რა არის ბრონქიოლიტი და რა იწვევს მას?

გააზიარე:

 ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსების აქტიურობაც იმატებს. მათი უმრავლესობა სასუნთქი გზების ამა თუ იმ დაავადებას იწვევს. ასეთი “თავდასხმები” განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკის ბავშვებს აზარალებს. პატარები იწყებენ ხველას, უწევთ ტემპერატურა და მძიმედ სუნთქავენ. შესაძლოა, ყოველივე ამის მიზეზი მწვავე ბრონქიოლიტი იყოს, რომელიც ხშირად ემართებათ ამ ასაკის ბავშვებს.

 

  • რა არის ბრონქიოლიტი და რა იწვევს მას?

დაავადების არსის გასაგებად მოკლედ მიმოვიხილოთ სასუნთქი გზების ანატომია.

ჰაერის ნაკადი თავდაპირველად ადამიანის ცხვირსა და პირში ხვდება, საიდანაც ის ჯერ ხახაში, მერე კი ხორხში გადადის. ხორხის გაგრძელებაა ტრაქეა (იგივე სასულე), რომელიც ორად იყოფა და, თავის მხრივ, გრძელდება ბრონქულ ხეში. ბრონქები სხვადასხვა ზომისაა. მათ შორის ყველაზე პატარებია ბრონქიოლები (2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრით), რომლებსაც ხრტილოვანი ქსოვილი არ გააჩნია და ადვილად იხშობა. ინფექციური აგენტის ზემოქმედების შედეგად ბრონქიოლებში ვითარდება ანთება – ბრონქიოლიტი. ანთებითი ქსოვილი შუპდება, გამოყოფს ლორწოს. ორ წლამდე ასაკის ბავშვებს ძალიან ვიწრო ბრონქიოლები აქვთ და ლორწო მათ ადვილად ახშობს. დახშულ ბრონქიოლებში ჰაერის ნაკადის მოძრაობა იწვევს ვიზინგს – ხმაურიან სუნთქვას. გარდა ამისა, ირღვევა აირთა ცვლა, ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს.

ეს ანატომიური თავისებურები ხომ ყველა პატარას ახასიათებს. მაშ, ყველა რატომ არ ხდება ავად?

საქმე ის არის, რომ არსებობს რისკფაქტორები, რომლებიც ზრდის ბრონქიოლიტის განვითარების რისკს. ესენია:

* დღენაკლულობა;
* ხელოვნური კვება;
* 12 კვირაზე ნაკლები ასაკი;
* ფილტვის დაავადებები, მაგალითად, ბრონქოპულმონური დისპლაზია;
* სასუნთქი გზების თანდაყოლილი ანატომიური დეფექტები;
* გულის თანდაყოლილი დაავადებები;
* იმუნოდეფიციტი და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
* ნევროლოგიური დაავადებები;
* პასიური მწეველობა;
* ცუდი სოციალურ-ეკონომიკური პირობები;
* და-ძმები, რომლებიც ბაღში ან სკოლაში დადიან.

 

  • რამდენად ხშირია?

ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ბრონქიოლიტის ყოველწლიურად 150 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხება. აქედან 11-20 მილიონი (7-13%) ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვს. ავადობა განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში. რაც შეეხება ასაკობრივ სტატისტიკას, პიკი 2-დან 8 თვემდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ბიჭებს ბრონქიოლიტი გოგონებზე 1,25-ჯერ ხშირად ემართებათ. წლამდე ასაკის ბავშვებთან ბრონქიოლიტი ქვედა სასუნთქი გზების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

 

  • მთავარი “დამნაშავე”

ბრონქიოლიტს სეზონურობა ახასიათებს. ავადობის სეზონი ნოემბრიდან იწყება და აპრილამდე გასტანს, პიკს კი იანვარ-თებერვალში აღწევს. გამომწვევი ასიდან 60 შემთხვევაში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსია(RSV). შემთხვევათა დანარჩენი 40% გრიპის ვირუსით, პარაგრიპის ვირუსით, რინოვირუსით, ადამიანის მეტაპნეუმოვირუსით (9-30%) და სხვა ვირუსებითაა გამოწვეული.

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ორი ტიპისაა: A და B. A ტიპის ვირუსი უფრო მკაცრია და დაავადების მძიმე მიმდინარეობასთან ასოცირდება. სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ვირუსი დომინირებს. აღსანიშნავია, რომ RSV-ინფექციით უფროსი ასაკის ბავშვებიც ავადდებიან, თუმცა ბრონქიოლიტი აღარ ემართებათ და ავადმყოფობა ბანალური გაციების იქით აღარ მიდის. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა სუნთქვის, ცემინებისა და ხველის დროს. ის რამდენიმე საათს ძლებს კანზე, განსაკუთრებით – ხელებზე. ბრონქიოლიტით დაავადებული პატარა სხვა ბავშვებს უნდა მოარიდოთ.

 

  • როგორ ამოვიცნოთ ბრონქიოლიტი

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2-5 დღეა. პირველ დღეებში თავს იჩენს ყველასთვის კარგად ნაცნობი გაციების სიმპტომები: უმადობა, ცხვირიდან სეროზული გამონადენი, სუსტი ხველა, ცხელება (38 და მეტი). დაავადების პროგრესირებასთან ერთად ინფექცია ქვედა სასუნთქ გზებში გადაინაცვლებს და სიმპტომებიც მძიმდება:

* ძნელდება და ხშირდება (წუთში 60-80-მდე) სუნთქვა, ხდება ხმაურიანი, მსტვენი და ასე გრძელდება დაახლოებით 7 დღეს;
* ხველა მუდმივია და დაახლოებით 14 დღეს გასტანს;
* ქვეითდება მადა, სითხის მიღებაზე უარის თქმას ხშირად გაუწყლოებამდე მივყავართ.

 

  • საშიშროების ნიშნები

* აპნოე (სუნთქვის შეჩერება 15-20 წამზე მეტი ხნით) ჩვილებთან, განსაკუთრებით – დღენაკლულებსა და ორ თვემდე ასაკის პატარებთან, ზოგჯერ ბრონქიოლიტის პირველი ნიშანია.
* მძიმე ბრონქილიტზე მიანიშნებს რეტრაქციები (კანისა და კუნთების ჩადრეკა ნეკნთაშუა არეებსა და კისრის მიდამოში), ნესტოების დაბერვა და ხმაურიანი სუნთქვა.
* დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვითარდება ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა). კანი მოლურჯო ელფერს იღებს. ციანოზი თავდაპირველად თითებზე, ფრჩხილებზე, ყურის ბიბილოებზე, ცხვირის წვერზე, ტუჩებზე იჩენს თავს.

ეს ნიშნები სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობაზე მეტყველებს. ნუ წაიყვანთ ბავშვს კლინკაში საკუთარი მანქანით, ტრანსპორტირებისთვის გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

12 კვირამდე ასაკი მძიმე გართულებების ძლიერ რისკფაქტორად მიიჩნევა ამიტომ ამ ასაკის პატარებისთვის აუცილებელია ჰოსპიტალური მკურნალობა და მეთვალყურეობა.

 

  • დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბრონქიოლიტის დიაგნოზს კლინიკური სურათის, ობიექტური გასინჯვის მონაცემებისა და ასაკის მიხედვით სვამენ. თავდაპირველად უნდა შეფასდეს საერთო მდგომარეობა და განისაზღვროს სტაციონარული მკურნალობის საჭიროება. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის (AAP) რეკომენდაციით, გულმკერდის რენტგენოგრაფიისა და სისხლის საერთო ანალიზის რუტინული ჩატარება საჭირო არ არის. გულმკერდის რენტგენოგრაფია შეიძლება ჩატარდეს მაშინ, თუ ექიმმა მეორეული ბაქტერიული გართულება – ბაქტერიული პნევმონია იეჭვა. ვინაიდან გამომწვევი სხვადასხვა ვირუსია, რუტინულად არც ვირუსოლოგიური გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. აუცილებელია პულსოქსიმეტრია, რომლის მიხედვით ექიმი დაადგენს, სჭირდება თუ არა პაციენტს ოქსიგენოთერაპია (ჟანგბადის მიწოდება).

მკურნალობა გულისხმობს ადეკვატურ ჰიდრატაციას (ორგანიზმის სითხით შევსებას) და სუნთქვის გაადვილებას. ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელებას 2-5 დღის შემდეგ იწყებს, მაგრამ ხმაურიანი სუნთქვა შესაძლოა კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს, ხველამ კი 2 კვირამდეც გასტანოს.

ბრონქიოლიტი სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს. თერაპია სიმპტომურია. ბინაზე მკურნალობისას აუცილებელია სითხის მიღება, ტემპერატურის კონტროლი, ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება. სუნთქვის გახშირების გამო ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, ამიტომ ასვით პატარას რაც შეიძლება მეტი სითხე. თუ ბავშვი საკვებზე უარს ამბობს, ჩვეულებრივზე ნაკლებს შარდავს და, ამასთან, აღებინებს, აუცილებლად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

აკონტროლეთ ტემპერატურა. სიცხის დასაწევად გამოიყენეთ აცეტამინოფენი – პარაცეტამოლი. 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მისცეთ იბუპროფენიც. თუ ცხელებას ვერ მართავთ, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.

ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ნატრიუმის ქლორიდის შემცველი წვეთები და სპრეი.

ხველის დამთრგუნველი საშუალებები ბრონქიოლიტის დროს არ არის რეკომენდებული – ხველა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომელიც ფილტვებს ასუფთავებს. არ მოსწიოთ შინ – სიგარეტის კვამლი ხველას აძლიერებს. ანტიბიოტიკოთერაპია უსარგებლოა – როგორც აღვნიშნეთ, ბრონქიოლიტი ვირუსული დაავადებაა და ანტიბიოტიკები მასზე არ მოქმედებს. ეს წამლები მხოლოდ მაშინ ინიშნება, როცა საქმე გვაქვს მეორეულ ბაქტერიულ ინფექციასთან. კერძოდ, ბრონქიოლიტს შესაძლოა დაერთოს ბაქტერიული ოტიტი ან პნევმონია (იშვიათად).

 

  • სტაციონარული მკურნალობა

100-დან დაახლოებით 3 შემთხვევაში ბრონქიოლიტი სტაციონარულ მკურნალობას მოითხოვს. ხშირად პატარები სტაციონარში იმიტომ ხვდებიან, რომ სუნთქვის გაძნელების გამო ჭამასა და სმაზე უარს ამბობენ. ამ შემთხვევაში სტაციონარში ინტრავენური ინფუზია ტარდება.

თუ გამოხატულია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპოქსია, ციანოზი (სატურაცია 92-90%-ზე ნაკლებია), საჭიროა ოქსიგენოთერაპია, ჟანგბადის მიწოდება ცხვირის კანულით ან ნიღბით.

AAP-ის უახლესი რეკომენდაციის თანახმად, ბრონქიოლიტის სამკურნალოდ რუტინულად აღარ გამოიყენება ინჰალაციური ბრონქოდილატატორები (ალბუტეროლი) და ეპინეფრინი (ადრენალინი), სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები, ინჰალაციები ჰიპერტონული ხსნარით – კვლევებმა დაადასტურა მათი მცირე ეფექტი ბრონქიოლიტის დროს.

 

  • როგორ დავიცვათ თავი

ავადმყოფობასთან ბრძოლის საუკეთესო გზა, რა თქმა უნდა, მისი თავიდან აცილებაა. საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს:

1. ხშირად იბანეთ ხელები საპნით, განსაკუთრებით – სანამ ბავშვს შეეხებით. შეიმშრალეთ ერთჯერადი ხელსახოცით.

2. ხშირად დაბანეთ ხელები ბავშვსაც.

3. გამოიყენეთ სპირტზე დამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.

4. თავი არიდეთ შინ მოწევას, რადგან სიგარეტის კვამლი სასუნთქი გზების დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

5. როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, მოარიდეთ ჩვილი დაავადებულ ოჯახის წევრებს და ნაცნობებს. ავადმყოფი ბავშვი ბაღში არ წაიყვანოთ, რომ ინფექცია არ გაავრცელოს.

5.სასურველია, 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვს ყოველწლიურად ჩაუტაროთ გრიპის ვაქცინაცია.

7. ორ წლამდე ასაკის ბავშვების განსაზღვრულ კატეგორიას სპეციფიკური პროფილაქტიკა სჭირდება. ამაზე უმცროს პატარებს, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე – 12 თვეზე უმცროსი ასაკის გულის დაავადებების მქონე დღენაკლულ ჩვილებს რეკომენდებულია ჩაუტარდეთ პროფილაქტიკა პალივიზუმაბით. პალივიზუმაბი მონოკლონური ანტისხეულებია და იცავს ფილტვებს ღშV ინფექციით მძიმე დაზიანებისგან. მკურნალობის კურსი მოიცავს ინტრამუსკულარულ ინექციას თვეში ერთხელ 5 თვის განავლობაში ღშV-ის სეზონის დაწყებამდე.

 

  • ასთმა და ბრონქიოლიტი

ბევრს აინტერესებს, არსებობს თუ არა კავშირი ადრეულ ასაკში განვითარებულ ბრონქიოლიტსა და ასთმას შორის. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრონქიოლიტის რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ ასთმის განვითარების რისკი იზრდება, თუმცა ეს არ არის საბოლოო მტკიცებულება. ზოგი მეცნიერი ამ მოსაზრებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საკითხი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია.

თეონა ირემაძე

გააზიარე: