რა იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას ბავშვებთან?

გააზიარე:

არტერიული ჰიპერტენზია ანუ მაღალი არტერიული წნევა ყველასთვის სიბერესთან ასოცირდება. მისი ხსენებისას ალბათ თქვენც თავწაკრული ბებო წარმოგიდგებათ თვალწინ, წამლების დასტით ხელში დღეში ათჯერ მაინც რომ გთხოვთ წნევის გაზომვას. ხშირად ამ სიტყვებსაც გაიგონებთ: “რა დროს შენი წნევაა, ჯერ სულ ბავშვი ხარ!” არადა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არტერიული ჰიპერტენზია ბავშვებთანაც იჩენს თავს და პედიატრებსა და კარდიოლოგებს თავსატეხს უჩენს. მოდი, გავარკვიოთ, რისი ბრალია ეს და როგორ შევუმსუბუქოთ ცხოვრება ჩვენს პატარებს.

ყველა ბავშვს არტერიული წნევის სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. აღმოჩნდა, რომ ის არა მარტო ასაკზე, არამედ სქესსა და სიმაღლეზეც ყოფილა დამოკიდებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით შეიქმნა სტანდარტული მაჩვენებლები, რომლებსაც პაციენტების მონაცემებს ადარებენ. ამ სტანდარტულ მაჩვენებლებს პერცენტილების ცხრილი ეწოდება. თუ მონაცემები 95 ცენტილის შესაბამის მაჩვენებელზე მაღალია, არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზს სვამენ. როცა წნევის მაჩვენებელი ნორმის ზედა ზღვარზეა ან ოდნავ აღემატება მას (90-დან 95 პერცენტილამდეა), ამ მდგომარეობას პრეჰიპერტენზიას უწოდებენ. ეს საყურადღებო მდგომარეობაა და დროულ ჩარევას მოითხოვს. მაგალითად, 11 წლის ვაჟებთან, რომელთა სიმაღლე 150 სმ-ია, წნევის ნორმალურ მაჩვენებლად მიჩნეულია 105-119„62-77 მმ ვწყ სვ, ხოლო 120-123„78-81 მმ ვწყ სვ უკვე პრეჰიპერტენზიულ მდგომარეობად ფასდება. რა თქმა უნდა, ამ მონაცემებში დამოუკიდებლად გარკვევა მშობლებს გაუჭირდებათ, ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს არტერიული წნევის მაჩვენებლები და დაგეგმოს მოქმედების შემდგომი ტაქტიკა, თუმცა ჯონ ჰოპკინსის სახელობის კლინიკის პედიატრები გვთავაზობენ მარტივ და ადვილად აღსაქმელ ცხრილს, რომელშიც არტერიული წნევის ნორმალური საშუალო მაჩვენებლებია მოცემული ასაკის შესაბამისად:

 

ასაკი (წელი)

არტერიული წნევა (mmHg)  

          1-3

   90-105`55-70

          3-6

   95-110`60-75

          6-12

   100-120`60-75

          >12

    100-120`70-80

 

პრეჰიპერტენზიასთან ერთად გამოყოფენ არტერიული ჰიპერტენზიის პირველ და მეორე სტადიებს.

ბოლო ხანს არტერიული ჰიპერტენზია ბავშვებში საგრძნობლად გახშირდა, რაც, როგორც ირკვევა, არასწორ კვების რეჟიმთან, სიმსუქნესთან, ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესთან ყოფილა დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ჭარბი წონის მქონე ბავშვებს 3-ჯერ მაღალი აქვთ არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი, თუმცა წამყვან მიზეზად მაინც თირკმლის პათოლოგია რჩება და პაციენტთა 60-70%-თან დამნაშავე სწორედ ის არის.

 

როგორ გავზომოთ წნევა სწორად

არტერიულ წნევას ყველა ჯანმრთელ ბავშვს 3 წლიდან უზომავენ პედიატრთან ვიზიტის დროს. მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს მანჟეტის ზომა. ის არც დიდი უნდა იყოს და არც პატარა. არსებობს, ასაკის შესაბამისად, სხვადასხვა ზომის პედიატრიული მანჟეტები. ბავშვი უნდა იჯდეს და ხელი თავისუფლად ედოს გულმკერდის დონეზე. ხშირად წნევას მარჯვენა მკლავზე ზომავენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროდ მიიჩნევა წნევის გაზომვა არა მარტო მეორე ხელზე, არამედ ფეხზეც. თუ არტერიული წნევის მაჩვენებლები პრეჰიპერტენზიაზე მიუთითებს, ბავშვს 6 თვის განმავლობაში აკვირდებიან. მეორე სტადიის შემთხვევაში ექიმი იწყებს მკურნალობას და 1 კვირის შემდეგ განმეორებით ვიზიტზე გიბარებთ. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უპირველეს ყოვლისა, ექიმმა სწორად უნდა შეაფასოს რისკები და მიზეზები. დიაგნოზის დასასმელად წნევა 3-ჯერ მაინც უნდა გაიზომოს 10-14-დღიანი შუალედით და სამივე ჯერზე აღირიცხოს მაღალი ციფრები. შესაძლოა, მომატებული იყოს სისტოლური წნევა (პირველი მაჩვენებელი), დიასტოლური წნევა (მეორე მაჩვენებელი), ან ორივე ერთად. გასათვალისწინებელია “თეთრი ხალათის ჰიპერტენზიაც”: ზოგი ბავშვისთვის სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმთან ვიზიტი დიდი სტრესია, ემოციურ ფონზე კი სავსებით ჯანმრთელ პატარასთან შეიძლება აუწიოს წნევამ.

 

რატომ იწევს წნევა მაღლა

არტერიულ ჰიპერტენზიას პირველად და მეორეულ ფორმებად ყოფენ. პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა გამოირიცხება ყველა ორგანული დაზიანება. ის უმთავრესად პუბერტატული (გარდატეხის) ასაკის მოზარდებს ახასიათებთ. მეორეული არტერიული ჰიპერტენზა კი რომელიმე სხვა დაავადების ფონზე იჩენს თავს. არსებობს სპეციალური სქემები, რომლებიც მიიგვითითებს, რომელ ასაკობრივ ჯგუფში რა დაავადება უნდა გამოირიცხოს უპირველესად. მაგალითად:

* ახალშობილებთან – თირკმლის არტერიის ან ვენის თრომბოზი, აორტის კოარქტაცია (შევიწროება), თირკმლის თანდაყოლილი ანომალიები (თირკმლის პოლიკისტოზი, თირკმლის ჰიპოპლაზია), ბრონქოპულმონური დისპლაზია;

* 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან – თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის დაავადებები, ვილმსის სიმსივნე (თირკმლის სიმსივნე), ნეირობლასტომა, აორტის კოარქტაცია;

* 7-დან 12 წლამდე – თირკმლის პარენქიმული დაავადება (მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი), თირკმლის სისხლძარღვების ანომალია, ენდოკრინული დაავადებები;

* მოზარდებთან – ესენციური, პირველადი ჰიპერტენზია, თირკმლის დაავადება, ენდოკრინული დაავადება (კუშინგის სინდრომი, ჰიპერთირეოზი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი).

ასევე უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის ტრავმა და ფეოქრომოციტომა – თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, თუმცა ის შედარებით იშვიათია.

 

როგორ ვლინდება

ხშირად არტერიული ჰიპერტენზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ახალშობილებთან საყურადღებო ნიშნებია: ძილიანობა ან ზედმეტი აღგზნება, გულყრა (კრუნჩხვა), სუნთქვის უკმარისობა.

შედარებით მოზრდილ ბავშვებთან მოსალოდნელია: თავის ტკივილი, სისუსტე, ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ტკივილი გულმკერდის არეში, მხედველობის დაბინდვა, ცხვირიდან სისხლდენა, მეხსიერების გაუარესება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიპერტენზიული კრიზი, რომელიც ვლინდება გულისრევა-ღებინებით, მხედველობის დარღვევით, თავის ძლიერი ტკივილით, ცნობიერების დარღვევით, გულის უკმარისობითა და ქოშინით. ამ დროს აღირიცხება არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი. ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია და გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას მოითხოვს. თუ ბავშვს ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, უმალვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა – ამ დროს დროულ და ადეკვატურ დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ექიმთან

ექიმი პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად რამდენიმე დეტალს გამოგკითხავთ. აი, რამდენიმე კითხვა, რომლებიც შესაძლოა დაგისვან და რომლებზე პასუხის გასაცემადაც მზად უნდა იყოთ:

* დღენაკლული ხომ არ დაბადებულა ბავშვი?

* ხომ არ გადაუტანია თავის ტვინის ან მუცლის ღრუს ტრავმა?

* ხომ არ აქვთ„ჰქონიათ მშობლებს ან ახლო ნათესავებს ენდოკრინული და ჰიპერტონიული დაავადებები?

* ხომ არ იღებს პრეპარატებს – სტეროიდებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, ყურადღების დეფიციტის სინდრომის სამკურნალოდ დანიშნულ წამლებს?

* ხომ არ გადაუტანია საშარდე გზების ინფექცია, მაგალითად, პიელონეფრიტი, და ხომ არ დასჭირვებია თირკმლების ექოსკოპიური გამოკვლევა?

* ხომ არ შეგიმჩნევიათ მოწითალო ფერის შარდი, შეშუპებები?

* ხომ არ ახასიათებს ცხელება, რომლის მიზეზს ვერ ადგენენ?

* ხომ არ გადაუტანია ჰემორაგიული ვასკულიტი ან ხომ არ აქვს რომელიმე სისტემური დაავადება, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა?

* როგორია მისი კვების რეჟიმი? ხომ არ იღებს დიდი რაოდენობით კოფეინსა და მარილიან საკვებს? რამდენს იწონის, იკლებს თუ იმატებს წონას?

* რამდენად აქტიურ ცხოვრებას ეწევა? მისდევს თუ არა სპორტს?

* როგორს სძინავს, ხომ არ შფოთავს ან ხვრინავს?

* თუ მოზარდია, ხომ არ ეწევა, სვამს ან იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს? ხომ არ მოიხმარს ნარკოტიკებს?

 

დიაგნოსტიკა ადვილია?

არც ისე. შესაძლოა, პედიატრთან ერთად ნეფროლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის ან სხვა სპეციალისტა კონსულტაციაც დაგჭირდეთ. აუცილებლად მოგიწევთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაც.

პირველი რიგის კვლევებია:

* სისხლის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს თირკმლის პათოლოგიით გამოწვეული ანემია. თირკმლისმიერი ჰიპერტენზიის გამოსარიცხად მნიშვნელოვანია სისხლში ელექტროლიტებისა (კალიუმის, ნატრიუმის), შარდოვანასა და კრეატინინის განსაზღვრა;

* შარდის საერთო ანალიზი, ბაქტერიოლოგიური კვლევა;

* ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია;

* მუცლის ღრუსა და თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით;

* C3, C4 კომპლემენტი და აუტოანტისხეულები, თუ საეჭვოა გლომერულონეფრიტი.

ზოგჯერ მთავარი “დამნაშავის” აღმომსაჩენად კიდევ უამრავი გამოკვლევაა საჭირო. მაგალითად, ლიპიდური ცვლის შესწავლა, პლაზმაში რენინის, ალდოსტერონის, ფარისებრი ჯირკვლი ჰორმონების, შარდში კატექოლამინების განსაზღვრა, თირკმლის სისხლძარღვების ანგიოგრაფია, მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია. ოფთალმოლოგმა უნდა დაათვალიეროს თვალის ფსკერი და შეაფასოს მეორეული გართულებების არსებობა. “თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის” გამოსარიცხად საჭიროა წნევის 24-საათიანი მონიტორინგი.

ვმკურნალობთ

პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის პირველ სტადიაზე ორგანული დაზიანების გამორიცხვის შემდეგ მკურნალობას არ უნიშნავენ. პაციენტმა, უწინარესად, უნდა დაიცვას კვების სწორი რეჟიმი, მიიღოს ნაკლებად ცხიმიანი საკვები, მოუმატოს ფიზიკურ დატვირთვას. დადგენილია, რომ ჭარბწონიან ბავშვებს ასიდან 60 შემთხვევაში სტაბილური არტერიული ჰიპერტენზია აქვთ. თუ არტერიული წნევის ციფრები ამ ღონისძიებების შემდეგაც მაღალი დარჩა, ეს უკვე მეორე სტადიად მიიჩნევა და ინიშნება სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები. უმთავრესად:

* შარდმდენები, რომელებიც უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ნატრიუმისა და წყლის გაძლიერებულ გამოყოფას შარდთან ერთად და წნევის შემცირებას;

* ბეტა-ბლოკერები (ატენოლოლი, მეტოპროლოლი), რომლებიც ამცირებს გულის დატვირთვას; გული მუშაობს შედარებით ნელა და ნაკლები ძალით;

* ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE) – კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრლი, რომლებიც ბლოკავს სისხლძარღვების შემავიწროებელი ნივთიერების წარმოქმნას;

გააზიარე: