"ავერსის" გუნდი და "ფილიფსი" სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ

  • 2016-11-25

24 ნოემბერს "ავერსის კლინიკის" ცენტრალურ ფილიალში ახალი კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, ასევე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადიაგნოსტიკო ოთახებისა და ჰიბრიდული საოპერაციოს პრეზენტაცია შედგა. ეს განყოფილებები "ფილიფსის" უახლესი აპარატურით დაკომპლექტდა. გრანდიოზულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე სპეციალისტები.

კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ სტუმრებს "ავერსის კლინიკის" სიახლეები თავად წარუდგინა:

- ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მოსახლეობას მსოფლიოში დანერგილი სამედიცინო სიახლეები მუდმივად მივაწოდოთ. ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კორპუსი სწორედ ამ მიზნით აშენდა.

"ავერსის" კლინიკების პრინციპი ასეთია: მხოლოდ საუკეთესო _ ბოლო მოდელის ტექნოლოგიები უნდა შევიძინოთ, რადგან მედიცინა სწრაფად განვითარებადი დარგია და მსოფლიოს სტანდარტებს არ უნდა ჩამოვრჩეთ. "ფილიფსთან" თანამშრომლობის უკვე მრავალწლიანი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, რადგან ეს კომპანია ერთ-ერთი პირველია სამედიცინო აპარატურის მწარმოებელ კომპანიებს შორის.

პირველი ჰიბრიდული საოპერაციო შვეიცარიაში 2011 წელს სწორედ "ფილიფსის" ხელშეწყობით გაკეთდა. და დღეს ჩვენთან კიდევ უფრო გაუმჯობესებული საოპერაციო ფუნქციონირებს, რაც, პირველ რიგში, "ავერსის" და "ფილიფსის" პარტნიორობის შედეგია. მადლობა უნდა გადავუხადო "ავერსის კლინიკის" თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყველაფერს პირველ რიგში პაციენტების ინტერესებიდან, შემდეგ კი საკუთარი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ, თავს არ ზოგავენ "ავერსის კლინიკის" და ქვეყნის წინსვლისათვის. ასეთი მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მკურნალობა პაციენტსაც და სახელმწიფოსაც უფრო იაფი უჯდება, რადგან პაციენტი ინარჩუნებს შრომისუნარიანობას და მას დამატებით მხარდაჭერა სახელმწიფოსგან აღარ სჭირდება.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კარგია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც. პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის დასაფინანსებლად ქვეყნიდან ყოველწლიურად 200 მილიონი დოლარი მაინც გაედინება, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია. თუ ჩვენ მსოფლიო ნოვაციებს ფეხდაფეხ მივყვებით, პაციენტებს საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ, შესაბამისად, არც ვალუტა გაედინება ქვეყნის გარეთ, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება.

რა თქმა უნდა, თანამედროვე აპარატურა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგალითად, საოპერაციოს აღჭურვილობისთვის 2 მილიონი ევრო დაიხარჯა, თუმცა, ეს მკურნალობის საფასურზე ყველაზე ნაკლებად აისახება.

მოხარული ვართ, რომ ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ასეთი მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიიღონ და, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, კომპანიისა და ქვეყნის ინტერესებისთვისაც.

"ფილიფსის" კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი, ალექსანდრე ტურლიჩკინი მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ. მან აღნიშნა, რომ "ავერსი" ყველაზე წარმატებული, სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა და რომ "ფილიფსისთვის" ასეთი პარტნიორობა განსაკუთრებით ღირებულია:

- "ავერსის კლინიკაში" წარმოდგენილია აპარატურა, რომელსაც "ფილიფსი" აწარმოებს, ეს ტექნოლოგიები არაინვაზიური და ინვაზიური ოპერაციების ერთობლივად ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. უახლესი მეთოდები, უპირველეს ყოვლისა, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე ინერგება, რადგან ამ მიდგომების დამსახურებით მათ კლინიკაში დაყოვნება დიდი ხნით აღარ უწევთ, არამედ ოპერაციის დღესვე, თავისი ფეხით ბრუნდებიან შინ. აქ ყველაფერია პაციენტების და კლინიკის თანამშრომლების მაქსიმალური კომფორტისთვის. მინდა კიდევ უფრო დიდი წარმატება ვუსურვო "ავერსის" გუნდს, რადგან ეს კომპანია მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს". 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა:

_ ჩვენი ამოცანაა, რომ სამედიცინო სფერო ხარისხზე იყოს ორიენტირებული. რაც დღეს "ავერსის" კლინიკაში ვნახეთ, სწორედ რომ საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისია. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობას  ასეთი მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნება. მედიცინა სწრაფად ვითარდება და სასიხარულოა, რომ ქართული სამედიცინო სფერო, "ავერსის" სახით, ასე ფეხდაფეხ მიჰყვება მსოფლიო ნოვაციებს.

"ავერსის კლინიკის" ცენტრალურ ფილიალში დამონტაჟდა მსოფლიოში საუკეთესო, სრულად ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი "Philips Ingenia 3,0 Tesla _ Best is class" რომელიც მრავალი უპირატესობით გამოირჩევა - მაღალი ხარისხის ციფრული გამოსახულება სწრაფად ფორმირდება და მოკლე დროში მთელი სხეულის კვლევა ხდება შესაძლებელი, აპარატი მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა ნევროლოგიის, ონკოლოგიის და კარდიოლოგიის სფეროში, სკანირების დროც შემცირებულია. 

როგორც "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, Philips Ingenia 3,0 Tesla რადიოლოგიის სპეციალისტების მიერ უმაღლესი კლასის აპარატად არის აღიარებული და მისი ფლობის ფუფუნება მსოფლიოს ბევრ წამყვან კლინიკას ჯერ კიდევ არ აქვს.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მოწვეულ სტუმრებს "ავერსის კლინიკაში" გააცნეს გახლავთ ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც ასევე უახლესი სიტყვაა სამედიცინო რეალობაში.

საოპერაციო ოთახში ინტეგრირებულია ყველა სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც საჭიროა მინიმალურად ინვაზიური და ღია ოპერაციების ერთდროულად ჩასატარებლად. უმაღლესი დონის "philips Allura Clarity"  ანგიოგრაფიის სისტემის მეშვეობით გამოსხივების სიმძლავრის 75%-მდე შემცირდა, ამავდროულად, ოპერაციის მსვლელობისას საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღება გახდა შესაძლებელი.

საოპერაციოში დამონტაჟებული რენტგენის ულტრათანამედროვე აპარატი ოპერაციის მსვლელობისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის შესაძლებლობას იძლევა.

"ავერსი" მუდმივად ზრუნავს პაციენტების კომფორტსა და ჯანმრთელების სწრაფი გაუმჯობესებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.

"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

 

გააზიარე: