კმარა ხვრინვა!

გააზიარე:

თუ ხვრინავთ, ალბათ პარტნიორის ბუზღუნიც ხშირად მოგისმენიათ. მაგრამ არ გეგონოთ, ხვრინვა მხოლოდ თქვენს პარტნიორს უფრთხობდეს ძილს – ის თქვენს ჯანმრთელობასაც ვნებს.

ზრდასრული მოსახლეობის 45% დროდადრო ხვრინავს, 25% კი გამოუსწორებელი მხვრინავია. საინტერესოა, რა იმალება ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის მიღმა.

ცნობილია, რომ ხვრინავენ უმეტესად მამაკაცები, მეტადრე – ჭარბწონიანები (თუმცა ჭარბი წონა ორივე სქესისთვის რისკფაქტორია). ასაკთან ერთად მდგომარეობა, წესისამებრ, უარესდება. ხვრინვა შესაძლოა სუნთქვის გაძნელების ნიშანი იყოს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ხვრინვის ანატომიური თუ სხვა მიზეზების დადგენაში ყველაზე უკეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დაგეხმარებათ.

 

რატომ ვხვრინავთ?

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ახერხებს მძინარე ადამიანი ასეთი ხმაურის გამოწვევას.

ვხვრინავთ მაშინ, როცა ჰაერი თავისუფლად ვერ მოძრაობს ჰაერგამტარ გზებში, კერძოდ, ძნელად გაედინება ცხვირისა და პირის უკანა გასასვლელებიდან. ეს სასუნთქი გზების ყველაზე მრუდე ნაწილია. აქ თავმოყრილია ენა, ხახა, რბილი სასა და ნაქი. უსიამოვნო ხმიანობა წარმოიშობა მაშინ, როცა სუნთქვის დროს ეს ანატომიური სტრუქტურები ერთმანეთს ეჯახება და ვიბრირებს.

ბავშვის ხვრინვა შესაძლოა ნუშურა ჯირკვლების ან ადენოიდების პრობლემების ნიშანი იყოს. ბავშვი, რომელიც გამუდმებით ხვრინავს, აუცილებლად უნდა გავასინჯოთ ოტოლარინგოლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გვირჩევს ტონზილების ან ადენოიდების ამოჭრას, რათა პატარა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხვრინვა?

* ხახისა და ენის კუნთების ტონუსის დაქვეითებამ. როცა კუნთები ზედმეტად მოშვებულია, ენა უკან ვარდება, ხახა ჩამოეკიდება და სასუნთქ გზებს ავიწროებს. კუნთების განსაზღვრული ხარისხით რელაქსაცია, მაგალითად, ძილის დროს, ნორმალურია, მაგრამ შესაძლოა, პრობლემა წარმოშვას ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში, როცა ადამიანს ღრმად სძინავს.

* რბილი ქსოვილების შესივება. ბავშვები, რომლებსაც დიდი ნუშურა ჯირკვლები ან ჰიპერტროფირებული ადენოიდები აქვთ, ხშირად ხვრინავენ. ჭარბი წონის ფონზე კისრის მიდამოში ჭარბად განვითარებული რბილი ქსოვილებიც ავიწროებს სასუნთქ გზებს. იშვიათად ამის მიზეზია კისრის მიდამოს დიდი ცისტა ან სიმსივნური წარმონაქმნი.

* გრძელი რბილი სასა ან ნაქი, რომლებიც გასასვლელს ავიწროებს და სუნთქვის დროს ხმაურიანი სარქველივით იქცევა.

* ცხვირის გასავლების შევიწროება. დახშულ ცხვირში ჰაერის გატარება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ალბათ მიხვდით – ხვრინვა ხშირია წელიწადის ცივ დროს, გაციების სეზონზე. ხვრინვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ცხვირის ძგიდის გამრუდებაა.

 

როცა ხვრინვა უბრალო ხმაურზე მეტია

ხვრინვის სოციალურ ასპექტებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ – ვფიქრობ, ამის შესახებ თავადაც უწყით. ვინ იცის, ყოველ დილით გიწევთ კიდეც ამის გამო თავის მართლება... გამოსავალი ერთია – ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. მოიქეცით ასე გარშემო მყოფების და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის საკეთილდღეოდ.

ცნობილია, რომ ხვრინვა არღვევს ძილს, ადამიანი გამუდმებით გამოუძინებელი და მოთენთილია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხვრინვა შესაძლოა ძილის ობსტრუქციული აპნოეს ნიშანი იყოს, რომელსაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობის უფრო მძIმე და ხანგრძლივი პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

 

რა არის ძილის ობსტრუქციული აპნოე?

ძილის ობსტრუქციული აპნოესთვის დამახასიათებელია ძილის დროს სუთქვის რამდენჯერმე შეწყვეტა 10 წამით ან უფრო მეტი ხნით, ზედა სასუნთქი გზების შევიწროების ან დახშობის გამო. ძილის აპნოეს დროს ადამიანი ხმამაღლა ხვრინავს. ამას მოსდევს სიჩუმის პერიოდი – ადამიანი რამდენიმე წამით სუნთქვას წყვეტს. ასეთი ეპიზოდების დროს ეცემა სისხლში ჟანგბადის დონე, რაც აფერხებს გულის მუშაობას და, ამასთანავე, არღვევს ძილის ბიოლოგიურ რიტმს. ობსტრუქციული ძილის აპნოეს მქონე პაციენტებს ღამის განმავლობაში შესაძლოა 30-დან 300-მდე მსგავსი ეპიზოდი ჰქონდეთ.

მხვრინავი იძულებულია, ფხიზლად იყოს, რათა ხორხის კუნთები დაძაბული ჰქონდეს, სასუნთქი გზები კი გამავალი. ფხიზელი ძილის გამო ის სათანადოდ ვერ ისვენებს, გამოუძინებელი დგება, მთელი დღე ეძინება, ნაყოფიერად ვეღარ მუშაობს, უჭირს მანქანის მართვა.

ცნობილია, რომ ძილის ობსტრუქციული აპნოე ზრდის გულის შეტევის, ინსულტის, დიაბეტისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკს.

 

რომ არ ვიხვრინოთ

თუ ხვრინავთ, უპირველეს ყოვლისა, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ძილის აპნოეს გამოსარიცხად. ოტორინოლარინგოლოგი ფიბროსკოპით შეგიმოწმებთ ცხვირს, პირს, ხახას, სასას და კისერს. ამ გამოკვლევით შესაძლებელია ნაზალური ალერგიის, ინფექციის, ობსტრუქციის, გადიდებული ნუშურა ჯირკვლების, ადენოიდების აღმოჩენა. ძილის შესწავლის შედეგად გაირკვევა, ახლავს თუ არა ხვრინვას თან ძილის აპნოეც.

ძილის აპნოეს გამორიცხვა ასევე მიზანშეწონილია შემდეგი ნიშნების არსებობისას:

* პარტნიორი აღნიშნავს ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტის ეპიზოდებს;

* დღის განმავლობაში უჩივით დაღლილობასა და ძილიანობას;

* გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;

* გულის დაავადება;

* გადაგიტანიათ ინსულტი.

 

როგორ მოვიქცეთ

მკურნალობა დიაგნოზსა და ზედა სასუნთქი გზების შევიწროების ხარისხზეა დამოკიდებული. ზოგჯერ პათოლოგიური პროცესი ზედა სასუნთქი გზების ერთზე მეტ ნაწილს მოიცავს.

ხვრინვისა და ძილის აპნოეს საწინააღმდეგოდ ოტორინოლარინგოლოგები და თავ-კისრის ქირურგები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ:

* ძილის ობსტრუქციულ აპნოეს უმეტესად სპეციალური მოწყობილობით მკურნალობენ, რომელიც მცირე დადებითი წნევის საშუალებით სასუნთქ გზებს ხსნის. წნევას კი იწვევს სპეციალური ცხვირის ნიღაბი, რომელიც პაციენტს ძილის დროს უნდა ეკეთოს. დღეს სწორედ ესაა მიჩნეული ინიციალურ მკურნალობად ძილის აპნოეს მქონე პაციენტებთან.

* უვულოპალატოფარინგოპლასტიკა (UPPP) ხვრინვისა და ძილის აპნოეს მკურნალობის ქირურგიული მეთოდია. ქირურგი ოპერაციის დროს ამოკვეთს სასის ზედმეტ ქსოვილს და ხსნის ზედა სასუნთქ გზებს. გარდა ამისა, სასის დარჩენილი ქსოვილი შეხორცების შემდეგ მაგრდება და სუნთქვის დროს მინიმალურად ვიბრირებს. ხვრინვაც ქრება. ჰაერგამტარი გზების უკეთესი გამტარობისთვის ხშირად ტონზილებსაც ამოკვეთენ.

* თერმული აბლაცია გულისხმობს ქსოვილის ნაწილის ამოკვეთას ცხვირის ნიჟარების, ენის ძირის ან რბილი სასის მიდამოში, ანდა ყველა ამ ადგილას. არსებობს თერმული აბლაციის რამდენიმე მეთოდი: ბიპოლარული, ლაზერული და რადიოსიხშირული მოწვა. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია როგორც საოპერაციოში, ისე ამბულატორიულადაც. გამოიყენება როგოც ხვრინვის, ისე ძილის აპნოეს სამკურნალოდ. ზოგჯერ შედეგის მისაღებად რამდენიმე პროცედურაა საჭირო.

* რბილი სასის გამაგრება ქსოვილის მოშორების გარეშე. ამისთვის რბილ სასაში, ნაქის ახლოს, შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი, რომელიც ქსოვილის გამაგრებას იწვევს.

* პაციენტის პირის ღრუს მორგებული ორალური მოწყობილობა, რომელიც ქვედა ყბას წინ სწევს, ხვრინვისა და ძილის აპნოეს სამკურნალოდაც გამოდგება. ასეთი მოწყობილობა პაციენტს აუცილებლად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა, სტომატოლოგმა ან ორალურმა ქირურგმა უნდა შეურჩიონ.

* ზოგს წონის საგრძნობი კლებაც შველის.

 

არსებობს უამრავი როგორც სახელდახელოდ შექმნილი, ისე ოფიციალურად რეგისტრირებული ხვრინვის საწინააღმდეგო მოწყობილობა. სპეციალისტებს მათ მიმართ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ გააჩნიათ. ასეთი მოწყობილობების ეფექტი ძალზე ინდივიდუალურია. ზოგი ზურგზე წოლაზე ამბობს უარს და ეს შველის, ზოგი ისეთ ხელსაწყოს იყენებს, რომელიც ხვრინვის დროს არასასიამოვნო სტიმულს გამოსცემს... გახსოვდეთ, სანამ თქვენთვის ხელსაყრელ საშუალებას იპოვით, ხვრინვა ხვრინვად დარჩება, თქვენ და თქვენი პარტნიორი კი დილაობით გამოუძინებლები გაიღვიძებთ. ასე რომ, თუ გამოუსწორებელი მხვრინავი ხართ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

 

რამდენიმე რჩევა მსუბუქი მხვრინავებისთვის

* დაიკელით წონა და მისდიეთ სპორტულ ცხოვრებას, რათა კარგი კუნთოვანი ტონუსი გქონდეთ.

* ნუ მიიღებთ ტრანკვილიზატორებს, საძილე აბებს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს ძილის წინ.

* ნუ მიიღებთ ალკოჰოლს და მძიმე საკვების დაძინებამდე, სულ მცირე, 3-4 საათის განმავლობაში.

* შეიმუშავეთ ძილის რეგულარული რეჟიმი.

* ჯობს იძინოთ რომელიმე გვერდზე, ვიდრე ზურგზე.

* ძილის დროს თავი, სულ მცირე, 10 სმ-ით უნდა გქონდეთ შემაღლებული.

თამარ არქანია

გააზიარე: