უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან – გამოსავალი არსებობს!
გააზიარე:
სულაც არ მიკვირს, რომ მაღაზიის თაროები სავსეა საღეჭი რეზინებით, პიტნისარომატიანი აბებითა თუ სავლები სითხეებით – ჯანსაღი ღიმილი და სუნთქვა ხომ არა მხოლოდ პირადი, არამედ საქმიანი ურთიერთობების დროსაც გადამწყვეტია.
ჰალიტოზი – სწორედ ასე ჰქვია მედიცინის ენაზე პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. დამეთანხმებით, ეს პრობლემა მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს აწუხებს. ბევრს კარიერად ან პირად ცხოვრებადაც კი უჯდება. უმრავლესობა მისი მოგვარების გზებს წლების განმავლობაში ეძებს და ამაოდ დადის სტომატოლოგიდან სტომატოლოგთან, მაშინ როდესაც პრობლემის მიზეზი შესაძლოა სულ სხვაგან იმალებოდეს.
დიდი ხანია ცნობილია, რომ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი, გარდა თავად პირის ღრუსი, შესაძლოა მრავალი სხვა ორგანოს დაავადებაც იყოს.
- მაინც რა იწვევს ჰალიტოზს და როგორ აღმოვფხვრათ ის?
უსიამოვნო სუნის მიზეზს რომ მივაგნოთ, ჯერ მისი წარმოშობის მექანიზმს გავეცნოთ. სუნის მიზეზი ერთმნიშვნელოვნად პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებია. პირის ღრუში უამრავი ბაქტერია ბინადრობს. ეს თბილი და სველი გარემო იდეალურია მათთვის. როცა სითბოსა და სინოტივეს საკვების ნარჩენებიც ემატება, ბაქტერიები მრავლდებიან, ნარჩენების დაშლას იწყებენ და უსიამოვნო სუნის მქონე პროდუქტებს წარმოქმნიან.
მოგეხსენებათ, ნერწყვს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მისი ერთ-ერთი ფუნქცია მავნე ბაქტერიების განადგურებაა, რასაც ის, როცა ადეკვატური რაოდენობით გამომუშავდება, პირნათლად ასრულებს. საქმე რთულდება, თუ რაიმე მიზეზით ნერწყვის გამოყოფა შემცირდა და პირის ღრუ გამოშრა.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სპეციფიკური უსიამოვნო სუნი პირიდან ხშირად ამოსდით მასწავლებლებს, ლექტორებს და სხვა იმ პროფესიათა წარმომადგენლებს, რომლებიც ხანგრძლივ საუბარს მოითხოვს. ამ დროს, ცხადია, პირის ღრუ შრება, ნერწყვი ვეღარ ახერხებს მის სრულფასოვან სანაციას და ბაქტერიები აქტიურად ერთვებიან ლპობით პროცესებში. ხშირია უსიამოვნო სუნი დილაობით, განსაკუთრებით მათთან, ვისაც პირღიას სძინავს. ამის მიზეზიც გამომშრალი პირის ღრუა. ასეთი სუნი პათოლოგიად არ მიიჩნევა და პირის ღრუს დატენიანებისთანავე ქრება.
- როდის მოვინახულოთ ექიმი?
თუ უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, უპირველეს ყოვლისა, პირადი ჰიგიენის ჩვევათა კორექცია სცადეთ: გაიხეხეთ კბილები და ენა ყოველი ჭამის შემდეგ, გამოიყენეთ კბილების საწმენდი ძაფი და სვით ბევრი წყალი. თუ პირიდან უსიამოვნო სუნი მაინც არ გაქრა, მოინახულეთ სტომატოლოგი. თუ სტომატოლოგმა პრობლემას პირის ღრუში მიაგნო, წესით, მისი მკურნალობის შემდეგ უსიამოვნო სუნიც უნდა გაქრეს, მაგრამ თუ ექიმს მიაჩნია, რომ პრობლემის სათავე სხვაგანაა, ოჯახის ექიმის ან თერაპევტის კონსულტაცია იქნება მართებული.
ყველაზე ხშირად უსიამოვნო სუნს იწვევს:
* საკვები. მისი ნაწილაკები რჩება პირის ღრუში, კბილების ირგვლივ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ბაქტერიები მონაწილეობენ საკვების ნარჩენების ლპობის პროცესებში, რის შედეგადაც უსიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებები წარმოიქმნება. ზოგიერთ საკვებს, მაგალითად, ნიორს, ხახვს, სანელებლებს, ასევე შეუძლია უსიამოვნო სუნის გამოწვევა. ეს საკვები შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ხვდება სისხლის მიმოქცევაში, მერე კი ფილტვების საშუალებით გამოიყოფა გარემოში და უსიამოვნო სუნს ავრცელებს.
* თამბაქო. თამბაქოს წევა თავისთავად აჩენს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, მწეველებს უფრო ხშირად ემართებათ ღრძილების დაავადებები, რაც ცუდი სუნის დამატებითი მიზეზია.
* პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა. თუ ადამიანი სათანადოდ არ იხეხავს კბილებს, არ ისუფთავებს მათ კბილების საწმენდი ძაფით, საკვების ნარჩენები პირის ღრუში რჩება და უსიამოვნო სუნს აჩენს. ბაქტერიები უფერულ წებოვან ფირფიტად ეკვრიან კბილებს და თუ დროულად არ მოიშორეთ, შესაძლოა ღრძილები გააღიზიანონ და მათი ანთება – გინგივიტი გამოიწვიონ, საბოლოოდ კი პერიოდონტიტი ჩამოყალიბდეს – კბილებსა და ღრძილებს შორის არსებული ჯიბეები ბაქტერიების საცობით ამოივსოს. ენის ხაოიანი ზედაპირიც შეიძლება იქცეს ბაქტერიების ბუდედ. პროთეზმაც, რომელიც რეგულარულად არ იწმინდება და იდეალურად არ ერგება პირის ღრუს, შეიძლება საკვების ნაწილაკები და ბაქტერიები “შეიფაროს”.
* პირის სიმშრალე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნერწყვი პირის ღრუს გაწმენდაში მონაწილეობს, აშორებს საკვების ნარჩენებსა და ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს აჩენს. პირის სიმშრალემ, ქსეროსტომიამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ის ხშირია დილაობით, განსაკუთრებით – პირღია ძილის დროს. პირის ქრონიკული სიმშრალის გამოწვევა ასევე შეუძლია ზოგიერთ მედიკამენტს და სანერწყვე ჯირკვლების დაავადებას.
* პირის ღრუს ინფექცია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის, მაგალითად, კბილის ამოღების, შედეგად დარჩენილი ჭრილობა, ასევე – კარიესი, ღრძილების დაავადება, პირის ღრუში არსებული წყლული.
• პირის ღრუს, ცხვირისა და ყელის ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა. უსიამოვნო სუნი შესაძლოა გამოიწვიოს ნუშურა ჯირკვლებზე არსებულმა მცირე ზომის ქვებმა (ტონზილოლითებმა), რომლებიც ბაქტერიებითაა დაფარული, ასევე – ცხვირის ღრუს, დანამატი წიაღების – ე.წ. სინუსების – და ყელის ინფექციამ ან ქრონიკულმა ანთებითმა პროცესმა.
• მედიკამენტები. ზოგიერთი პრეპარატი პირს აშრობს და პირის ღრუში უსიამოვნო სუნს აჩენს, ზოგიერთის დაშლის პროდუქტები კი სასუნთქი გზებით გამოიყოფა და უსიამოვნო სუნის უშუალო მიზეზად იქცევა.
* სხვა მიზეზები. სიმსივნური დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების დროს ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც უსიამოვნო სუნი აქვს. ქრონიკული გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროსაც ხშირია ეს პრობლემა. ბავშვებთან აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ ნესტოში უცხო სხეულის, მაგალითად, მცირე ზომის სათამაშოს ან მისი დეტალის, საკვების არსებობა.
- გამოსავალი არსებობს
თუ თქვენი სტომატოლოგი გადაწყვეტს, რომ უსიამოვნო სუნის მიზეზი პირის ღრუშია, მიმართეთ შემდეგ ზომებს:
* შეიცვალეთ კბილის პასტა და პირის ღრუს სავლები. თუ უსიამოვნო სუნის მიზეზი პირის ღრუში ბაქტერიების დაგროვებაა, გამოიყენეთ სპეციალური სავლები სითხე, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. ცეტილპირიდინუმის ქლორიდის და ქლორჰექსიდინის შემცველი სავლები ეფექტურად აგვარებს ამ პრობლემას. ასევე მოწოდებულია სპეციალური ანტიბაქტერიული აგენტის შემცველი კბილის პასტის გამოყენება.
* უმკურნალეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს. თუ პრობლემა ღრძილებშია, სავარაუდოდ, სპეციალისტის – პერიოდონტისტის დახმარება დაგჭირდებათ. პერიოდონტიტის დროს კბილსა და ღრძილს შორის წარმოიქმნება სივრცე – ე.წ. ჯიბები, სადაც უსიამოვნო სუნის წარმომქმნელი ბაქტერიები გროვდება. ზოგჯერ მათი მოშორება მხოლოდ პროფესიონალური წმენდითაა შესაძლებელი. ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ დაზიანებული კბილის აღდგენაც, ვინაიდან ასეთი კბილი შესანიშნავი ადგილია ბაქტერიების გამრავლებისთვის.
თუ სტომატოლოგმა პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზს ვერ მიაგნო, თერაპევტს უნდა მიმართოთ.
- როგორ შევამციროთ უსიამოვნო სუნი
გამოიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ. ჯობს, კბილის ჯაგრისი სამსახურშიც იქონიოთ, რათა ლანჩის შემდეგ კბილების გამოხეხვა შეძლოთ.
დღეში ერთხელ მაინც გამოიყენეთ კბილების საწმენდი ძაფი. მისი მეშვეობით საკვების იმ უმცირესი ნაწილაკებისგანაც გათავისუფლდებით, რომელთა მოშორება კბილის ჯაგრისს არ ძალუძს.
საგულდაგულოდ გაიხეხეთ ენა. გახსოვდეთ, ის ბაქტერიების უმთავრესი თავშესაფარია. მას, ვისაც თამბაქოს წევის ან მშრალი პირის სინდრომის გამო ენაზე ნადები აქვს, შეუძლია, სპეციალური ენის საწმენდი ან ენის საწმენდის მქონე კბილის ჯაგრისი გამოიყენოს.
თუ პროთეზს ატარებთ, სათანადოდ მოუარეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ნაწილობრივია თუ სრული – დღე-ღამეში ერთხელ ის საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. თუ კბილების გასასწორებელ საშუალებებს იყენებთ, კბილებზე მორგების წინ აუცილებლად გაწმინდეთ, მხოლოდ იმ საშუალებებით, რომლებსაც თქვენი სტომატოლოგი გირჩევთ.
ერიდეთ პირის გამოშრობას. პირის ღრუ სათანადოდ რომ დანოტივდეს, ერიდეთ თამბაქოს და სვით ბევრი წყალი – არა ჩაი ან ყავა, გაზიანი ან ალკოჰოლიანი სასმელები, არამედ უბრალო წყალი. ღეჭეთ საღეჭი რეზინი ან წუწნეთ კანფეტი, ცხადია, უშაქრო – ისინი ნერწყვის გამოყოფას ასტიმულირებენ. თუ პირის ქრონიკული სიმშრალე გაწუხებთ, ექიმი ხელოვნურ ნერწყვს ან იმ პრეპარატებს დაგინიშნავთ, რომლებიც ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს.
აკონტროლეთ კვების რაციონი. ნუ მიიღებთ ისეთ საკვებს, რომელიც უსიამოვნო სუნს აჩენს. ერიდეთ ტკბილეულსაც.
რეგულარულად ცვალეთ კბილის ჯაგრისი. სპეციალისტები ჯაგრისის შეცვლას 3-4 თვეში ერთხელ გვირჩევენ. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ეწვიეთ სტომატოლოგს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ კბილების შესამოწმებლად და გასაწმენდად.
თამარ არქანია