ხელოვნება ჯანმრთელობის სამსახურში
გააზიარე:
ნაცნობებისა თუ უცნობებისგან ალბათ არაერთხელ გაგიგონიათ: “ხატვამ დეპრესიიდან გამოიყვანა”, “განსაცდელის გადალახვაში მუსიკა დაეხმარა”, “მძიმე წუთები ლექსების წერამ გადაატანინა”... შესაძლოა არ დაიჯეროთ, მაგრამ ხელოვნება მართლაც ეხმარება ადამიანს ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში. მკურნალობის ამ მეთოდს არტთერაპია ეწოდება.
რა არის არტთერაპია
არტთერაპიის მეცნიერული განმარტება ასეთია: დიაგნოსტიკურ-სამკურნალო მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, გამოხატოს საზოგადოებისთვის მიუღებელი და აგრესიული განცდები სოციალურად მისაღები ფორმით, ხელოვნების საშუალებით: ხატვით, ძერწვით, ფოტოგრაფიით და ა. შ.
უბრალო ენაზე კი არტთერაპია ხელოვნების საშუალებით საკუთარი განცდების გამოხატვაა, რაც საბოლოოდ სტრესის დაძლევასა და უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში გვეხმარება.
არტთერაპიას, ისევე როგორც თავად ხელოვნებას, მრავალი მიმართულება აქვს: ხატვითი თერაპია, ფოტოთერაპია, ზღაპრითი თერაპია, დრამოთერაპია, ფერთა თერაპია, მუსიკათერაპია, ქორეოგრაფიოთერაპია, ერგოთერაპია...
მედიკამენტური მკურნალობისგან განსხვავებით, არტთერაპიას უკუჩვენებები არ გააჩნია. მისი გამოყენება ყველა ასაკში შეიძლება და ყველასთან ერთნაირად ეფექტურია, განურჩევლად პიროვნების უნარებისა, ინტერესებისა და ღირებულებებისა.
არტთერაპიის სულისჩამდგმელად პითაგორას მიიჩნევენ, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს ქნარზე დაკვრით კურნავდა. მკურნალობის დროს არტთერაპიის მეთოდს მიმართავდნენ ისეთი ცნობილი ფსიქოთერაპევტებიც, როგორებიც იყვნენ იუნგი და ფროიდი. თავად ტერმინი “არტთერაპია” მოგვიანებით დამკვიდრდა და მის ავტორად ფსიქიატრსა და არტთერაპევტს ადრიან ჰილს მიიჩნევენ.
როგორ ვიმკურნალოთ ხელოვნების მეშვეობით
არტთერაპიის საშუალებით მკურნალობა პრობლემის დიაგნოსტიკით იწყება. ფსიქოლოგი აძლევს პაციენტს ამა თუ იმ დავალებას, ე.წ. ფსიქოლოგიურ ტესტს – სთხოვს, დახატოს რამე ან ხელოვნების სხვა დარგის საშუალებით გამოხატოს თავისი განცდა. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა ნახატი ტესტი არ არის. დიაგნოზის დასმის საშუალებას მხოლოდ მიზანმიმართული, სპეციალისტის მიერ ჩატარებული ტესტი და ხანგრძლივი დაკვირვება იძლევა. ამას კი შესაძლოა თერაპევტთან რამდენიმე შეხვედრაც დასჭირდეს.
ართტთერაპია უპირატესად ჯგუფური მუშაობის მეთოდია. ჯგუფის წევრები ხატავენ ან ძერწავენ საკუთარ თავს, მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, თავიანთ მტკივნეულ განცდებს, მერე კი ხდება ყოველივე ამის განხილვა. ეს, ერთი მხრივ, განმუხტვაა, მეორე მხრივ კი – განცდების გაზიარების საშუალება. ჯგუფური მუშაობის დადებითი მხარეა ისიც, რომ ადამიანი ხედავს, როგორ ეპყრობიან სხვები მის განცდებს, რა თბილად იღებენ მათ. თუმცა ჯგუფური მკურნალობა ყოველთვის როდი ამართლებს. არტთერაპიის სპეციალისტები მეთოდს პაციენტის ასაკის, სოციალური გარემოცვის, მიდრეკილებების, პიროვნული თვისებების გათვალისწინებით არჩევენ, თითოეულ შემთხვევას ცალკე განიხილავენ და ურჩევენ პაციენტს, ინდივიდუალური მუშაობა უფრო შესაფერისია მისთვის თუ ჯგუფური, თუ სულაც ამ ორი მიდგომის შეხამება აჯობება.
არტთერაპიის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური დაავადებებისგან განკურნება, რაც თვითრწმენისა და თვითგანკურნების უნარის გაძლიერებით მიიღწევა. დღესდღეობით ამ მეთოდს უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ რთულ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტთან კომუნიკაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია. ხელოვნებით თვითგამოხატვა საკმაოდ ინფორმაციულია და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მკურნალობის მართებულ გზას მიმართოს.
რომელ სახეობას მივმართოთ
არტთერაპიის სახეობას ფსიქოთერაპევტი ინდივიდუალურად არჩევს. მან იცის, რა მიმართულება მისცეს პაციენტს, რა ახატვინოს, რა სახის მუსიკა მოასმენინოს, რა მოახდენს მასზე თერაპიულ გავლენას.
მკურნალობის ერთი კურსი შეიძლება მოიცავდეს 10-15 ან 21 თერაპიულ საათს. ხელოვნებითი თერაპია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიაში, კლინიკაში, სანატორიუმში, მოხუცებულთა სახლში, სკოლაში, საბავშვო ბაღში ან ბინაზე.
ახლა კი არტთერაპიის ორ ყველაზე გავრცელებულ სახეობაზე – ხატვით და მუსიკით თერაპიაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
ხატვით თერაპია
ხატვით თერაპია არტთერაპიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს მუშაობენ საღებავით, ხშირად – აკვარელით, ასევე – ცარცით, ფანქრითა და ნახშირით. ხატვით თერაპია გულისხმობს ნახატების გაფერადებას, შემოქმედებით ხატვას ან ხატვას თერაპევტის დავალებით. დავალებები კი შეიძლება ასეთი იყოს:
1. იმისთვის, რომ შიშისგან განიკურნო, უნდა დახატო შიში ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია, მერე გააანალიზო, რა გაშინებს, ბოლოს კი, თერაპევტის დავალებით, დაამატო ნახატს დეტალები, რომლებიც მას არასაშიშს გახდის.
2. მას, ვისაც დეპრესია აწუხებს, ფსიქოთერაპევტი ხშირად ავალებს, ყავისფერისა და შავის ნაცვლად მკვეთრი, ნათელი ფერები გამოიყენოს; დახატოს ის, რაც წინათ ახალისებდა, დაკიდოს თვალსაჩინო ადგილას და როცა მოიწყენს, მისი ყურებით დატკბეს.
დიაგნოზის დასასმელად თერაპევტი რამის დახატვას ავალებს პაციენტს. თუმცა ერთი და ორი ნახატის საფუძველზე დიაგნოზის დასმა ძნელია, მეტადრე – ბავშვებთან, რომლებსაც, წესისამებრ, სწრაფად ეცვლებათ განწყობა.
დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია, რა ფერებს გამოიყენებს ადამიანი, როგორ ფორმებს, სად განათავსებს ამა თუ იმ ფიგურას, ფურცლის რომელ მხარეს დატვირთავს მეტად და ა.შ.
ხატვის დასრულების შემდეგ ხდება ნახატის განხილვა, საუბარი სიმბოლოებზე, ფერების მნიშვნელობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ სვამს დიაგნოზს ექიმი და უნიშნავს პაციენტს მკურნალობას.
მუსიკით თერაპია
მუსიკით თერაპიის ფუძემდებლად, როგორც აღვნიშნეთ, ითვლება პითაგორა, რომელიც პაციენტებს ქნარზე შესრულებული მუსიკით მკურნალობდა. მუსიკა რომ ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანზე, დიდი ხანია აღარ მიიჩნევა საკამათოდ, თანაც ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ, სპეციალისტთა მტკიცებით, მუსიკით გამოწვეული დადებითი ემოცია აძლიერებს თავის ტვინის ქერქის აქტიურობას, აუმჯობებესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას. მუსიკის რიტმზე გადაეწყობა ორგანიზმის რიტმი, რის შედეგადაც ფიზიოლოგიური რეაქციები უფრო ეფექტური ხდება. უმჯობესდება განწყობა, შრომისუნარიანობა, იკლებს ტკივილისადმი მგრძნობელობა, ნორმალიზდება გულისცემა, სუნთქვა.
მუსიკალურ თერაპიას, ბავშვებით დაწყებული და მოხუცებით დამთავრებული, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების მქონე ყველა ასაკის ადამიანის დახმარება შეუძლია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მუსიკა სულიერი წონასწორობის აღდგენას უწყობს ხელს და დიდი ხნით მუხტავს დადებითი ენერგიით. ასეთ პრაქტიკას ხშირად იყენებენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
სპეციალისტებმა შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს მუსიკა ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ ის ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. კვლევები მოწმობს, რომ მუსიკა სტიმულირების, მოტივირებისა და შთაგონების საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისთვის. ცნობილია, რომ ნაყოფს ჯერ კიდევ დედის მუცელში აქვს რეაქცია მუსიკაზე (რაც ოტოლარინგოლოგ ალფრედ ტომატისის დაკვირვებამ დაამტკიცა). წარმოიდგინეთ, რა დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს მან უკვე დაბადებულ ადამიანზე...
თერაპიისთვის უმთავრესად კლასიკურ მუსიკას იყენებენ – შოპენს, ბეთჰოვენს, ვივალდის, მოცარტს. მათი მუსიკალური შედევრები როგორც ემოციური განწყობის ამაღლების, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.
მუსიკით თერაპია ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა, თუმცა არსებობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, რომელთათვისაც ხელოვნებით თერაპიის ეს სახეობა უბრალოდ აუცილებელია. ესენი ის ბავშვები არიან, რომლებსაც აუტიზმის, ასპერგერის სინდრომის, აპრაქსიის, დაუნის სინდრომის, ტვინის ტრავმული დაზიანების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომის, სიმსივნის, ცერებრალური დამბლის, ვილიამის სინდრომის, ფიზიკური და ემოციური ტრავმის, განვითარების სხვა შეფერხებების დიაგნოზი დაუსვეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არტთერაპია მკურნალობის ოფიციალურ მეთოდად არ არის აღიარებული, ათამდე ფსიქოთერაპიული დაწესებულება მას აქტიურად იყენებს დამხმარე საშუალებად. არტთერაპია გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრებშიც და საკმაოდ შედეგიანადაც.
გახსოვდეთ, არ არის აუცილებელი, ბავშვს აბსოლუტური მუსიკალური სმენა ან ხატვის ნიჭი ჰქონდეს, რათა ხელოვნებამ დადებითი გავლენა მოახდინოს მასზე. აზიარეთ თქვენი პატარა ხატვას, მუსიკას, ხელოვნების სხვა დარგებს – მის პიროვნულ განვითარებას ეს უთუოდ წაადგება.