სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2012 წლიდან აწარმოებს კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრს და ყოველწლიურად ადგენს საიმედო, მაღალი სტანდარტებისა და კრიტერიუმების მქონე კომპანიების თეთრ სიას.
კომპანია „ავერსი“ ამ სიაში პირველად 2012 წლის 13 სექტემბერს მოხვდა.
კომპანიის სახელმწიფო შესყიდვებზე პასუხისმგებელმა მენეჯერმა ფიქრია პეტრემღვდლიაშვილმა განმარტა, რომ თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრია. ამ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს შეუძლია, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას კანონით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით ისარგებლოს.
_ თეთრ სიაში მოსახვედრად მიმწოდებელი განსაზღვრულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მოთხოვნათა ნუსხა საკმაოდ ვრცელია, ამიტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში მოხვედრა ადვილი არ არის. მაგალითად, 2015 წელს სააგენტომ მხოლოდ 27 მიმწოდებელი კომპანია დაარეგისტრირა.
„ავერსი“ ამ კრიტერიუმებს ზედმიწევნით აკმაყოფილებს. შესაბამისად, ის დამსახურებულად იკავებს სიაში კუთვნილ ადგილს. აქვე გეტყვით, რომ „ავერსი“ ჯერჯერობით ერთადერთი დიდი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში მოხვდა.
სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი კომპანია განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობს.
თეთრ სიაში რეგისტრაცია კომპანიის კარგ რეპუტაციაზე, გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და სანდოობაზე მიუთითებს.