აგრესია – ფსიქოლოგიური “ანატომია”

გააზიარე:

 რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ: “აგრესიული ქცევა”? “აგრესიის გამოვლენა”? “აგრესიული ადამიანი”? როგორი ქმედება მიიჩნევა აგრესიულად და სად გადის ზღვარი აგრესიასა და ქცევის გამართლებულ მოდელს შორის? რუბრიკა “გამოყენებით ფსიქოლოგიაში” ამჯერად სწორედ აგრესიის ბუნებაზე, სახეებსა და მიზეზებზე ვისაუბრებთ.

დავიწყოთ აგრესიული`ზიანის მომტანი ქცევის სახეების განხილვით. დაუკვირდით ჩამონათვალს და შეეცადეთ განსაზღვროთ, რას მიიჩნევდით აგრესიად და რას – გამართლებულ ან მისაღებ ქცევად:

ბავშვის ფიზიკური დასჯა, ცემა, სექსუალური ძალმომრეობა, მკვლელობა, დაცინვა, ყვირილი, ფიზიკური შეხება ტკივილის განზრახ მიყენების მიზნით, ცინიზმი, სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიება, გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი`გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა, ჩხუბი ოჯახის წევრთან, პროვოცირების შედეგად ჩხუბი`ფიზიკური შეხლა-შემოხლა...

ამ ჩამონათვალში გვხვდება “საყოფაცხოვრებო”, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილი აგრესიული ქცევაც და განზრახ ჩადენილი დანაშაულიც. საინტერესოა, იოლად მოახერხეთ თუ არა მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. საინტერესოა ისიც, დაემთხვა თუ არა ერთმანეთს თქვენი და, მაგალითად, თქვენი ოჯახის რომელიმე წევრის ან მეგობრის შეფასებები...

ერთმნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ ყველა ამ ქცევას აქვს ერთი საერთო რამ – თითოეული მათგანის განხორციელებისას ერთი ადამიანი ზიანს აყენებს მეორეს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამ ქმედებას საზოგადოება ამართლებს (ასეთია, მაგალითად, სადამსჯელო ღონისძიება, მავანისთვის – ბავშვის ფიზიკური დასჯა, მავანისთვის – ოჯახის წევრთან ჩხუბი), ზოგჯერ კი პასუხი ერთმნიშვნელოვანია: განზრახ მკვლელობა, ცემა, სექსუალური ძალმომრეობა მიუღებელია!

ცხადი ხდება, რომ ყოველდღიურ მეტყველებაში სიტყვა “აგრესიით” აღვნიშნავთ ქცევათა ფართო სპექტრს, რომ ამ ცნების შინაარსის მკაფიო განსაზღვრა არც ისე იოლია და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედების ერთი და იმავე სიტყვით აღნიშვნა ერთგვარ დისკომფორტს იწვევს.

 

განვმარტოთ

აგრესია ლათინური სიტყვაა და თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგიაში ტერმინი “აგრესია” განიმარტება როგორც სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ განზრახ მიმართული ქცევა. სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ ბრაზის ემოციას და აგრესიას. ადამიანი შესაძლოა გაბრაზდეს, მაგრამ ამ ემოციის შესაბამისად არ მოიქცეს. როგორც იტყვიან, “ემოციას არ აჰყვეს”, და პირიქით – შესაძლოა, სულაც არ ბრაზობდეს, მაგრამ სხვას მაინც მიაყენოს ზიანი. აგრესიული ქცევისა და ბრაზის ემოციის გასამიჯნავად გადამწყვეტი ფაქტორია წინასწარ განზრახვის ცნება. თუ ადამიანმა ვინმეს წინასწარი განზრახვის გარეშე, შემთხვევით, გაუფრთხილებლობით, უნებურად მიაყენა ზიანი`ტკივილი, ეს აგრესიად არ განიხილება, ყველა დანარჩენი შემთხვევა კი კვალიფიცირდება როგორც აგრესიული.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ აგრესიული ქცევა განსხვავდება ქცევისგან, რომელიც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, უფლების დაცვას ისახავს მიზნად.

არ დაიზაროთ და კიდევ ერთხელ მიუბრუნდით ქცევების ჩამონათვალს. საინტერესოა, შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენს აღქმაში.

 

რა იწვევს აგრესიას?

აგრესიის მიზეზების შესწავლისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აგრესიული ქცევა, ერთი მხრივ, შესაძლოა თან ახლდეს ფსიქიატრიულ ან ნერვულ აშლილობას, მეორე მხრივ კი – რომელიმეს (ან რამდენიმეს) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

* ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულების ამა თუ იმ ფორმას, რომელიც საკმაოდ ხშირად უწევს პროვოცირებას არაადეკვატურ ქცევას;

* პირად პრობლემებს, ნეგატიური ემოციების მოზღვავებას, გამაღიზიანებელ ფაქტორებს ან მათ ერთობლიობას;

* ფრუსტრაციას (იმედგაცრუებას) ან შფოთვის ძლიერ განცდას;

* არარეალიზებულ გეგმებს, მოლოდინებს;

* კონფლიქტებს, კონფლიქტური სიტუაციებისადმი მაღალ მგრძნობელობას;

* საზოგადოებისგან გარიყულობის განცდას, უარყოფას თანატოლების, ოჯახის წევრების, სოციუმის მიერ;

* ძალადობრივ გარემოს – ძალადობის მსხვერპლი ხშირად თავადაც მოძალადედ ყალიბდება;

* ფსიქოლოგიურ ტრამვას;

* მკაცრ აღზრდას, ძალადობისკენ მიდრეკილ ოჯახურ გარემოს;

* გადაღლილობას, არაჰიგიენურ სამუშაო რეჟიმს, გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას;

* ძალადობის შემცველი ინფორმაციის ჭარბ მიღებას ( უმთავრესად – მცირე ასაკში);

* აღზრდას, კულტურულ-სოციალურ გარემოს, სხვა გარემო პირობებს;

* სუბიექტურ მიზეზებს (ექსტრემიზმი, ფანატიზმი, ხასიათის თავისებურებები).

არსებობს თეორიები, რომლებიც ძალადობას განიხილავს როგორც ერთგვარ თანდაყოლილ ინსტინქტს, რომელიც ადამიანს, სხვა ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად, წინააღმდეგობათა დაძლევის, თავდაცვისა და თვითგადარჩენის დროს უაქტიურდება.

ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია მძიმე სოციალური ვითარება: პრობლემები დასაქმების ბაზარზე, ახალგაზრდების ფინანსური დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, ბავშვებისთვის სახლის გარეთ სათამაშო სივრცის ნაკლებობა, საოჯახო საქმეებში ქალის ტრადიციული როლის დომინირება.

აგრესია და ძალადობის სიჭარბე თანამედროვე საზოგადოების გამოწვევად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გავრცელებული და კომპლექსური პრობლემაა, მისი თავიდან აცილება, შემცირება და მასზე ადეკვატური რეაგირება შესაძლებელია. საუკეთესო გამოსავალი კი არა დასჯა და პოსტ-ფაქტუმ მოქმედებაა, არამედ პრევენცია იმ მიზეზების გააზრებითა და გაცნობიერებით, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ნინო ლომიძე

გააზიარე: