ავერსის კლინიკამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წყნეთში გამართული აქციით აღნიშნა

ავერსის კლინიკამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წყნეთში გამართული აქციით აღნიშნა

  • 2016-06-06

4 ივნისს წყნეთში „სმარტის“ და „დანკინ დონატსის“ ობიექტის ეზოში "ვისოლ ჯგუფმა" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გამართა სახელწოდებით „ზაფხულის სეზონის გახსნა“.
„ვისოლ ჯგუფის“ აქციას ,,ავერსის კლინიკის“ ექიმებიც შეუერთდნენ. პროფესიონალმა პედიატრებმა მერი გოგიჩაშვილმა, ანაჰიტ ხაჩატრიანმა და მაია მაყაშვილმა ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაატარეს. პატარებსა და მათ მშობლებს ზაფხულის პერიოდში ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის წესები გააცნეს - მათ დეტალურად აუხსნეს, თუ რატომ უნდა მოერიდონ მზეს, არ გავიდნენ გარეთ უქუდოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ზაფხულში მეტი სითხის მიღება და სუფთა ჰაერზე სეირნობა.
აქციის შესახებ ვესაუბრეთ "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლალიკო ბრეგვაძეს:
- "ავერსი" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველთვის აღნიშნავს და სხვადასხვა სახის გასართობ თუ სამედიცინო პროფილის აქციას მართავს. წლეულს ეს დღე "ვისოლ ჯგუფთან" ერთად აღვნიშნეთ. გაიმართა ფესტივალი ბავშვთა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი კლინიკის პედიატრებმა სამედიცინო კონსულტაციები გამართეს, შემეცნებითი ინფორმაცია მიაწოდეს მშობლებს, თუ რა ღონისძიებებს უნდა მიმართონ ზაფხულის პერიოდში ბავშვების ჯანმრთელობის დასაცავად.
„ავერსის კლინიკის“ გარე საკონსულტაციო ცენტრში ბავშვებს ექიმობანას თამაშიც შეეძლოთ. ამ ყველაფერმა ძალიან გაახალისა პატარები და ვფიქრობ, ბავშვებმა მათთვის სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარეს დღე "ავერსთან" ერთად".
"ავერსის კლინიკის" ბოგდან ხმელნიცკის ფილიალის პედიატრმა მერი გოგიჩაშვილმა კი აღნიშნა, რომ კომპანია "ავერსი" და "ავერსის კლინიკა" საქველმოქმედო აქციებს მუდმივად ატარებენ და ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე:
- "წყნეთში გამართულ აქციაზე კლინიკის პედიატრებმა ექიმის კუთხე მოვაწყეთ, სადაც ბავშვებს და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ უფასო კონსულტაციებით. ვესაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მოერიდონ მზეს, ვურჩიეთ, რა დამცავი საშუალებები შეუძლიათ გამოიყენონ სხეულის გადახურებისას და როგორ დაიცვან პირადი ჰიგიენის ნორმები ზაფხულში არსებული ინფექციებისგან თავის ასარიდებლად. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია მათ სასარგებლოდ წაადგებათ და ჯანმრთელობაზეც უკეთ იზრუნებენ".
ფესტივალის კვირეულის ფარგლებში სტუმრად მოსულ ბავშვებს უამრავი გასართობი დახვდათ. „თოლიამ“ პატარა სტუმრების გაგრილებაზე უგემრიელესი ნაყინებით იზრუნა. „კოკა კოლა“ კი მათ გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდათ.

გააზიარე: