ავერსი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქმიანობას აფართოებს

ავერსი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქმიანობას აფართოებს

  • 2016-12-12

12 დეკემბერს „ალფას“ ცენტრალურ ოფისში  „ავერსთან“ ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა  (EBRD ), რომლის თანახმად IFC და  EBRD  კომპანია „ავერსს“ საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაფართოებაში  ხელს შეუწყობენ.

როგორც კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილი სესხი „ავერსის“ კლინიკების განვითარებას, უახლესი ტექნოლოგიების შეძენასა და თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება:

- საქართველოში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებზე დიდი მოთხოვნაა, რადგან პაციენტებს უმაღლესი ხარისხის  მომსახურების მიღება სურთ.  კადრების მხრივ, ჩვენს ქვეყნაში ყოველთვის მაღალი პოტენციალი იყო და დღესაც ასეა, თუმცა მაღალი დონის სერვისის მიწოდება მხოლოდ თანამედროვე აღჭურვილობით არის შესაძლებელი. ამ ტექნოლოგიების შესაძენად კი დიდი მოცულობის თანხებია საჭირო. ამასთან,  სხვადასხვა გათვლებით, ყოველწლიურად,  საზღვარგარეთ მოქალაქეების მკურნლობაზე ქვეყნიდან 200 მილიონი დოლარი გაედინება. დამეთანხმებით, ამ თანხის დახარჯვა ჩვენსავე ქვეყანაში თუ მოხდება, მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ბიუჯეტს და პაციენტსაც, ფინანსების დაზოგვის თვალსაზრისით.  ეს სასიკეთო იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვისაც – დადებითად იმოქმედებს  ლარის კურსის გამყარებაზე.

ამ სოლიდური ინვესტიციების დამსახურებით ჩვენ შევძლებთ პაციენტებს სრულად მივაწოდოთ ის სერვისები, რის მისაღებად მათ საზღვარგარეთ უწევთ გამგზავრება.  სესხი მთლიანად კლინიკების განვითარებასა და ახალი აპარატურის შეძენას მოხმარდება. სესხის ვადა ექვსნახევარ წელიწადზეა გათვლილი და, ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში  არ მოხდება ძირის გადახდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგი ხელშეწყობაა საიმისოდ, რომ  მოსალხეობას სამედიცინო მომსახურება უახლესი ტექნოლოგიებით მივაწოდოთ.

ასეთი ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც.

ხელშეკრულებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  (IFC ) რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში იან ვან ბილსენმა მოაწერა ხელი.  მან აღნიშნა, რომ „ავერსთან“ საქმიან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალი ხელშეკრულება კიდევ არაერთ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკას შემატებს საქართველოს:

- შეღავათიანი სესხი კერძო სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ემსახურება.  კერძო სექტორის წახალისება აუცილებელია,  რადგან თავის მხრივ, კერძო სექტორმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. მართალია, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა წელს საშუალოდ 3 % იქნება, თუმცა ოპტიმისტები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი მომდევნო წლებში აუცილებლად გაიზრდება. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისადმი კეთილგანწყობა იგრძნობა და ეს დადებითი ტენდენციაა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ კი აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში 18 მილიონი ევროს მობილიზება მოხდება:

- ამ თანხის განკარგვის მიზნობრიობა ორი მიმართუელბით იკვეთება: პირველი _ აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ონკოლოგიური დაწესებულება, რომელიც პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს. მეორეს მხრივ კი, თელავში თანამედროვე აღჭურვილობის ამბულატორიული კლინიკა გაიხსნება, რომელიც რეგიონში უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების ცენტრი გახდება.  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიზანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და კერძო სექტორის წახალისებაა.  ეს თანამშრომლობა ყველა მხარისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ავერსი“ 22 წელია არსებობს ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო კომპანიაა საქართველოში, რომლის მფლობელობაში შედის  232 აფთიაქით წარმოდგენილი სააფთიაქო ქსელი; ასევე,  კლინიკათა ქსელი, რომელიც 25 ფილიალს მოიცავს. ის   ISO 151 89 სერტიფიკატის მფლობელია. „ავერსის“ ლოგოს ქვეშ არის გაერთიანებული მსოფლიო დონის ფარმაცევტული წარმოება „ავერსი-რაციონალი“, რომელიც, ასევე,  ევროიპული GMP-ისა და  მერიკული  FDA და ISO საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელია. „ავერსის“ მფლობელობაშია კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც  მაღალტექნოლოგიურ, პოლიპროფილურ საავადმყოფოს წარმოადგენს; ასევე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისისა და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა და ჰოსპიტალური ქსელი "მედალფა", რომელიც, თავის მხრივ,  4 მრავალპროფილურ საავადმყოფოს და 2 პოლიკლინიკას აერთიანებს.

„ავერსი“ ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარით ავსებს. კომპანიაში  დასაქმებულია 8000-ზე მეტი ადამიანი.

„ავერსი“ მუდამ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზეა.

გააზიარე: