უნაყოფო წყვილთა ლაბორატორიული კვლევის ალგორითმი

გააზიარე:

ჩვენს დროში წყვილების 15-16% უნაყოფობის პრობლემა აღენიშნება. მიზეზის დასადგენად სხვებთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ გამოკვლევებსაც. მათ შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი რუსუდან გვენეტაძე გვესაუბრება:

 

– ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობის კანონზომიერების ცოდნამ შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ გამრავლების პროცესის დარღვევის მექანიზმების შეცნობა, არამედ მათი დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის ადეკვატური ლაბორატორიული მეთოდების შემუშავებაც. უფრო მეტიც –  შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა უმეტესად შეუძლებელია. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კლინიცისტების არსენალი გაამდიდრა დიაგნოსტიკური მეთოდების მთელი სპექტრით, რომელთა მეშვეობითაც მათ ეფექტური თერაპიის სწრაფად შერჩევა შეუძლიათ.

–  კერძოდ, რომელი ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდებათ უნაყოფო წყვილებს?

–  იმ წყვილების ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რომლებსაც ფერტილობის აღსადგენად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები: ოვულაციის სტიმულირება, ხელოვნური ინსემინაცია, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, –  სჭირდებათ, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის გამოკვლევით.

უნაყოფობა დაავადებად არ განიხილება. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც მრავალი სომატური დაავადება და ჰიპოთალამუსის დონეზე რეგულაციური პროცესების დარღვევა იწვევს. აქედან გამომდინარე, უნაყოფო პაციენტების პირველადი გამოკვლევის გაფართოებული ალგორითმი მოიცავს: რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის განსაზღვრას (გონადოტროპინები –  FSH, LH, ესტრადიოლი, ტესტოსტერონი), თირეოიდული სისტემის (TSH, T3, T4), ადრენალური სისტემის (კორტიზოლი, DHEA-S) და ჰიპოფიზის სომატოტროპული და პროლაქტინსეკრეციის (GH, Prol) ფუნქციათა კვლევას. ამასთან ერთად, საჭიროა ორგანიზმის ინფექციური სტატუსის დადგენა (სისხლში ინფექციების –  ჰერპესის ვირუსის, წითურას, ციტომეგალოვირუსის, ტოქსოპლაზმისა და ქლამიდიის სპეციფიკური ანტისხეულების აღმოჩენა), ასევე –  შარდსასქესო ორგანოთა გამონაყოფის ზოგადკლინიკური და ბაქტერიოლოგიური შესწავლა.

ცალკე აღსანიშნავია ანტიმიულერის ჰორმონი (AMH), რომელიც წარმოადგენს საკვერცხის რეზერვის (ოვარიული რეზერვის) შეფასების მარკერს. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 35 წელს გადაცილებულ ქალებთან შვილოსნობის უნარის დასადგენად და, ყველა ამერიკული და ევროპული გაიდლაინით, ძალზე მნიშვნელოვან მარკერადაა აღიარებული. AMH-ის მაჩვენებელი უმთავრესად უშვილობის მკურნალობის მეთოდის არჩევაში გვეხმარება. ის გვაჩვენებს, შეიძლება, წყვილი ბუნებრივი გზით დაორსულებას დაელოდოს თუ ჯობს, დროულად მიმართოს ინ ვიტრო განაყოფიერებას, რადგან საკვერცხის რეზერვი წლებთან ერთად ფიზიოლოგიურად მცირდება, შესაძლოა ის ამოიწუროს და საკუთარი კვერცხუჯრედით ინ ვიტრო განაყოფიერება შეუძლებელი გახდეს.

სამწუხაროდ, დღეს ხშირად ნახავთ პაციენტებს, რომლებიც წლობით მკურნალობენ უნაყოფობას (ვირუსულ, ანთებით თუ სხვა პრობლემებს), ოვარიული რეზერვი ანტიმიულერის ჰორმონით კი ერთხელაც არ ჰქონიათ შეფასებული. კვლევებით აღმოჩნდება, რომ ჰორმონის მაჩვენებელი ნულის ტოლია და ქალს არავითარი შანსი არ ჰქონდა ბუნებრივი გზით დაორსულებისა, ანუ დრო, ნერვები და მატერიალური რესურსი ფუჭად დაიხარჯა.

 –  რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ გამოკვლევის შედეგების შეფასებისას?

–  შედეგების ინტერპრეტაციის დროს შესაძლოა თავი იჩინოს პრობლემებმა, რომლებიც უმეტესად კვლევის პრეანალიზურ ეტაპზე დაშვებულ უზუსტობას უკავშირდება. კერძოდ, ჰორმონთა უმეტესობას ახასიათებს სადღეღამისო (ცირკადული) რიტმი, ამიტომ სისხლის აღება უნდა მოხდეს განსაზღვრულ დროს (წესისამებრ, დილის საათებში) მრავალი ჰორმონის სეკრეცია საათობრივი (ცირქორალური) რიტმითაც ხასიათდება. თუ ლაბორატორიაში სხვა დროს აღებული სისხლი შემოვიდა, ანალიზის შედეგის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მკვეთრად ეცემა.

სისხლის ერთჯერადი აღებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ჰორმონის როგორც მაქსიმალური, ისე მინიმალური შემცველობაც. ჰიპო–  და ჰიპერგონადოტროპული მდგომარეობის დიაგნოსტირებისას სისხლში გონადოტროპინების შემცველობა ხშირად შეესაბამება ნორმის ქვედა ან ზედა ზღვარს, რაც კლინიცისტებს უნდობლობას უჩენს ლაბორატორიის მუშაობისა და ტესტსისტემების მიმართ.

ასეთ დროს დიაგნოსტიკური შეცდომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა FSH-ისა და LH-ის კოცენტრაციის განმეორებითი განსაზღვრა ან ჰორმონების განსაზღვრა შერეულ სინჯში, რომელიც უტარდება ორჯერადად, 30-წუთიანი ინტერვალით აღებულ ნიმუშს.

არაკორექტული შედეგია მოსალოდნელი ბიომასალის შენახვისა და ლაბორატორიაში ტრანსპორტირების წესების დარღვევის დროსაც.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, კვლევის პრეანალიზური ეტაპი ზედმიწევნით ზუსტად ჩატარდეს.

–  რა გავლენას ახდენს წამლები გამოკვლევის შედეგებზე?

–  ლაბორატორიულ გამოკვლევათა ინტერპრეტაციისას უნდა გავითვალისწინოთ, რომელიმე წამლით ან წამლებით ხომ არ მკურნალობს პაციენტი, რადგან ზოგიერთი პრეპარატი ენდოკრინულ სისტემაზე უშუალოდ მოქმედებს. მაგალითად, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები აქვეითებს FSH-ს და ზრდის პროლაქტინს შრატში. ტესტოსტერონის დაბალი დონე შესაძლოა დაკავშირებული იყოს ესტროგენებით და გლუკოკორტიკოიდებით თერაპიასთან, ასევე –  ჰიპოთირეოზთან.

 

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ესტრადიოლის მაღალი დონე შესაძლოა განაპირობოს ჰიპერთირეოზმა. ჰიპერპროლაქტინემია ხშირად აღინიშნება სტრესის, ჰიპოთირეოზის და თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს.

გარდა ამისა, სასურველია, პაციენტის ლაბორატორიული მონიტორინგი ჩატარდეს ერთსა და იმავე ლაბორატორიაში, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა აპარატურაზე განსხვავებული მეთოდებით მიღებული შედეგების არაკორექტული შედარება. სიფრთხილეა საჭირო ნორმების ზღვრულ მნიშვნელობათა ინტერპრეტაციის დროსაც, რადგან ნებისმიერ ლაბორატორიულ მეთოდს გააჩნია თავისი ვარიაბელობა.

დღეისთვის ლაბორატორიულ სამსახურებს პრაქტიკულად ყოველგვარი საშუალება აქვთ, რათა დროულად და მაღალი სანდოობით გამოავლინონ რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევები და თერაპიის მონიტორინგი აწარმოონ.

                                                                                                                                მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: