“ავერსმა” კიდევ ერთი წარმატებული წელი მოიტოვა უკან. 14 ნოემბერს კომპანია 22 წლის გახდა და დაბადების დღე რამდენიმე საინტერესო აქციით აღნიშნა: ყველამ, ვინც ამ დღეს ესტუმრა “ავერსის” აფთიაქს, მედიკამენტები 22%-იანი ფასდაკლებით შეიძინა, ხოლო ყოველ 22-ე მომხმარებელს “ავერსის” 20-ლარიანი ბარათი გადაეცა საჩუქრად. დღის ბოლოს კი კომპანიის თანამშრომლებმა “ავერსის კლინიკაში” მოიყარეს თავი და უანგაროდ ჩააბარეს სისხლი.
მოხალისეთა შორის გახლდათ “ავერსი-ფარმას” გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე:
– ავერსელები დიდი ხანია ვმონაწილეობთ აქციაში “გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო დაწესებულებას ნებაყოფლობით ვაბარებთ სისხლს. ასე ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ, ვისთვისაც სისხლი აუცილებელია. ამაში არაფერია სატრაბახო – განსაცდელში მყოფთა დახმარება თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალია.
“ავერსის” მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკა იაშვილმა სისხლი მეხუთედ გაიღო:
– სისხლის დონორობა ნებაყოფლობითი ნაბიჯია გასაჭირში მყოფთა გადასარჩენად. ერთი მათგანის გადარჩენაც კი ბევრს ნიშნავს... დღეს “ავერსის” დაბადების დღეა და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ სწორედ ამ აქციაში მონაწილეობით ვასხამთ ხორცს “ავერსის” მთავარ მიზანს – ადამიანების ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.
14 ნოემბერს “ავერსის კლინიკაში” კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
7 ნოემბერს კომპანიამ გამოაცხადა ბავშვთა ნახატების კონკურსი, რომელშიც 12 წლამდე ასაკის 150-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ “ავერსის” სიმბოლო – მტრედი უნდა დაეხატათ.
“ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღიარა, რომ ასეთ აქტიურობას არ ელოდნენ. კონკურსის პირობების თანახმად, ორი გამარჯვებული უნდა დაესახელებინათ: ერთი – ფეისბუქმომხმარებლების, მეორე კი “ავერსის” რჩეული, – მაგრამ კომპანიამ იმდენი შესანიშნავი ნამუშევარი მიიღო, რომ ორი საუკეთესოს ამორჩევა ძალიან გაუჭირდათ და საბოლოოდ კონკურსის ოთხ მონაწილეს გადასცეს ჯილდო.
“ავერსის” რჩეული დავით ხუბულური გახდა.
– დავხატე მტრედი და გული და გულში ჩავხატე საქართველო, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ის თითოეული ქართველის გულშია. კონკურსში სწორედ ამ იდეით გავიმარჯვე და ძალიან მიხარია, – გვითხრა დავითმა.
ფეისბუქმომხმარებლების ფავორიტი კი ზუგდიდელი ანუკი ესართია აღმოჩნდა. ის, ისევე როგორც დავითი, “ავერსმა” აიპადითა და “ბებლის” საბავშვო ნაწარმით დააჯილდოვა.
“ბებლის” სასაჩუქრე ნაკრები მიიღო ფეისბუქმომხმარებელთა მიერ არჩეულმა კიდევ ორმა კონკურსანტმა – მარიამ ლატარიამ და ელენე ბარქაიამ.
ლალი ბრეგვაძემ ბავშვებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა. პატარა მხატვრებმა საკუთარი ნახატებით გაფორმებული შესანიშნავი ტორტიც დააგემოვნეს.
– “ავერსის” იუბილეს აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება დავგეგმეთ, – გვითხრა ლალი ბრეგვაძემ– მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია სისხლის გაღების აქცია, რომელშიც ავერსელებმა სიხარულით მივიღეთ მონაწილეობა. დაახლოებით ორი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს ბლანდელმა ადამიანს პირველად გადაუსხა სისხლი. პროცედურა მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა – მაშინ არავინ იცოდა, რომ თითოეული ადამიანისთვის მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის სისხლის გადასხმა შეიძლებოდა. ახლა სისხლის გადასხმა მარტივ, თუმცა მნიშვნელოვან პროცედურად მიიჩნევა და სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ჩვენ მიერ უანგაროდ გაღებულმა სისხლმა თუნდაც ერთ ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე.