რა არის ოსგუდ-შლატერის დაავადება?

გააზიარე:

ეს დაავადება პირველად ექიმებს რობერტ ოსგუდსა და კარლ შლატერს აღუწერიათ 1903 წელს.პრობლემა ზრდის პროცესს უკავშირდება და უმეტესად ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის ბიჭებს აწუხებთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ერთბაშად აიყარა ტანი.
ოსგუდ-შლატერის დაავადება მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. ჭარბი დატვირთვა სახსრის იმ უბნის ანთებას იწვევს, სადაც კვირისტავიდან გამოსული მყესი დიდი წვივის ძვალს უერთდება. ანთებას შესივება და ტკივილი ახლავს თან. იშვიათად შესაძლოა დიდი წვივის ძვლის უმნიშვნელო მოტეხილობამდეც კი მივიდეს საქმე. უმეტესად ცალი მუხლის სახსარი ზიანდება, შედარებით იშვიათად – ორივე.
ტკივილი ძლიერდება ვარჯიშის, ხტომის, სირბილის, საზოგადოდ, სპორტული აქტივობის დროს. განსაკუთრებით ცუდ დღეში არიან ახალგაზრდა კალათბურთელები, ფრენბურთელები, მოციგურავეები, ფეხბურთელები და ტანმოვარჯიშეები.
ოსგუდ-შლატერის დაავადება ვაჟებში უფრო ხშირადაა აღწერილი, ვიდრე გოგონებში. ალბათ იმიტომ, რომ მშვენიერი სქესი ამ ასაკში სპორტით იშვიათად თუ ინტერესდება. თუმცა დაკვირვებები მოწმობს, რომ ბოლო ხანს იმატა ოსგუდ-შლატერით დაავადებული გოგონების რიცხვმა. ცხადია, ეს სპორტის პოპულარიზაციას უნდა მივაწეროთ.

როგორ ამოვიცნოთ?
მისი ამოცნობა ძნელი არ არის. ოსგუდ-შლატერის დაავადებისთვის დამახასიათებელია:
• ტკივილი, შესივება ან მტკივნეულობა მუხლის ქვედა არეში;
• ტკივილი, რომელიც ფიზიკური აქტივობის (მაგალითად, სირბილისა და ხტუნვის) შემდეგ ძლიერდება;
• კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
• დასვენების შემდეგ სიმპტომების გაქრობა ან შემსუბუქება.
ესენი ოსგუდ-შლატერის დაავადების უცილობელი ნიშნებია, თუმცა ზოგიერთ პაციენტს სხვა სიმპტომებიც აწუხებს, რაც დაავადების სიმწვავესა და ხარისხზეა დამოკიდებული. საწყის სტადიაში მოზარდს შესაძლოა მხოლოდ ვარჯიშის ან სპორტული თამაშის დროს შეახსენოს თავი ზომიერმა ტკივილმა, ზოგს კი გამუდმებით სტკივა მუხლი და ფიზიკური აქტივობისას ტკივილი უფრო მეტად უძლიერდება. 
თუ ზემოაღნიშნული სიმპტომები შენიშნეთ აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ტრავმატოლოგს.

გააზიარე: