მასმედია ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის

მასმედია ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის

  • 2013-04-14

 6-14 აპრილს თბილისის სპორტულ ბაზებზე გაიმართა თბილისის მერიისა და თბილისის მასობრივი სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მედიაკომპანიების სპორტული ფესტივალი “მასმედია ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის”, რომელშიც ჟურნალ “ავერსის“ რედაქციაც მონაწილეობდა. ჟურნალმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია კომპანიებს: “რუსთავი-2-ს”, “ჯი-დი-ესს”, “მიუზიკ-ბოქსს”, “S-TV-ს”, “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, ”მაესტროს”, “ერთსულოვნებას”, “იმედს”, “ობიექტივს”, “ფორტუნას” და “მედია პალიტრას”. ჟურნალის თანამშრომლებმა ფესტივალზე წარმოდგენილ სპორტის რვავე სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს. რეკლამის მენეჯერმა მარიკა ბიბილურმა ქალებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტორს ირაკლი კარტოზიას მამაკაცთა შეჯიბრებაში მესამე პრიზი ერგო. მარიკა კიდევ ორგზის გახდა პრიზიორი: წყლის ველოსიპედებით რბოლაში ფოტოკორესპონდენტ გიორგი წერეთელთან ერთად მეორე ადგილი დაისაკუთრა, ხოლო ჭადრაკში ქალთა შორის - მესამე.
კარტინგით რბოლაში გიორგი წერეთელმა და ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მარი აშუღაშვილმა გუნდური სამი ქულა მოიპოვეს.
ავერსელებმა იასპარეზეს ასევე ბილიარდში, ნარდში, კალათბურთსა და მძლეოსნურ ესტაფეტაში და უკანასკნელ წუთამდე გუნდური პირველი ადგილისთვის თავდაუზოგავად ერკინებოდნენ რადიო “იმედს”. საბოლოოდ ბრძოლა თანაბარი ანგარიშით დასრულდა, მაგრამ საპრიზო ადგილების უპირატესობით პირველი ადგილი რადიო “იმედს” ერგო, ჟურნალი "ავერსი" კი მეორეს დასჯერდა. თუმცა ასეთი დიდი კომპანიების ფონზე  თექვსმეტკაციანი კოლექტივისთვის ეს წარმატება არ იყო მცირე. ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 14 აპრილს კუს ტბაზე გაიმართა, ცერემონიას “რუსთავი-2-ის” სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე უძღვებოდა. გამარჯვებულები თბილისის მერმა, ბატონმა გიგი უგულავამ დააჯილდოვა. “თუ რომელიმე პროფესიაა დაძაბული და ოცდაოთხსაათიან შრომას მოითხოვს, ეს არის ჟურნალისტიკა, რომელიც ჩვენს დროში ექსტრემალურ პროფესიებს გაუტოლდა, - ბრძანა მან, - ამიტომ მნიშვნელოვანია დროდადრო გამოთიშვა ყოველდღიური დინამიკიდან... ეს კარგი ტრადიციაა, რომელსაც მივესალმებით და წავახალისებთ”. სპარტაკიადის შემდეგ ჟურნალისთვის კომენტარი თბილისის მასობრივი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ ბადრი მანწკავასაც ვთხოვეთ:
- სპორტული ფესტივალის მიზანი მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და ამასთან ერთად კოლეგებს შორის კეთილგანწყობილი, მეგობრული ურთიერთობის ხელშეწყობა გახლდათ.
ფესტივალში ქართული მასმედიის თორმეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეტყობინება საქართველოს მედიასივრცეში მოღვაწე ყველა კომპანიას გავუგზავნეთ, მაგრამ მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ამ თორმეტმა გამოთქვა.
ჟურნალმა “ავერსმა”, მიუხედავად იმისა, რომ  დებიუტანტი იყო, ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. მის გუნდს და მასთან ერთად მთელ “ავერსს” სულითა და გულით ვუსურვებ წარმატებას. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპანიაა, რომელიც ჩვენს ყველა ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს. მის ხელმძღვანელობას ესმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანსაღი ბიზნესის საწინდარია. ასე რომ, ჟურნალი "ავერსი" მკითხველს ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მოუწოდებს.
 

გააზიარე: