უცნაური სნეულება
გააზიარე:
ამ დაავადებას ალბათ მრავალი თქვენგანი შეჯახებია, მაგრამ სახელი მისთვის ვერა და ვერ უპოვია, გაჭიანურებული დიაგნოსტიკის დასრულებამდე კი ბავშვიც გამოჯანმრთელებულა... ავადმყოფობას გამონაყარი ახასიათებს, ამიტომ ზოგი მშობელი ხშირად დერმატოლოგს ან ალერგოლოგს მიმართავს. ზოგჯერ გამონაყარს თან ახლავს ცხელებაც, თუმცა ბავშვთა ასაკის ვირუსულ ინფექციებს: წითელას, ჩუტყვავილას – მაინც არ ჰგავს...
- მოდი, მშვიდად გავარკვიოთ, რაშია საქმე.
ამ უცნაურ ავადმყოფობას ხელის, ფეხისა და პირის დაავადება ჰქვია. სახელწოდება ნუ დაგაბნევთ – ის მხოლოდ სიმპტომების ლოკალიზაციაზე მიუთითებს.
ხელის, ფეხისა და პირის დაავადება ვირუსული ინფექციაა, რომელიც უმთავრესად ათ წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, თუმცა არც მოზარდებსა და ზრდასრულებთანაა გამორიცხული (მეტადრე მათთან, ვისაც სუსტი ან შერყეული იმუნიტეტი აქვს). დაავადება ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან აღწევს პიკს, ყველაზე მეტად აზიის ქვეყნებშია გავრცელებული და ხშირად იღებს ეპიდემიის სახეს. ახასიათებს სეზონურობაც – აქტიურდება შემოდგომაზე და ზაფხულში. როგორც სტატისტიკა გვამცნობს, გოგონებზე 1,3-ჯერ მეტად ემუქრებათ ბიჭებს.
- მთავარი დამნაშავე ნაპოვნია
ენტეროვირუსი, უწინარეს ყოვლისა, დიარეასა და საპირფარეშოში გატერებულ საათებთან ასოცირდება. გაგიკვირდებათ და ზემოხსენებული დაავადების მთავარი გამომწვევიც ენტეროვირუსების გვარის წარმომადგენელი კოქსაკის ვირუსი A16 გახლავთ. შედარებით იშვიათად იწვევს მას A5, A7, A9, A10, B2 ვირუსები, დაავადების გართულებული ფორმები კი ენტეროვირუს E71-თან ასოცირდება.
- როგორ ამოვიცნოთ
დაავადების უსიმპტომო პერიოდი 3-7 დღეს გრძელდება. პირველი ნიშანია ცხელება (38-39 °C), რომელიც 24-48 საათს გასტანს, საერთო სისუსტე, უმადობა, გაღიზიანება, თავისა და ყელის ტკივილი. ცხელების დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ პირის ღრუში ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი და მტკივნეული წყლულები. ენა, სასა, ღრძილები და ლოყების ლორწოვანი წითელი ლაქებით იფარება. ლაქები ჯერ 2-3 მმ დიამეტრის ბუშტუკებად იქცევა, ბოლოს კი – მტკივნეულ წყლულებად. პატარებს უჭირთ ყლაპვა და აღარ ჭამენ. ამავე პერიოდში ხელისგულებზე ან ხელისგულებსა და ფეხისგულებზე წარმოიშობა მოწითალო ლაქოვანი და ბუშტუკოვანი გამონაყარი ქავილის გარეშე. გამონაყარი შესაძლოა მოედოს დუნდულებსა და სასქესო ორგანოებსაც და 5-10 დღე გაგრძელდეს. 100-დან 22 პაციენტს უდიდდება კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები. ვინაიდან დაავადებას ვირუსული ინფექცია იწვევს, არც ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სხვა ნიშნებია გამორიცხული – ცემინება, ხველა...
ხელის, ფეხისა და პირის დაავადებას უმეეტსად კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს, თუმცა ხდება ისეც, რომ ავადმყოფობა, თუ ის ენტეროვირუს E71-ითაა გამოწვეული, რთულდება. განსაკუთრებით საშიშია გართულებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ვირუსული მენინგიტი და ენცეფალიტი. არ უნდა გამოგვეპაროს შემდეგი ნიშნები: თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებელს არ ემორჩილება, კისრის კუნთების დაჭიმულობა, ზურგის ტკივილი, სინათლის აუტანლობა, ცხელების გახანგრძლივება, ცნობიერების ცვლილება. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.
- დიაგნოსტიკა
დაავადება სპეციფიკურ დიაგნოსტიკას არ მოითხოვს – დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვითაც შეიძლება. გართულებულ შემთხვევებში იღებენ ნაცხს პირის ღრუს ან კანის დაზიანებული უბნიდან. ვირუსის იდენტიფიკაცია შესაძლებელია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით.
- მკურნალობა
დაავადების მკურნალობა სიმპტომურია. გაურთულებელ შემთხვევაში პაციენტი დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება. აუცილებელია ცხელების მართვა – საჭიროებისამებრ, მიეცით ავადმყოფს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ანტიბიოტიკები სრულიად უეფექტოა, რადგან გამომწვევი ბაქტერია კი არა, ვირუსია.
წყლულების გამო პატარებს, როგორც აღვნიშნეთ, უჭირთ ყლაპვა და არათუ ჭამაზე, სითხის მიღებაზეც კი უარს ამბობენ, რამაც შესაძლოა გაუწყლოებამდე მიგვიყვანოს. მიეცით ავადმყოფ ბავშვს რბილი, დაქუცმაცებული და ცივი საკვები – ის ლორწოვანს არ გაუღიზიანებს და ადვილად გადაყლაპავს. ტკივილის შემთხვევაშიც შეიძლება იბუპროფენის მიცემა, მაგრამ ყურადღებით იყავით – ჭარბმა დოზამ შესაძლოა ღვიძლის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს. თუ ბავშვი არ იღებს სითხეს, 6-8 საათია არ მოუშარდავს, მისი ზოგადი მდგომარეობა უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- გადამდებია?
დაავადების მწვავე პერიოდში ბავშვი გადამდებია, ამიტომ პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა მისი იზოლაცია, სულ მცირე, ერთი კვირა. გაითვალისწინეთ: ვირუსი ვრცელდება ხველით, ცემინებით, კანთან კონტაქტით, კოცნით.
ავადმყოფობასთან ბრძოლის საუკეთესო გზა მისი პრევენციაა
ინფექციისგან თავის დასაცავად სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს. მასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი და ქმედითი გზა ჰიგიენაა:
- ხშირად იბანეთ ხელები წყლითა და საპნით.
- გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები.
- სათამაშოები და ავეჯი დროდადრო ჯერ საპნიანი წყლით გარეცხეთ, მერე გაწმინდეთ ქლორის შემცველი საშუალებით (1 წილი 5,25%-იანი ქლორის მათეთრებელი, 99 წილი წყალი), 15-30 წუთის შემდეგ კი ხელახლა გარეცხეთ წყლით.
- მოარიდეთ პატარა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
- ერთხელ და სამუდამოდ?
მშობლებს აინტერესებთ, შესაძლოა თუ არა განკურნების შემდეგ ხელმეორედ ინფიცირება. სამწუხაროდ, კი. დაავადება მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს. თანაც, როგორც აღვნიშნეთ, დაავადების გამომწვევი სხვადასხვა ვირუსია, ამიტომ ინფექციის განმეორების რისკი არსებობს.
- ორსულებთან
ორსულმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას თავი ყოველგვარი ინფექციისგან. რაც შეეხება ხელის, ფეხისა და პირის დაავადებას, ზრდასრულებს ის იშვიათად ემართებათ, მაგრამ თუ შეხვდათ, ნუ შეშინდებით – არ არსებობს მონაცემები, რომ ენტეროვირუსი ნაყოფის დაზიანებას ან აბორტს იწვევდეს. მესამე ტრიმესტრში ინფიცირებისას შესაძლოა ახალშობილს დაავადების მსუბუქი ნიშნები დაჰყვეს.
- იცოდით?
1. არსებობს ენტეროვირუსის ასზე მეტი სეროტიპი.
2. მოარული აზრის თანახმად, ენტეროვირუსი ვირუსული დიარეის გამომწვევია. სინამდვილეში ენტეროვირუსული ინფექცია კუჭ-ნაწლავზე ხშირად სხვა ორგანოებს აზიანებს, ყველაზე მეტად კი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ერჩის.
3. ენტეროვირუსული ინფექცია ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება შეხვდეს, თუმცა ყველაზე ადვილად ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების ორგანიზმში იკიდებს ფეხს.
4. პოლიომიელიტის გამომწვევი Poliovirus hominis სწორედ ენტეროვირუსების გვარის წარმომადგენელია. პოლიომიელიტი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებას და ზედა და ქვედა კიდურების დუნე დამბლას იწვევს. ამ ინფექციას შეეწირა მრავალი ცნობილი ადამიანის, მათ შორის – აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ჯანმრთელობა. საბედნიეროდ, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს.
5. ენტეროვირუსების გვარის ECHO (Enteric Cytopathic Human Orphan) ვირუსები ყველაზე ხშირად იწვევს ვირუსულ მენინგიტს. 2014 წლის მაისში საქართველოში იფეთქა ენტეროვირუსული მენინგიტის ეპიდემიამ, რომელმაც მაისის მეორე ნახევარში მიაღწია პიკს. ავადმყოფების 80% 3-დან 15 წლამდე ასაკისა იყო. მთავარი გამომწვევი ECHO-30 აღმოჩნდა.
6. ენტეროვირუსები, უმთავრესად – კოქსაკის ვირუსი B5 და ECHO ვირუსი, ყველაზე ხშირად იწვევს მიოკარდიტს (გულის კუნთოვანი შრის ანთებას) ბავშვებს შორის. მიოკარდიტი მჟღავნდება გულმკერდის ტკივილით, საერთო სისუსტით, სუნთქვის გაძნელებით. ავადმყოფთა 20%-ს უვითარდება გულის მწვავე უკმარისობა.
7. ენტეროვირუსები, უმთავრესად – Enterovirus 70 და კოქსაკის ვირუსი A24, იწვევს მწვავე ჰემორაგიულ კონიუნქტივიტს (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას). დაავადებისთვის დამახასიათებელია თვალების შეშუპება, სიწითლე და კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები. ეს სიმპტომები შვიდ დღემდე გასტანს. დაავადება უმთავრესად აზის ქვეყნებში – ინდოეთში, პაკისტანში, იაპონიაში, სინგაპურშია გავრცელებული.
8. კოქსაკის ვირუსი A ყველაზე ხშირად იწვევს ჰერპანგინას. ეს დაავადება გვხვდება ბავშვებთან, 3-დან 16 წლამდე, და ახასიათებს ბუშტუკოვანი გამონაყარი რბილ სასაზე, ნუშურებსა და ნაქზე. ყლაპვა ამ დროს მტკივნეულია, ამიტომ პატარები ცუდად ჭამენ, ხშირად სითხეზეც კი უარს ამბობენ. დაავადება სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს.
9. არსებობს ჰიპოთეზა, რომ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამშვები მექანიზმი გადატანილ ენტეროვირუსულ ინფექციასთანაა დაკავშირებული.
თეონა ირემაძე