“ავერსმა” დონორთა საერთაშორისო კვირეული, ტრადიციისამებრ, საქველმოქმედო აქციით აღნიშნა _ 18 ივნისს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა სისხლი უსასყიდლოდ გაიღეს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს სისხლის გადასხმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც ესაჭიროება. დონორთა სისხლი აუცილებელია დამწვრობისა და ტრავმების, მძიმე ოპერაციებისა თუ მშობიარობის შემთხვევაში, ასევე დონორთა სისხლი უხანგრძლივებს სიცოცხლეს ჰემოფილიითა და ანემიით დაავადებულ ადამიანებს. სისხლი ესაჭიროებათ ონკოლოგიურ პაციენტებსაც. _ “ყოველი ჯანმრთელი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი ასობით ავადმყოფს უმსუბუქებს ცხოვრებას, _ აღნიშნა კომპანია “ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი გახლავთ _ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა “ავერსის” მთავარი საზრუნავია _ სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად კომპანიის უამრავ სასიკეთო წამოწყებას და დონორთა საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი პროექტიც ამის მაგალითი გახლდათ _ აქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა და ყოველი თანამშრომელი თანადგომას უცხადებს პაციენტებს, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. აქციაში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ამ გზით არა მხოლოდ კომპანიის პოლიტიკას ავუბი მხარი, არამედ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის ვალი მოვიხადე. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ჩემსმიერ გაღებული სისხლით სრულიად უცნობ ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი მივეცი”.
“ავერსი-ფარმას” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ, აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქციის ჩატარება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ფარგლებში:
_ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ასეთი აქციით გვეძლევა საშუალება გადავარჩინოთ სიცოცხლე, დავეხმაროთ ადამიანებს მაშინ, როდესაც მათ ყველაზე მეტად უჭირთ. “ავერსი”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია ახორციელებს მრავალ საქველმოქმედო პროექტს, აქვს მრავალი საინტერესო წამოწყება, რომელიც საქართველოს გენოფონდზე ზრუნვაში გამოიხატება. შესაბამისად, ავერსისთვის და ავერსელებისთვის ასეთ აქციაში მონაწილეობა გარკვეულწილად „ღირსების საქმეა“. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი იზრდება. პირადად ჩემთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ “ავერსი” ტრადიციულად უერთდება ამ დღეს და ავერსელები სრულიად უანგაროდ საკუთარი სურვილით დგამენ ამ კეთილშობილურ ნაბიჯს. იმის გაფიქრებაც, რომ შეიძლება ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინო განსაკუთრებული შეგრძნებაა.
ვფიქრობ, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარების შანსი, ცხოვრებაში ხშირად გეძლევა (ეს მატერიალურად იქნება თუ რჩევით), ამასთანავე, ქართველი ადამიანი ბუნებით ქველმოქმედია და მოყვასის დახმარება ჩვენს გენში ძალიან მყარად არის ფესვგამდგარი, მაგრამ ასეთი პირდაპირი მნიშვნელობით დახმარება უაღრესად დიდი საქმეა. ჩვენ, მოქალაქეობრივადაც ვართ ვალდებულნი გავიღოთ სისხლი, რადგან არავინ იცის ვის, როდის დასჭირდება დახმარება და ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გაძლიერებას, გაერთიანებას, გამთლიანებას. როდესაც ექიმებმა შეიტყვეს, რომ პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი მქონდა, ძალიან გაუხარდათ და ვინაიდან საკმაოდ დეფიციტური რეზუსი ყოფილა, მომავალში შევეცდები კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო ასეთი ტიპის აქციებში და ჩემი უმნიშვნელო წვლილი შევიტანო ქვეყნისთვის მნიშნელოვან საკითხში _ დავდო პატარა აგური იმ დიდ მშენებლობაში რასაც საქართველოს სიყვარული და საქართველოზე ზრუნვა ჰქვია.
ეკა იაშვილი “ავერსი-ფარმას” მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელია. აქციაში, რა თქმა უნდა, ისიც იღებდა მონაწილეობას.
_ ყოველთვის როცა ტელევიზიით სისხლის დონორობაზე განცხადებას თუ თხოვნას ვისმენ დახმარების სურვილი მიჩნდება, ალბათ ისევე, როგორც სხვა ბევრ ადამიანს. მაგრამ ხშირად ეს არ ხერხდება _ ხან სასურველი ჯგუფი ჩემი სისხლის ჯგუფს არ ემთხვევა,
ხან რა და ხანაც რა...
ამიტომ, როცა დონორთა დღე ახლოვდება, 14 ივნისს ლალიკო ბრეგვაძე გვახსენებს ამის შესახებ – მუდამ მზად ვარ სისხლის გასაღებად _ დღესაც, ღმერთის წყალობით, ე.წ. “ჯანმრთელი სისხლის” ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილე და მივიღე მონაწილეობა ამ აქციაში. ვთვლი, რომ ჩემი როლი შევასრულე თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და გახანგრძლივებაში, რაც დიდ თვითკმაყოფილებას მანიჭებს.
“ავერსი” თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მითუფრო ადამიანებზე, ვისაც საზოგადოების დახმარება და მხარში დგომა ესაჭიროებათ. ყოველი ჩვენგანის მიერ გაღებული სისხლი კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.
“ავერსი” ქველმოქმედი კომპანიაა. ავერსელებისთვის დონორთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა და სისხლის გაღება ტრადიციად იქცა.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.
ავერსის თანამშრომლებმა დონორთა საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღეს
- 2013-06-18