დედა-შვილის მიჯაჭვულობა – ამოუცნობი ფენომენი

გააზიარე:

დედაშვილობის საიდუმლო არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მხატვრები დედა-შვილს უმეტესად ძუძუთი კვების დროს გამოსახავდნენ. თანამედროვე გამოკვლევების თანახმად, ძუძუთი კვება, გარდა იმისა, რომ ჩვილს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და ანტისხეულებით ამარაგებს, მისი ფსიქოემოციური, პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა. ამ დროს გაღებული სითბო და სიყვარული დედას და მასთან ერთად მთელ საზოგადოებას თურმე ბუმერანგივით უბრუნდება უკან. სწორედ ამიტომ იქცა დედაშვილობის სიმბოლოდ ძუძუთი კვება. გასაოცარია, მაგრამ მეცნიერებმა ძველი ანდაზებისა თუ ლიტერატურული ნაწარმოებების ჭეშმარიტებაც კი დაადასტურეს. ამ საინტერესო დასკვნებისა და დედაშვილობის მისტიკური ფენომენის ფსიქოემოციურ ასპექტებზე პედიატრიული კლინიკა “გლობალმედის” ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთი ნემსაძე გვესაუბრა:

– დედა-შვილის ურთიერთმიჯაჭვულობა დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება. ჩვენთვის უცნობია მისი ბუნება, მაგრამ ვიცით, რა გავლენას ახდენს ის ბავშვის მომავლზე. და ვინაიდან ეს გავლენა უდიდესი და უმნიშვნელოვანესია, ამ საკითხებში გარკვევა ყველა ქალს, დედასა თუ პოტენციურ დედას სჭირდება.

მიჯაჭვულობა ფართო ცნებაა. ის მოიცავს პიროვნების ყველა ასპექტს – ფიზიკურს, ფსიქიკურს, ემოციურს, სოციალურს.

მიჯაჭვულობის ფორმირება მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. ნაყოფი თავდაპირველად ფიზიკურად არის მიჯაჭვული დედას, ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ კი ფიზიკური კავშირი წყდება და იწყება ფსიქოემოციური მიჯაჭვულობა.

მართალია, დედისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მთელი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ მისი ინტენსივობა სხვადასხვაა. ეს კავშირი ყველაზე მჭიდროა პირველ ექვს თვეს, მერე და მერე, ორ წლამდე, შედარებით სუსტდება, ორი წლდან კი იწყება განჯაჭვულობა. ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. სხვაგვარად ბავშვი დამოუკიდებელ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება.

  • – რა ახდენს გავლენას დედა-შვილის მიჯაჭვულობაზე?

– უპირველეს ყოვლისა, ორსულობის მიმდინარეობა. ნაყოფს მუცლად ყოფნის პერიოდში ესმის დედის ხმა, მეტიც – ნაწლავის, გულისა და სხვა ორგანოების ხმასაც კი იმახსოვრებს. იაპონელებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჩაიწერეს ორსულის ნაწლავის ყურყური და ჩვილს ასმენინებდნენ; ჩვილი თითქმის არ ტიროდა, რადგან იცოდა, რომ დედა მის გვერდით იყო. ბავშვს ახსოვს ისიც, რა საკვებს იღებდა დედა, როგორ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იყო ის და ა. შ. ამიტომ ორსული შვილს უნდა ეფერებოდეს, უმღეროდეს და რაც შეიძლება მშვიდად იყოს.

დაბადების შემდეგ, როდესაც ბავშვი დედის წიაღს შორდება, იწყება მიჯაჭვულობის ახალი ეტაპი. ამ განშორებამ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ უნდა ჩაიაროს. ამის ერთ-ერთი გარანტია ისაა, რომ ბავშვი დაბადებისთანავე მივიყვანოთ დედასთან. მისი აწონა არ არის საჭირო. გამშრალების შემდეგ უმალვე უნდა მოხდეს კანით კანთან კონტაქტის ადრეული ინიცირება. ამ დროს ბავშვი უსაფრთხოებას გრძნობს. დედა-შვილი 30 წუთს მაინც უნდა იყოს ერთად. დადგენილია, რომ ამ დროს ახალშობილის ორგანიზმში მცირდება კონცენტრაცია კორტიზოლისა, რომელიც სტრესული ჰორმონია. ეს ბავშვს იმუნოლოგიურად და ფსიქოემოციურად ამზადებს გარე სამყაროსთან შესახვედრად. მიჯაჭვულობის გაგრძელება ხდება ძუძუთი კვებით, რომელიც ორ წლამდეა რეკომენდებული. ეს, ფაქტობრივად, ერთ-ერთი საფუძველია, რომელსაც დედაშვილობა უნდა დაეშენოს. დედა-შვილის სიახლოვე უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც, განსაკუთრებით – პირველ 6 თვეს. 6 თვემდე ბავშვს აბსტრაქტული აზროვნება არ შეუძლია, მას ვერ აუხსნი, რომ დედა წასულია და მალე დაბრუნდება. მისთვის საჭიროა ობიექტის მუდმივობა, მისთვის “დედა” არის ის, რასაც ეხება. ამიტომ ის ხშირად უნდა იყოს დედის სხეულთან ახლოს. 6 თვის შემდეგ ბავშვი ნელ-ნელა უკვე უნდა მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას. ამ პერიოდში მის რაციონში შედის დამატებითი საკვებიც. დამატებითი საკვების მიცემა და ძუძუთი კვების თანდათანობითი შემცირება განჯაჭვულობას უწყობს ხელს.

  • – რაკი დედა-შვილის სიახლოვე ასეთი მნიშვნელოვანია, რა იღონოს დედამ, რომელსაც სამსახურის გამო მუდმივად ბავშვთან ყოფნა არ შეუძლია?

– ბუნებრივია, დღეს ქალებს ვერ ვეტყვით, რომ სახლში დასხდნენ. მათი მუშაობა ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია. პირველი 6 თვე შეიძლება დეკრეტული შვებულების გამოყენება. თუ გამოუვალი აუცილებლობაა, ქალმა უნდა დაიცვას მომუშავე დედის რეჟიმი: გამოიწველოს რძე, რომელიც 4 საათია ვარგისი, მერე კი ან შესვენების დროს მობრუნდეს და აჭამოს ბავშვს, ან, თუ მოხერხდება, სამსახურში მიუყვანონ პატარა. დღის დანაკლისის კომპენსაცია კი საღამოს და ღამით უნდა მოხდეს.

აქვე აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი, რასაც საქართველოში მივაღწიეთ, კარგი დეკრეტული შვებულებაა, მაგრამ როდესაც მონიტორინგი ჩავატარეთ, აღმოჩნდა, ზოგიერთ კომპანიაში მას არ იყენებდნენ. მინდა, ყველა დამსაქმებელს მოვუწოდო, სამუშაო ადგილებზე ჩვილ ბავშვთა ოთახები გააკეთონ. ამ მხრივ მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

  • – როცა დედა დაკავებულია, ვინ შეიძლება შეცვალოს ის?

– ბავშვის გაზრდაში შეიძლება დავიხმაროთ კარგად გაწვრთნილი ძიძა, რომელსაც აქვს ჩვილის აღზრდის გამოცდილება და ამ სფეროში სპეციალური განათლება. რასაკვირველია, შეიძლება, შვილი ბიოლოგიურ ნათესავს დავუტოვოთ. მაგალითად, ბებიას. მაგრამ დედას ვერავინ შეცვლის. დედა იმდენად ბევრს ნიშნავს ბავშვისთვის, მას კონკურენცია არავინ უნდა გაუწიოს. ერთ-ერთმა დედამ სიამაყით მითხრა, ისეთი კარგი ძიძა მყავს, ბავშვი მას დედას ეძახისო. ასე არ შეიძლება. ასე მაშინ ხდება, როდესაც დედას თავად არ აქვს შვილთან მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა ორმხრივი პროცესია, ორმხრივ ჩართულობას და სითბოს მოითხოვს. ყველა დედას ვურჩევ, წაიკითხოს სათანადო ლიტერატურა და გაიგოს, რა არის მიჯაჭვულობა და რატომაა ის აუცილებელი. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ, მაგალითად, ყურადღების დეფიციტის სინდრომი უმეტესად სწორედ ისეთ ბავშვებს უვითარდებათ, რომლებსაც მიჯაჭვულობა აკლდათ. ასეთი ბავშვები უფრო აგრესიულებიც არიან. საზოგადოდ, მიჯაჭვულობის ნაკლებობა, ისევე როგორც მისი ზედმეტად გახანგრძლივება, მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას უდებს სათავეს.

  • – ეს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას?

– ცხადია. როგორც აღვნიშნეთ, მიჯაჭვულობის ფორმირებაში ორ ფაქტორს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა: კანით კანთან კონტაქტს და ძუძუთი კვებას. ორივე მათგანი ჯანმრთელობისთვისაც მეტად სასარგებლოა. კანით კანთან კონტაქტის დროს ბავშვი იღებს დედის მიკროფლორას, რომლის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც მუცლად ყოფნის პერიოდში აქვს მიღებული, ამიტომ ამ ფლორის მიმართ იმუნურად შეუვალია. კანს კლონიზაციური კონკურენტული ტოლერანტობა ახასიათებს – თუ იქ რომელიმე მიკრობმა მოასწრო ჩასახლება, სხვა ვეღარ ჩასახლდება. “სხვა” მიკრობები კი არიან ნოზოკომიური ანუ საავადმყოფოსშიდა ინფექციების გამომწვევები, რომლებსაც ბავშვისთვის კარგი არაფერი მოაქვთ. ასე რომ, განურჩევლად იმისა, როგორ იცავს დედა ჰიგიენას, ბავშვისთვის მისი მიკროფლორა ჯანმრთელია, ჩვენ კი კანით კანთან კონტაქტით უნდა დავასწროთ მავნე ფლორას პატარას კანში ჩასახლება – ეს მისი ჯანმრთელობის საწინდარია.

ჯანმრთელობის საწინდარია ძუძუთი კვებაც. ნივთიერებათა ცვლით დაწყებული, მშვიდი ძილით დამთავრებული, ის ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე დადებითად მოქმედებს. ამასთან, დადგენილია, რომ გენეტიკური პოტენციალის ფარგლებში 10%-ით ზრდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსაც. იმ რთულ ფსიქოემოციურ ურთიერთობებზე, რასაც ლაქტაცია უწყობს ხელს, უკვე ვისაუბრეთ.

  • – თუ დედას რძე არ აქვს?

– რძე ყველა დედას აქვს, უბრალოდ, ზოგს არ ჰყოფნის განათლება და სურვილი, ძუძუ აწოვოს შვილს. ძალიან იშვიათია შემთხვევები, რომ დედას რძე არ ჰქონდეს.

  • – მაგრამ ჩვენ გარშემო ამას ბევრი უჩივის...

– არც ისე ცოტა ქალთან მიხდება კონტაქტი და ჯერ არ მინახავს დედა, რძე რომ არ ჰქონდეს. წესისამებრ, ან საქმე გვაქვს სამშობიარო სახლის კორუფციასთან, რომელიც მელოგინე ქალს ხელოვნურ საკვებს სთავაზობს, ვინაიდან ყველაზე დიდი კომერციული ინტერესი სწორედ ძუძუთი კვების შემცირებაა, ან თავად დედას არ გაუცნობიერებია ძუძუთი კვების მნიშვნელობა. სხვა საქმეა, რომ განსაზღვრულ ვითარებაში, მაგალითად, ფენილკეტონურიის, გალაქტოზემიის დროს, ქალს ძუძუთი კვება ეკრძალება.

თუ ხელოვნური კვება მაინც გარდაუვალია, ის იმავე პოზაში უნდა განხორციელდეს, როგორშიც ძუძუთი კვება – ბავშვს უნდა ვაჭამოთ ხელში აყვანილს და მკერდზე მიყრდნობილს, აუცილებლად სითბოთი და ალერსით.

  • – მშობიარობის გზა თუ ახდენს გავლენას მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაზე?

– საზოგადოდ, ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვი ფსიქოემოციურად უფრო ჯანმრთელი და დამოუკიდებელია. მშობიარობის დროს ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, თავადაა ინიციატორი და მშობიარობის წარმმართველი. საკეისრო კვეთით გაჩენილ ბავშვებთან საკითხი სხვაგვარად დგას – მათ მაგივრად ხომ გადაწყვეტილებას მეანი იღებს. არსებობს ცილა, რომელიც ვაგინალური მშობიარობის დროს წარმოიქმნება. საკეისრო კვეთისას მისი სინთეზი ირღვევა. აღმოჩნდა, რომ ეს ცილა განაგებს ცხიმოვან ცვლასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს, ამიტომ საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს მთელი ცხოვრება უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: ეკრანზე ანთებდენ ფერად წერტილს, რომელიც ერთ კუთხეში ინთებოდა, მერე ქრებოდა და მეორეში ჩნდებოდა. ვაგინალური მშობიარობით დაბადებული ბავშვები მისდევდნენ სინათლეს, საკიესრო კვეთით გაჩენილები კი უფრო მეტხანს უყურებდნენ იმ ადგილს, სადაც წერტილი ჩაქრა, ანუ სწრაფად ვერ იღებდენ გადაწყვეტილებას, ის სხვაგან მოეძებნათ. ეს არ ნიშნავს, რომ საკესირო კვეთა საშიში ოპერაციაა – სათანადო ჩვენებით ის ხშირად დედისა და შვილის გადარჩენის ერთადერთი საშულაებაც კია, მაგრამ ამ გზით დაბადებულ ბავშვებს უფრო მეტი ყურადღება და სითბო სჭირდებათ. მიჯაჭვულობაც უფრო მძლავრი უნდა იყოს. ამ ყველაფრის კომპენსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ძუძუთი კვებაა.

  • – სად უნდა ეძინოს ბავშვს?

–  ამის თაობაზე ბევრს დავობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ბავშვებს ცალკე ოთახში ეძინათ, უეცარი სიკვდილის სინდრომი უფრო ხშირი იყო, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს რეკომენდაციაში წერია, რომ ბავშვი სამ წლამდე იმავე ოთახში უნდა იწვეს, სადაც დედა წევს. თუ დედა არ არის ალკოჰოლდამოკიდებული, არ იღებს ეპილეფსიურ საშუალებებს და მასთან არ წვანან სხვა ბავშვები, შეუძლია, პატარა თავის საწოლშიც დააწვინოს.

  • –  როდის და როგორ უნდა დაიწყოს განჯაჭვულობა?

–  განჯაჭვულობის დროული და ადეკვატური დაწყება ისევე აუცილებელია, როგორც სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე მიჯაჭვულობის ფორმირება. დადგენილია, რომ რაც უფრო მჭიდრო და ახლოა მიჯაჭვულობა, მით უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ ხდება განჯაჭვა, მით უფრო დამოუკიდებელია, მით უფრო ძლიერია ბავშვი, მით უკეთესი კრიტიკული აზროვნება აქვს და ადვილად იღებს გადაწყვეტილებებს. როდესაც ბავშვი ემოციურად დაკმაყოფილებულია, სითბო და სიყვარული არ აკლია, ის იოლად გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. როგორც აღვნიშნეთ, 6 თვემდე ბავშვისთვის საჭიროა ობიექტის მუდმივობა, 6 თვიდან კი მას უკვე შეუძლია იმის აღქმა, რომ დედა წავა და აუცილებლად დაბრუნდება. ძლიერი მიჯაჭვულობით გაზრდილი ბავშვი დედას არ გაეტირება – მას სჯერა, რომ დედას ის უყვარს. როცა პატარას სითბო აკლია, სწორედ მაშინ იჩენს თავს ათასგვარი პრობლემა, მათ შორის – ჭირვეულობაც, რითაც ბავშვი სითბოს დეფიციტის შევსებას ცდილობს.

განჯაჭვულობის დაგვიანება ძალიან უსიამოვნო შედეგებს იწვევს. ზოგ დედას ეგოისტური დამოკიდებულება აქვს – სურს, შვილი მუდამ მას ექვემდებარებოდეს. ასე გაზრდილი ბავშვი საზოგადოებას და საკუთარ თავს მრავალ პრობლემას უქმნის. იტალიაში მათ Mama in house-ებს ეძახიან. ასეთი მამაკაცები ამჯობინებენ, დედა შინ ჰყავდეთ, საყვარელი ქალი კი გარეთ. ეს სამხრეთევროპელების დიდი პრობლემაა. ის არანაკლებ აქტუალურია საქართველოშიც, სადაც დამოუკიდებლობის გზაზე ბავშვს ბევრი რამ ეღობება წინ. პატარას ექვსი თვიდან უნდა მისცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგალითად, დაუდოთ ორი თეფში და რომელსაც აირჩევს, იქიდან აჭამოთ. არჩევანი ყველა შემთხვევაში უნდა მოუწონოთ და პატივი სცეთ.

  • – ასე თავნება ხომ არ გაიზრდება?

– არავითარ შემთხვევაში. ასე ის ისწავლის გადაწყვეტილების მიღებას, კრიტიკული აზროვნება და საკუთარი თავის რწმენა ჩამოუყალიბდება.

– მამის მიმართ თუ არსებობს მიჯაჭვულობა?

– არსებობს, თუ მას მამა გამოიმუშავებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედა-შვილის მიჯაჭვულობა თავისთავადი პროცესია. მხოლოდ ქალს შესწევს უნარი, ნაყოფი 9 თვე მუცლით ატაროს და ძუძუ აწოვოს. მუცლად ყოფნის პერიოდში დედა-შვილს შორის უხილავი კავშირები ყალიბდება, მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იმთავითვე არსებობს. მამას კი ამისთვის შრომა სჭირდება. ამას ძალიან უწყობს ხელს მეუღლისადმი მამის მზრუნველობა ორსულობისას და ბავშვის გაზრდაში მისი მონაწილეობა. მამა უნდა ესაუბროს ნაყოფს, თუ დედას საკეისრო კვეთა ზოგადი ნარკოზით ჩაუტარდა, კანით კანთან კონტაქტი მამასთან უნდა მოხდეს და ა.შ. სრულყოფილი ოჯახი მამის გარეშე არ არსებობს.

–  დედასაც აქვს ბავშვისადმი მიჯაჭვულობა?

–  რა თქმა უნდა. ეს, როგორც მოგახსენეთ, ორმხრივი პროცესია. დედის მიჯაჭვულობას ექსტრაორდინარულ მიჯაჭვულობას, დედის ინტუიციურ ქცევას უწოდებენ. ექსტრაორდინარულ მიჯაჭვულობაზე ახლა ბევრი იწერება. ეს არის ინტუიცია, როდესაც დედა მოშორებით მყოფიც კი გრძნობს, როცა ბავშვს რაღაც უჭირს ან, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო განათლება არ აქვს, ხვდება, რა სჭირდება პატარას.

  • – მუნჯის ენა დედამ იცისო...

– სწორედ ასეა. ეს ინტუიცია სწორედ ორმხრივი ურთიერთობის ფონზე ყალიბდება.

შემიძლია გაგაცნოთ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ძალზე საინტერესო კვლევის შედეგები, რომელმაც ცხადყო, რომ ვაჟები მუცლად ყოფნისას ისეთ ღეროვან უჯრედებს აძლევენ დედას, რომ მათ ონკოლოგიური დაავადებების მძიმე ფორმები აღარ ემართებათ.

დადგენილია, რომ არსებობს მუსიკალური მიჯაჭვულობაც. როდესაც დედა შვილს უმღერის, ეს მელოდია მას წლების შემდეგაც კი ახსოვს. ალბათ, ყველას გაგახსენდათ “იავნანამ რა ჰქმნას” სიუჟეტი, რომელიც სავსებით რეალურ მოვლენაზე ყოფილა დაფუძნებული. ასე რომ, ხშირად უმღერეთ თქვენს პატარას, მოეფერეთ და მოესიყვარულეთ მას. ეს თქვენი და თქვენი შვილის ბედნიერებისა და ჯანმრთელობის საწინდარია.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: