ბატონები და ბატონი ბაქტერიები

გააზიარე:

თუ თქვენს პატარას სიცხემ აუწია, ყელი ასტკივდა და ტანზე გამოაყარა, მიზეზზე დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ – სანამ პედიატრთან მიხვიდოდეთ, ნაცნობ-ნათესავები დაგისვამენ უტყუარ დიაგნოზს: “ბატონები!” ბავშვს, უფრო სწორად, “ბატონებს” ორიოდე ტკბილ სიტყვასაც ეტყვიან და თქვენც იმავესკენ მოგიწოდებენ — ბატონები არ გავაბრაზოთო. დარწმუნებული ვარ, მრავალ თქვენგანს გამოუცდია წითლად დაწინწკლული სხეულით წითელ თეთრეულში წოლა და ოჯახის წევრების განსაკუთრებული მზრუნველობა. ბატონებისა რა მოგახსენოთ, ჩვენ კი ნამდვილად კმაყოფილი ვიყავით – სკოლას მთელი 21 დღით ვაცდენდით, შინ კი ნამდვილი განცხრომა გვქონდა: ერთი ნატვრა და ყველა სურვილი გვისრულდებოდა.
სამწუხაროდ (ცხადია, ხუმრობით), ვაქცინების აღმოჩენამ ბატონების ბატონობას წერტილი დაუსვა — ისინი უფრო და უფრო გაიშვიათდა, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მათ გაქრობაზეც კი ფიქრობს, მაგრამ არსებობს “ბატონები”, რომლებსაც იმუნიზაციის განვითარებამ ვერაფერი დააკლო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. საქმე ქუნთრუშას, იმავე ყელჭირვებას ეხება. ქუნთრუშა “ბატონების” განსაკუთრებული წარმომადგენელია. მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს (წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა კი ვირუსული ინფექციებია). არავინ იცის, ჩვენმა წინაპრებმა მათ საერთო სახელი რატომ უწოდეს; ფაქტია, ქუნთრუშა ნამდვილად განსხვავებული დაავადებაა, შემაწუხებელი ჩივილებით, მაგრამ კეთილსაიმედო პროგნოზით.

 

სტრეპტობატონი

ცოტა რამ ქუნთრუშას წარმომავლობაზე. დაავადების გამომწვევი გრამდადებითი მიკრობი — A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკია. ის ადამიანის ცხვირსა და ყელში ცხოვრობს. A ჯგუფის სტრეპტოკოკს სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია, ქუნთრუშათი დაწყებული, იმპეტიგოთი დამთავრებული. იშვიათად ბაქტერია სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციებსაც იწვევს.

ქუნთრუშას დროს განვითარებულ სიმპტომებს თავისი “ავტორი” ჰყავს. მაგალითად, ბაქტერიის გარსის გარეთა შრე M პროტეიდს შეიცავს, რომელიც მიკრობის პათოგენურობას და შეჭრის ადგილას ფიქსაციას განაპირობებს. სტრეპტოკოკის მიერ გამომუშავებული ეგზოტოქსინის ერითროგენული ფრაქცია ცხელებას, პირ-ხახის სიწითლეს, ტაქიკარდიასა და გამონაყარს იწვევს, თერმოსტაბილური ფრაქცია კი მოგვიანებითი პერიოდის გართულებების — მიოკარდიტის, გლომერულონეფრიტისა და ართრიტის განვითარებაში მონაწილეობს.

 

შეხვედრის ადგილი

სტრეპტოკოკს ინფიცირებული ან დაავადებული ადამიანი ხველის ან ცემინების დროს ნერწყვთან ერთად გამოყოფს. თუ პირი, ცხვირი ან თვალი ისეთ საგანს შეახეთ, რომელზეც აღნიშნული გამონაყოფი მოხვდა, შესაძლოა დაავადდეთ. დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება, თუ თქვენ და ავადმყოფი საერთო ჭიქიდან სვამთ, საერთო თეფშიდან მიირთმევთ ან მის ტანსაცმელს, თეთრეულსა თუ პირსახოცს ხმარობთ.

მართალია, ინფექცია უმეტესად პირ-ხახიდან იჭრება, მაგრამ შესაძლოა, მისი შეჭრა დაზიანებული კანიდან ან სხვა ადგილიდანაც მოხდეს. ლორწოვანზე მოხვედრის შემდეგ სტრეპტოკოკი იწვევს ანთებას, ჩირქოვან-ნეკროზულ ცვლილებებს; შეჭრის ადგილიდან ის სისხლისა და ლიმფის მეშვეობით რეგიონულ ლომფურ კვანძებში ხვდება. ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია, მაღალი ცხელება, წვრილი სისხლძარღვების დილატაცია ყველა ორგანოში, მათ შორის — კანსა და ლორწოვან გარსებში, რისი შედეგიცაა ქუნთრუშასთვის დამახასიათებელი კანისა და ხახის ლორწოვანის მკვეთრი ჰიპერემია.

 

სტრეპტოკოკის სამიზნეები

წლამდე ასაკის ბავშვები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით იშვიათად ხდებიან ავად. ქუნთრუშა ასევე იშვიათია 30-40 წლის შემდეგ. დაავადება უმეტესად სკოლამდელ და სასკოლო ასაკში გვხვდება. ქუნთრუშას მანიფესტირებული ფორმა ინიფიცირებულთა მესამედს ემართება. დანარჩენ შემთხვევებში საქმე ანგინით ან ლატენტური ინფექციით სრულდება.

 

პირველი ნიშნები

დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, თავისა და ყელის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, ტემპერატურის მატებით. თანდათან ძლიერდება ინტოქსიკაციის მოვლენებიც – საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება, უმადობა. ყალიბდება მწვავე ტონზილიტი, ყბისქვეშა ლიმფური კვანძები დიდდება და მტკივნეული ხდება. შესაძლოა, ამას დაერთოს შემცივნება, ღებინება, მუცლის ტკივილი.

 

ფერთა გამა

6-12 საათის შემდეგ შეწითლებულ კანზე ჩნდება წერტილოვანი გამონაყარი. თუმცა ისიც შესაძლოა, გამონაყარი დაავადების სხვა ნიშნებამდე ან სიმპტომების გაჩენიდან 7 დღის შემდეგაც განვითარდეს. ის განსაკუთრებით ინტენსიურია ლოყებზე, იღლიის არეში, მუცლის ქვედა ნაწილზე, საზარდულის მიდამოში და კიდურების მომხრელ ზედაპირებზე. გამონაყარი უხვია და ერთმანეთს ერწყმის. სახე, შუბლი, საფეთქლები გამონაყარითაა დაფარული, ლოყებს მკვეთრი წითელი ფერი ადევს, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი კი ფერმკრთალი და სუფთაა. ტუჩები ალუბლისფერია. ხშირია კანის ქავილი და ქავილის გამო – ნაკაწრებიც. პროცესში ენაც ერთვება. თავდაპირველად ის თეთრი ნადებით იფარება, მესამე-მეოთხე დღიდან კი ნადები სცილდება და წითელ ფერს იღებს. ენის დვრილები დიდდება – ამას “ჟოლოსებრ ენას” უწოდებენ. გამონაყარი პიკს მეორე-მესამე დღეს აღწევს, მერე ნელ-ნელა ქრება. მის გაქრობას თან სდევს კანის აქერცვლა. ის ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ ბავშვი კანს ხელთათმანივით იცვლის. ენის ჰიპერემია ავადმყოფობის მეორე კვირისთვის გაივლის, თუმცა დვრილები მესამე კვირამდე ჰიპერტროფიული რჩება.

ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი მესამე ნიშანი ტონზილიტია. ის უმეტესად კატარულია, იშვიათად – ჩირქოვანი ან ნეკროზული. ყელი და ნუშურები ამ დროს ძლიერ წითელი და მტკივნეულია, ზოგჯერ – ისეთი მტკივნეული, რომ ყლაპვა შეუძლებელი ხდება.

გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ტოქსიკურ ფორმებს. ყველაზე ხშირად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები გვხვდება. მძიმე ფორმა ძალზე იშვიათია და, წესისამებრ, მეორეული იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებთან გვხვდება.

 

რას ველოდეთ?

მართალია, ქუნთრუშას უმეტესად კეთილსაიმედო გამოსავალი აქვს, მაგრამ გართულებების ალბათობას მაინც ვერ გამოვრიცხავთ. სახელდობრ, შესაძლოა განვითარდეს:

* რევმატიზმი (ანთებითი დაავადება, რომელიც მოქმედებს გულზე, სახსრებზე, კანსა და თავის ტვინზე);
* თირკმელების დაავადება (თირკმელების ანთება, პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი);
* შუა ოტიტი (ყურის ინფექცია);
* კანის ინფექციები;
* აბსცესები ყელში;
* პნევმონია;
* ართრიტი.

 

ყველაზე მარტივი და ეფექტური

დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ხელების ხშირი ბანაა. ეს მარტივი პროცედურია არა მარტო ქუნთრუშისგან, არამედ მრავალი სხვა დაავადებისაგანაც დაგიცავთ. ამასთან, არ უნდა იხმაროთ სხვისი ჭურჭელი, თეთრეული, პირსახოცი და სხვა ჰიგიენური ნივთები. ქუნთრუშის საწინააღმდეგო ვაქცინა, როგორც გითხარით, არ არსებობს. გართულებების თავიდან ასაცილებლად კი, დაავადების დაწყებიდან დაახლოებით მე-10 დღეს ბავშვს შარდის საერთო ანალიზი უნდა აუღოთ და ეკგ გადაუღოთ.

 

ანტიბიოტიკები?

პირველი, რაც ქუნთრუშას მსგავსი სიმპტომების აღმოცენებისას უნდა გააკეთოთ, პედიატრთან მისვლაა. ექიმს კლინიკური ნიშნების საფუძველზე დიაგნოზის დასმა არ გაუჭირდება. შესაძლოა, საჭირო გახდეს A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის გამოყოფა პირ-ხახიდან აღებული ლორწოს ნათესში და სტრეპტოკოკის M პროტეიდის მიმართ ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა. ქუნთრუშა იმ ინფექციებს მიეკუთვნება, რომლებსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, მაგრამ გახსოვდეთ, ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მითითებით უნდა მიიღოთ. თვითმკურნალობა საშიშია.

 

საჭირო დროს, საჭირო დოზით

სამწუხაროდ, უმეტესობა ანტიბიოტიკებს მაშინ იღებს, როდესაც ისინი უსარგებლოა, იქ კი, სადაც მათი გამოყენება აუცილებელია, შინაური საშუალებებით შემოიფარგლებიან. გახსოვდეთ, ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიაზე მოქმედებს, სოკოებსა და ვირუსებს კი ვერაფერს ვნებს, ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მათი რაციონალური გამოყენება, ე. ი. მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ბაქტერიულ ინფექციასთან გვაქვს. სხვაგვარად ბაქტერიები ანტიბიოტიკებს მიეჩვევიან, მათ წინააღმდეგ შეუვალობას გამოიმუშავებენ და როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ვეღარ გვშველიან. ანტიბიოტიკრეზისტენტობა დღეს მსოფლიო პრობლემა და გლობალური გამოწვევაა. მის ჩამოყალიობებაში წვლილი თითოეულ ჩვენთაგანს შეაქვს, როდესაც არამიზნობრივად იღებს ანტიბიოტიკებს ან არასრულად იტარებს მკურნალობის კურსს. ქუნთრუშა იმ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა დროს ანტიბიოტიკების აუცილებლობა ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ თუ კურსს დროზე ადრე, სიცხის დაწევის ან გამონაყარის გაქრობისთანავე შეწყვეტთ, კიდევ ერთ ნაღმს შემატებთ საყოველთაო საფრთხეს, სახელად ანტიბიოტიკრეზისტენტობას.

 

როგორ ამოვიცნოთ?
* წითელი, ძლიერ მტკივანი ყელი
* შესივებული ტონზილები
* მაღალი – 39 0c და მეტი – ტემპერატურა
* წითელი წვრილწინწკლოვანი გამონაყარი
* კანის მკვეთრი სიწითლე იღლიებში, იდაყვსა და საზარდულის ნაოჭზე
* მოთეთრო ნადები ენაზე ან ხახის უკანა მხარეს
* ჟოლოსებრი ენა
* ღებინება ან გულისრევა
* თავის ტკივილი
* მუცლის ტკივილის
* სხეულის ტკივილი

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: