როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სწორ კვებას
გააზიარე:
“ჩემი შვილი უჭმელია, დღე ისე გავა, ლუკმას ვერ ჩაადებინებ პირში!” – ეს სიტყვები ისე ხშირად გვესმის, ვინმემ თუ საწინააღმდეგო თქვა, შესაძლოა, მის გულწრფელობაში ეჭვიც კი შეგვეპაროს. ბავშვების ჭამა თუ უჭმელობა დედებისა და ბებიების საყვარელი თემაა. თითო უფასო რჩევას ყველასგან მოისმენთ – ხან რას გვირჩევენ მადის მოსამატებლად, ხან რას.
მშობლების ვნებათა ღელვა გასაგებია. იშვიათად ნახავთ ბავშვს, რომელიც ჯანსაღად იკვებება. ყოველი მეორე სწრაფი კვების ობიექტების მსხვერპლია და ჭარბ წონას უჩივის. ჭარბწონიანი ბავშვი რომ უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ჭარბწონიანი მოზრდილი, ამის თაობაზე დიდი ხანია გვაფრთხილებენ. ასე რომ, მხოლოდ იმიტომ, რომ მსუქანი ლოყები ბავშვს უხდება, შვილს ზედმეტ ჭამას ნუ მიაჩვევთ.
მეორე უკიდურესობაა უჭმელი ბავშვები, ყოველ ლუკმას რომ დაპირების სანაცვლოდ ყლაპავენ.
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი არასწორი კვებითი ჩვევების ბრალი ყოფილა. მაშ, სად არის გამოსავალი, როგორ მივაჩვიოთ პატარა ჯანსაღ და ზომიერ კვებას?
5 საუკეთესო საშუალება
* რეგულარულად გამართეთ ოჯახური სადილი.
* შესთავაზეთ რამდენიმენაირი სასარგებლო კერძი თუ სასუსნავი.
* მიეცით ჯანსაღი კვების მაგალითი.
* თავადაც ჩართეთ კერძის მომზადების პროცესში.
* ერიდეთ საკვების გამო ჩხუბს.
ცხადია, ჯანსაღი კვება იოლი არ არის, მეტადრე მაშინ, როცა ოჯახისა და სამსახურის შეთავსება გიწევს. გაცილებით მოხერხებულია, ოჯახი ნახევარფაბრიკატებით გამოკვებოთ. მაგრამ ამას არ გირჩევთ. ჩვენი რჩევების წყალობით თქვენი “შეუსრულებელი მისია” იოლად შესასრულებელი გახდება.
ოჯახური სადილები
თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ ამ ოჯახურ რიტუალს დიდი საქმის გაკეთება შეუძლია. ბავშვებს უყვართ ასეთი შეკრებები, ხალისით მონაწილეობენ მათში და მათი ორგანიზმიც ეჩვევა ერთსა და იმავე დროს ჭამას. გარდა ამისა, ოჯახური სადილი ბავშვებთან კომუნიკაციის კიდევ ერთი საშუალებაა.
ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებიც რეგულარულად სადილობენ ოჯახთან ერთად, უფრო მეტად უყვართ ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული, არ ეტანებიან ტკბილეულს და არაჯანსაღ სასუსნავს, იშვიათად ეწევიან თამბაქოს, მარიხუანასა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევებიც.
ხშირად პატარები თავს არიდებენ უცნობ საკვებს, ოჯახური შეკრებები კი მათთვის ახალი კერძის შეთავაზების საუკეთესო საშუალებაა. თუ მშობლები თავად მისცემენ მაგალითს, ბავშვები უფრო თამამად გასინჯავენ ახალ კერძს.
თინეიჯერებმა შესაძლოა ასეთი შეკრებები გააპროტესტონ, რაც სულაც არ იქნება გასაკვირი – ისინი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიილტვიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ასაკის ბავშვებს არ სჭირდებათ მშობლების ყურადღება, მათთან საუბარი, ოჯახური სადილი ან ვახშამი კი ამისთვის მშვენიერი დროა. შეგიძლიათ, ბავშვს ნება დართოთ, მეგობარიც დაპატიჟოს, ჩართოთ კერძების დაგეგმვისა და მომზადების პროცესში. ეცადეთ, ტრაპეზმა მშვიდად ჩაიაროს, რათა ეს რიტუალი ბავშვისთვის სასიამოვნო გრძნობებთან ასოცირდებოდეს და არა ჩხუბთან.
მოიმარაგეთ მხოლოდ სასარგებლო საკვები
ბავშვები ხშირად მიირთმევენ, რაც ხელში მოხვდებათ, ამიტომ აკონტროლეთ, რა ინახება თქვენს მაცივარსა თუ კარადებში. ეცადეთ, არჩევანი სასარგებლო და ხარისხიან საკვებზე შეაჩეროთ.
ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები კი ასეთია:
* აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ხილ-ბოსტნეული. ეცადეთ, ბავშვმა დღეში ხუთჯერ ჭამოს და ყურადღება მიაქციეთ, რომ ყოველ ჯერზე მიიღოს რომელიმე მათგანი.
* მიაჩვიეთ ბავშვი “ჯანსაღ წახემსებას”. ყოველთვის მზად გქონდეთ მისი საყვარელი ხილი ან ბოსტნეული და თუ ჭამიდან ჭამამდე სასუსნავი მოგთხოვათ, შესთავაზეთ. ასევე სასარგებლოა ნაკლებცხიმიანი იოგურტი, არაქისის კარაქი, საღი მარცვლეულის კრეკერი და ყველი.
* დღეში ერთხელ მაინც აუცილებლად შესთავაზეთ მჭლე ხორცი ან ცილის სხვა წყარო, მაგალითად, თევზი, კვერცხი, ლობიო ან თხილი. აირჩიეთ საღი მარცვლეულის პური – ასე ბავშვი მეტ უჯრედისს მიიღებს, რაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის ძალიან სასარგებლოა.
• შეზღუდეთ ცხიმი, განსაკუთრებით ერიდეთ ცხიმში შემწვარ საკვებს. უმჯობესია, მოხარშოთ, მოშუშოთ, გრილზე შეწვათ ან გამოაცხოთ. რძის ნაწარმიც უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი მიირთვით.
* მოარიდეთ ბავშვი ფასტფუდს, საზოგადოდ, დაბალი კვებითი ღირებულების მქონე საკვებს, მათ შორის – ჩიფსებსა და კანფეტებს, თუმცა არც მათი სრულიად აკრძალვა ივარგებს. ეცადეთ, ბავშვმა ისინი მხოლოდ გამონაკლისის სახით მიიღოს, ოღონდ არა ჯილდოდ. მოარიდეთ ტკბილ და გაზიან სასმელებსაც, ეცადეთ, სვას მეტი წყალი და ნაკლებცხიმიანი რძე.
მიეცით მაგალითი
ჯანსაღი კვებისთვის წახალისების საუკეთესო გზაა, თავად უჩვენოთ მაგალითი ბავშვებს. მათი თანდასწრებით მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ნუ გაეკარებით არაჯანსაღ საკვებს. იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. ესაუბრეთ ბავშვს გაძღომის უსიამოვნო შეგრძნებაზე. უთხარით: “ძალიან გემრიელია, მაგრამ უკვე საკმაოდ მივირთვი და უნდა გავჩერდე”. როცა მშობლები გამუდმებით დიეტაზე არიან და ჭარბი წონის გამო წუწუნებენ, ბავშვებს საკვების მიმართ უსიამოვნო გრძნობა უჩნდებათ. არადა, პირიქით უნდა მოიქცეთ, კვების მიმართ სასიამოვნო განწყობა შეუქმნათ.
არასოდეს ეჩხუბოთ საკვების გამო
კვება ადვილად შეიძლება ჩხუბის მიზეზად იქცეს. გონიერი მშობელი იპოვის გზას, კამათის გარეშე, ტკბილი სიტყვით დაითანხმოს ბავშვი საჭირო საკვების მიღებაზე. ბავშვი თავად მიხვდება, როდის შია და რამდენი მიირთვას; თქვენი ამოცანაა, მას მხოლოდ ჯანსაღ საკვებზე მიუწვდებოდეს ხელი. ნუ აიძულებთ თეფშის მოსუფთავებას – ეს მას ზედმეტ ჭამას, სიმაძღრის გრძნობას შეაჩვევს, რამაც მომავალში შესაძლოა ჭარბ წონამდე მიიყვანოს. ნურც დასჯით და ნურც დააჯილდოებთ ბავშვს საკვებით. ასევე ნუ მისცემთ დესერტს თეფშის ბოლომდე მოსუფთავების ჯილდოდ.
ჩართეთ ბავშვები სადილის მოფიქრების პროცესში
ბავშვებს უყვართ, როდესაც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. მათთან ერთად დაგეგმეთ სადილი. ზოგმა მათგანმა შესაძლოა კერძების მომზადებაში დახმარებაც კი მოისურვოს. დაეთანხმეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათმა “დახმარებამ” შესაძლოა მეტი საქმე გაგიჩინოთ. დასასრულ, შექებაც არ დაგავიწყდეთ.
წაიყოლეთ ბავშვები საყიდლებზე, ასწავლეთ, როგორ შეაფასონ საკვების ხარისხი, როგორ გაარკვიონ შემადგენლობა, ვარგისობა და სხვა.
ასწავლეთ, სკოლაში, ლანჩზე, სასარგებლო საკვები იყიდონ. ქართულ სინამდვილეში ეს საკმაოდ ძნელია, ვინაიდან ბუფეტების უმრავლესობა მხოლოდ ცომეულს გვთავაზობს. აჯობებს, შაბათ-კვირას ერთად წახვიდეთ მარკეტში და ისეთი საკვები მოიმარაგოთ, რომელიც ჯანსაღიცაა და ადვილად სატარებელიც.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვები საკვების მომზადების პროცესში უნდა ჩართოთ, ის არის, რომ ისინი კარგისა და ცუდის გარჩევას ისწავლიან. იმის პირობას ვერ მოგცემთ, რომ მყისიერად იტყვიან უარს კარტოფილ ფრიზე და მის ნაცვლად სალათას მოგთხოვენ, მაგრამ ჯანსაღი საკვებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ თანდათან ჩამოუყალიბდებათ მართებული წარმოდგენა.
თამარ არქანია