ავერსი წლის საუკეთესო კომპანიად კიდევ ერთხელ დასახელდა

ავერსი წლის საუკეთესო კომპანიად კიდევ ერთხელ დასახელდა

  • 2013-05-30

30 მაისს მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ ინიციატივით 2012 წლის საუკეთესო კომპანიების და ბიზნესმენების დაჯილდოების ტრადიციული, რიგით მეთოთხმეტე ცერემონიალი შედგა. ბიზნესრეიტინგის პრეზენტაცია და საზეიმო ვახშამი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში” გაიმართა, სადაც ჰოლდინგმა ბიზნესის, ხელისუფლების ეკონომიკური გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დროებითი პაუზის შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალი ისეთივე გრანდიოზული გახლდათ, როგორც წინამორბედები. წითელი ხალიჩა, ცნობილი სახეები, შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება საქმიან და, ამავდროულად, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. დაჯილდოების ცერემონიალზე საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო სამთავრობო გუნდი: ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი. ეს არასრული ჩამონათვალია საჯარო პირებისა, ვინც წლის საუკეთესო კომპანიების გამოვლენას ესწრებოდნენ. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესრეიტინგის აღდგენა დადებითად შეაფასა და ბიზნესის სტიმულირების კუთხით დაჯილდოების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. 2012 წლის ბიზნესრეიტინგის ღონისძიების პარტნიორები გახლდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.რიგით მეთოთხმეტე ბიზნესდაჯილდოება „ჯორჯიან თაიმსის" გამომცემელმა ნანა გაგუამ გახსნა. შეკრებილ საზოგადოებას ბიზნესდაჯილდოების ტრადიციის აღდგენა მიულოცა და სცენაზე საღამოს წამყვანი ინგა გრიგოლია მოიხმო. ცერემონიალის დაწყებამდე მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის~ პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა „ქორთიარდ მერიოტში" შეკრებილ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქართულ ეკონომიკაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეკრებილ საზოგადოებას კვლევის შედეგები საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის" პრეზიდენტმა მერაბ ფაჩულიამ წარუდგინა და კომპანიებს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება მიულოცა.
ფარმაცევტული კომპანია “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და თავად კომპანია რამოდენიმე ნომინაციაში გახლავთ წარდგენილი და გამარჯვებული _  ”სახალხო აღიარება”, ”საუკეთესო მენეჯმენტი”; “ქველმოქმედება-მეცენატობა”; “ახალი ტექნოლოგიები და ახალი სამუშაო ადგილები” და, რა თქმა უნდა, “მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა” _ ასე რომ, კომპანია, რომელიც სტაბილურობის და მაღალი ხარისხის გარანტი გახლავთ, კვლავაც თქვენი ჯანმრთელობის და სულიერი სიმშვიდის სადარაჯოზეა. როგორც ბატონმა პაატამ აღნიშნა, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ ინიციატივა _ ყოველწლიურად საუკეთესო კომპანიების გამოვლენა და მათი დაჯილდოვება დიდი სტიმულია ბიზნესსექტორის წამომადგენლებისთვის. 
25 კომპანიის ფავორიტი და შესაბამისად 2012 წლის გრან-პრის, ოქროს ბოლნური ჯვრის მფლობელი აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი" გახდა.
ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციით კიდევ 23 საუკეთესო კომპანია დაჯილდოვდა. ესენი გახლავთ: “თბს ბანკი”, “სმარტი”, “ვისოლ” ჯგუფი, “საქართველოს ბანკი”, “ფლაი ჯორჯია”, “გაზენერჯი”, “ვაგონმშენი”, ზესტაფონის „ფერო“-Georgian Amercan Alloys, “კონსტანტა”, “ნატახტარი”, “გურიელი”, “ქართული შაქარი”, “რუსთავის აზოტი”, “პსპ ჯგუფი”, “ზედაზენი”, “გუდვილი”, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, “სარაჯიშვილი”, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, “VTB ბანკი”, “ჯეოსელი”, “GWP” და “ნაბეღლავი”.
  დანარჩენ კომპანიებს, მათ შორის კონკურსგარეშეებს, ხელისუფლების, საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა სპეციალურ ნომინაციებში სხვადასხვა ჯილდო გადასცეს.
კონკურსგარეშე სპეციალური ნომინაიცები გადაეცათ კომპანიებს: „ინტეგრირებული ქართული ტექნოლოგიები“, „ახალი ქსელები“,  „ახტელი“ , „კავკასიის უნივერსიტეტი“, „პეტრა“, „ქიმერიონი“, „ორბი ჯგუფი“ და „ჯორჯიან სერვის გრუპი_2007“.
მეთოთხმეტე ბიზნესრეიტინგს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, პატარკაციშვილების ოჯახს ქართული ბიზნესის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. ჯილდოს მისაღებად სცენაზე ბადრი პატარკაციშვილის დედა, ქალბატონი ნათელა ავიდა და ასეთი დაფასებისთვის ბიზნესრეიტინგის ორგანიზატორებს უდიდესი მადლობა გადაუხადა. არანაკლებ ემოციური აღმოჩნდა საქველმოქმედო ხასიათის განაცხადები, რომლებიც დაჯილდოებაზე წარმოდგენილმა ბიზნესმენებმა გააკეთეს.  
დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებით შეძრა გელა თურმანიძის ოჯახის ისტორიამ. თურმანიძეების ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში დიდ დიღომში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. მერვე შვილის მოლოდინში მყოფი ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ 250 ლარს შეადგენს. 
თურმანიძეების მრავალსულიანი ოჯახისათვის კომპანია „ავერსმა“  200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი წამლების და ჰიგიენური მოვლის საშუალებებზე დაუწესა, საჩუქარი მფლობელს გადაეცა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ წლის საუკეთესო კომპანიების დაჯილდოებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: გამარჯვებული კომპანიები გრძნობენ, რომ მათი შრომა, მათი ღვაწლი საზოგადოების მხრიდან ადეკვატურად ფასდება, სხვებისთვის კი ეს კონკურსი სტიმულია, რადგან ყოველწლიურად ცდილობენ საუკეთესო კომპანიის ტიტულის მიღებასა და ნომინაციებში გამარჯვებას. ყველა სიკეთესთან ერთად, დაჯილდოვების ცერემონიალი სხვადასხვა საქველმოქმედო ნაბიჯის წამახალისებელი აღმოჩნდა, რითაც გაჭირვებულ ადამიანებს ბიზნესის წარმომადგენლებმა თავისი მხარდაჭერა და თანადგომა აგრძნობინეს. ორგანიზატორების თქმით, ტრადიცია კვლავ გაგრძელდება და ყოველწლიურად საუკეთესო კომპანიები დაჯილდოვდებიან. 

გააზიარე: