რატომ მოსწონთ ბავშვებს საშიში თამაშები
გააზიარე:
ვიდეოთამაშები ბავშვების ყოველდღიურობად იქცა. მშობლებს ისღა დაგვრჩენია, ვაკონტროლოთ, რა სახის თამაშებს ირჩევენ ბავშვები და რამდენ დროს უთმობენ მათ.
საშიში (horror) თამაშები ვიდეოთამაშების ერთ-ერთი ჟანრია. მათში, ისევე როგორც საშინელებათა ფილმებში, აქცენტი დაისმის შიშზე, ძრწოლაზე, ელდაზე და, რაც დღესდღეობით ასე პოპულარულია, ფუმფულა და იდეურად საყვარელი პერსონაჟების საშიშად წარმოჩენაზე.
ჰაგი ვაგი (Huggy Wuggy), დათუნია ფრედი (5 nights at Freddy's) , აის სქრიმი (Ice Scream) ― ეს ის პერსონაჟები არიან, რომლებსაც 8-10 წლის მოზარდების 90 პროცენტი წამში ამოიცნობს და გეტყვით, რომ ძალიან მოსწონს ისინი.
ამაში საკვირველი არაფერია. თუ გავიხსენებთ ჩვენი ბავშვობის დროინდელ საშინელებათა ჟანრის ფილმებსა და მულტფილმებს, ისევ დაგვეუფლება ის განცდა, როდესაც თან გეშინია, თან საშინლად გაინტერესებს, რა მოხდება შემდეგ. ასევე არიან დღევანდელი მოზარდებიც, ოღონდ ცნობისმოყვარეობას ემატება უმაღლესი ხარისხის გრაფიკაც ძალიან საინტერესო ამბებთან ერთად, რაც ამ თამაშებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
მაინც რატომ იზიდავს ბავშვს საშიში თამაშები და პერსონაჟები?
თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ მიზეზი ძალიან ბევრია. პირველი თეორია, რომელსაც ფსიქოლოგები განიხილავენ, გულისხმობს, რომ საშინელებათა ჟანრის თამაშები ბავშვს აძლევს საშუალებას, განიცადოს უცხო შეგრძნებები, რომლებთან შეჯახებაც მშობლების მიერ კონტროლირებად სამყაროში არასოდეს უწევს. სწორედ ეს ამოუცნობი განცდები უღვიძებს მას ასეთ ცხოველ ინტერესს.
კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ჰორორის ჟანრის თამაშებით ბავშვი ცდილობს, გარშემო მყოფებს დაანახოს, რომ უკვე დიდია და, მაგალითად, სიბნელის აღარ ეშინია (თუმცა შესაძლოა, სინამდვილეში ძალიანაც ეშინოდეს), ხოლო ფუმფულა და საყვარელ დათუნია ტედის საშიშ ფრედისთან ერთად თამაში ურჩევნია.
კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ თამაშში საშიში გმირების დამარცხება ბავშვს რეალურ ცხოვრებაშიც ძლიერად აგრძნობინებს თავს. ის მიიჩნევს, რომ თუ თამაშში ასეთი საშიში და ბოროტი გმირის დამარცხება შეძლო, არც რეალურ სამყაროში გაუჭირდება ამის გაკეთება.
იმას, თუ რატომ იზიდავს საშიში თამაშები მოზარდს ასე ძალიან, კიდევ ერთი ახსნა აქვს. ხშირად ბავშვები ამ თამაშებს გუნდურად თამაშობენ, თამაშის მსვლელობისას ერთმანეთს ესაუბრებიან და ეს გუნდურობის განცდა, ერთმანეთის დახმარების შესაძლებლობა, ის, რომ მეგობრებიც გვერდით ჰყავს და ამ საშიშ სამყაროს მათთან ერთად უპირისპირდება, ბავშვს ძალიან სიამოვნებს. შესაძლოა, მოზარდები რეალურ სამყაროში დიდად არ მეგობრობდნენ, მაგრამ თამაშებში უპირობო პარტნიორები იყვნენ, რადგან ერთად ყველაზე ადვილად ამარცხებენ ბოროტ გმირს.
საშიში სამყაროს დადებითი გზავნილები
ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია საშიშ თამაშებს მცირეწლოვნებზე. ღამის კოშმარები, სიბნელის შიში, მარტო დარჩენის შიში, დერეალიზაცია ― ეს იმ პრობლემების მცირე ნაწილია, რომლებსაც ბავშვებში ასაკისთვის შეუსაბამო კონტენტთან შეხება იწვევს.
მაგრამ, მოდი, დადებით ჭრილშიც განვიხილოთ საშიში თამაშები. ამის საუკეთესო მაგალითია ნილ გეიმანის "კორელაინი", რომლის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზრდილებს შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კორელაინი არის გოგონა, რომელიც მშობლებთან ერთად გადადის ახალ სახლში. კორელაინს ეჩვენება, რომ მშობლებს მისთვის არასოდეს სცალიათ. გოგონა თავის შესაქცევად კარ–მიდამოს თვალიერებას იწყებს და აღმოაჩენს საიდუმლო კარს, რომლის მიღმაც იდეალური, საოცნებო ოჯახი ხვდება. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს ოჯახი არცთუ ისე იდეალურია. "სხვა დედა" და "სხვა მამა", ― ასე უწოდებენ საკუთარ თავს "იდეალური" ოჯახის მშობლები, ― მოინდომებენ, კორელაინს თვალები წაართვან და მათ ნაცვლად სახეზე ღილები დააკერონ.
გამბედაობის, ჭკუისა და მოხერხების წყალობით კორელაინი თავს აღწევს საშინელებას და შინ, თავის ნამდვილ, მოსიყვარულე მშობლებთან ბრუნდება.
ეს წიგნი ბავშვებს ასწავლის, რომ, თუ გვეშინია, ამისი არ უნდა გვრცხვენოდეს, რადგან სამყაროში ბევრ საშიშ ადამიანსა და მოვლენასთან მოგიწევს შეჯახება. მთავარია, დავძლიოთ, თვალი გავუსწოროთ ჩვენს ყველაზე ძლიერ შიშებს, რათა საბოლოოდ უფრო მეტად გავძლიერდეთ.
წიგნის ავტორის მთავარი გზავნილი კი ასეთია: "სიმამაცე იმას არ ნიშნავს, რომ არ გეშინია. სიმამაცი ნიშნავს, რომ გეშინია, ძალიან გეშინია, მაგრამ, ამ შიშის მიუხედავად, მაინც სწორად იქცევი".
ასეთი მესიჯები ბავშვებს ასწავლის, რომ რა საშიშიც არ უნდა ეჩვენებოდეთ სიტუაცია, გამოსავალს ყოველთვის იპოვიან, თუ დამშვიდდებიან, ძალას მოიკრებენ და ან თვითონ, ან საყვარელი ადამიანების დახმარებით ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებენ.
ამის გათვალისწინებით, ბავშვს უფლება აქვს შეეშინდეს, ისევე როგორც უფლება აქვს იყოს ბედნიერი, მოწყენილი, იმედგაცრუებული, ოღონდ, ცხადია, იმ დოზებით, რაც უსაფრთხოა მისი ასაკისთვის, რადგან ყველა განცდა და ემოცია საბოლოო ჯამში რაღაც ახალს გვასწავლის და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვძენს.
ლიკა ქათამაძე