality Management Systems - Requirements და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

- მასშტაბური პროექტი - "ავერსის კლინიკათა" ქსელის მშენებლობა "ავერსის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წამოწყება გახლდათ. 2013 წელს "ავერსის კლინიკას" გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD - ISO სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა.

- "ავერსის" წარმატებული პროექტების რიცხვშია კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის რეკონსტრუქცია და მათი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის სამედიცინო დაწესებულებად ფორმირება.

- "ავერსმა" სადაზღვევო ბაზარზეც დაიმკვიდრა თავი და დაზღვეულთა ჯანმრთელობისა და სიმშვიდის გარანტად იქცა.

- კომპანია დღეს საქართველოში ერთ-ერთ უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი შეაქვს. "ავერსში" დასაქმებულთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა.

"ავერსის" მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის ნაკარნახევი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კომპანიამ საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელი დაიმკვიდრა - სოციალურად დაუცველი ფენების მხარში დგომა და დახმარება "ავერსის" მესვეურთა კეთილი ნების გამოხატულებაა.

კომპანია "ავერსმა" დაარსების დღიდან უამრავი მადლობის ფურცელი, სიგელი და სერტიფიკატი მიიღო, როგორც ქველმოქმედმა, წარმატებულმა და ცნობადმა ბრენდმა

გააზიარე: