30 ივლისს არაგვზე კომპანია „ავერსის“ უკვე ტრადიციად ქცეული ჯომარდობა გაიმართა. მეექვსე წელია, ავერსელები წელიწადში ერთ დღეს სპორტის ამ სახეობას უთმობენ. ღონისძიებებს, რომლებიც „ავერსის“ თანამშრომლებს განტვირთვისა და ოფისის გარეთ ურთიერთობის საშუალებას აძლევს, კომპანიის დამფუძნებელი, ბატონი პაატა კურტანიძე, წარმატების მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს. ის ამბობს, რომ ასეთი აქტივობები აუცილებელია, რათა პერსონალს გუნდური სული და საერთო საქმის კეთების სურვილი განუმტკიცდეს. ამ დღეს იგი თავადაც ავერსელებთან ერთად, არაოფიციალურ გარემოში ატარებს.
– რამდენიმე წელია, „ავერსი“ თანამშრომლებისთვის მართავს საჯომარდო ტურნირს, რომელიც თითოეული ავერსელისთვის ძალიან სასიამოვნო მოვლენაა. ეს, ერთი მხრივ, აზარტული სპორტია, მეორე მხრივ კი დასვენება. ყველაფერთან ერთად, ვეცნობით ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას... თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი ჩვენი თანამშრომლების შრომის ნაყოფიერებაზეც აისახება. ამ დღეს ისინი ისვენებენ, ენერგიით ივსებიან და საქმესაც უფრო უკეთ ართმევენ თავს. „ავერსის“ მთავარი საზრუნავი მოსახლეობის ჯანმრთელობაა, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და „ავერსის“ თანამშრომლებმა თვითონვე უნდა მისცენ სხვებს ამის მაგალითი. დღევანდელი დღეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ყველა ხედავს, როგორი სიამოვნების მიღება შეიძლება ცხოვრების ჯანსაღი წესით.
ლალი ბრეგვაძემ, „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ „ავერსმა“ კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე აჩუქა:
– ძალიან ლამაზი, ხალისით აღსავსე დღე გამოვიდა. ავერსელებმა საოცრად ძლიერი გუნდური სულისკვეთება გამოამჟღავნეს. თითოეული ჯგუფი ბოლომდე იბრძოდა გამარჯვებისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატას, რადგან კიდევ ერთხელ მოგვცა საშუალება, ეს დღე ერთად გაგვეტარებინა და კიდევ უფრო დავახლოებოდით ერთმანეთს.
ირაკლი ფურცელაძე, „ავერსი–ფარმას“ გენერალური დირექტორი:
– ჯომარდობა „ავერსისთვის“ უკვე ტრადიციად იქცა. ნავებში ჩასხდომით დაწყებული, უგემრიელესი სადილით დამთავრებული, ყველაფერი, როგორც ყოველთვის, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და ჯომარდობის ჯგუფს, რომელიც ასე შესანიშნავად უწევს ორგანიზებას ჩვენს ყოველწლიურ ტურნირს. ვფიქრობ, ღონისძიების მთავარი მიზანი მიღწეულია – თანამშრომლები ეპაექრებიან და უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, რაც მათ მომავალში სამსახურებრივი სირთულეების გადალახვასაც გაუადვილებს. მიმაჩნია, რომ კომპანიის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდის წევრებს უყვარდეთ ერთმანეთი და ერთმანეთის ესმოდეთ.
დიმიტრი ჯორბენაძე, „ავერსის კლინიკის“ გენერალური დირექტორი:
– უკვე მეექვსე წელია, „ავერსი“ თანამშრომლებს საჯომარდოდ იწვევს. ჩვენი კომპანიისთვის უცხო არ არის კორპორატიული საღამოები, მაგრამ ჯომარდობა ექსტრემით, ემოციებითა და გამარჯვების წყურვილით გამოირჩევა, ამიტომ ყველა ავერსელი განსაკუთრებით ელის ამ დღეს. მინდა, ყველას ვურჩიო, ჯომარდობაში მოსინჯოს ძალა, ხშირად გავიდეს ბუნების წიაღში და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოს.
ლაშა ბაზაძე, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი:
– ტურნირი ჯომარდობაში ძალიან სასიამოვნო მოვლენაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები „ავერსის“ ჯგუფის სხვადასხვა მიმართულების კოლეგებს არაოფიციალრ გარემოში ხვდებიან, არამედ იმიტომაც, რომ ამ დღეს მათ სრულფასოვანი დასვენების საშუალება ეძლევათ, რაც ექიმის დაძაბული გრაფიკის პირობებში აუცილებელია. ექიმს ძალიან სჭირდება როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ძალების აღდგენაც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს, აქტიური დასვენების რეჟიმში სრულფასოვნად გაგვეტარებინა დღევანდელი დღე.
შეჯიბრებამ ძალზე ემოციურ ფონზე ჩაიარა. გამოცდილი ინსტრუქტორები სიტუაციას აკონტროლებდნენ, თუმცა ავერსელებმა მაინც მოახერხეს სხვა ნავებში მსხდომი გუნდების გაწუწვა, რათა მათთვის ფინიშამდე მისვლაში ხელი შეეშალათ. თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულები გამოაცხადეს. მეხუთე ადგილზე „ავერსის კლინიკა“ გავიდა, მეოთხეზე – „ავერსი ფარმას“, კერძოდ, ჟურნალ „ავერსის“ გუნდი (სხვათა შორის, ეს ერთადერთი ნავი იყო, რომელშიც მხოლოდ ქალები ისხდნენ). მესამე ადგილი პაატა კურტანიძის გუნდმა დაიკავა, მეორეზე კვლავ „ავერსის კლინიკა“ გავიდა, ხოლო პირველი ადგილი წელსაც არავის დაუთმო „ავერსი–რაციონალმა“.
გამარჯვებულები შესანიშნავი პრიზებით დააჯილდოეს: მესამე ადგილის მფლობელებს უგემრიელესი შამპანური ერგოთ, მეორეადგილოსნებმა „ავერსის“ ოცლარიანი სასაჩუქრე ბარათები მიიღეს, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა – ჯომარდობის მომდევნო ტურის უფასო საგზური.
არანაკლებ აზარტული ბრძოლა გაიმართა „მხიარულ სტარტებში“, სადაც გამარჯვება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდმა მოიპოვა.
დღე უგემრიელესი სადილით და სასიამოვნო მუსიკით დაგვირგვინდა, ავერსელებმა კი მომავალი წლის ჯომარდობისთვის დაიწყეს მზადება.