ნუ გამოვიყვანთ გამძლე ბაქტერიებს
გააზიარე:
რამდენჯერ გაგვიგონია, რომ ვირუსებზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს. და მაინც — საკმარისია, თერმომეტრმა მომატებული სიცხე გვიჩვენოს, ბავშვს ყელი შეუწითლდეს ან ხველა დააწყებინოს, რომ, თითქოს პირი შეგვეკრას, აფთიაქისკენ მივიჩქარით ანტიბიოტიკის შესაძენად.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ — ანტიბიოტიკები ბაქტერიებს სპობს და არა ვირუსებს, ამიტომაც ისინი ვერ შველის:
- გრიპსა და გაციებას;
- ბრონქიტს და, საზოგადოდ, ხველის გამომწვევი დაავადებების უდიდეს ნაწილს;
- ყელის ტკივილს (გარდა ანგინისა, რომელსაც, ჩვეულებრივ, სტრეპტოკოკი იწვევს და ანტიბიოტიკებით მკურნალობა სჭირდება);
- სურდოს (თუნდაც ყვითელი ან მწვანე გამონადენის დროს);
- შუა ყურის ანთების მრავალ შემთხვევას.
ვერც ერთ ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში ანტიბიოტიკები:
- ვერ აქრობს ინფექციას;
- არ იცავს დაავადებისგან;
- არ ასუსტებს სიმპტომებს.
რა თქმა უნდა, ვირუსული ინფექცია შეიძლება ბაქტერიულით გართულდეს და ამ დროს ანტიბიოტიკებს მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ წინასწარ მათი მიღება გართულებებისგან ვერ დაგვიცავს. სჯობს, ერთი მარტივი წესი დავიმახსოვროთ: ანტიბიოტიკი ისეთი წამალია, რომელიც ყოველთვის მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს.
"როგორც ექიმმა და როგორც დედამ ძალიან კარგად ვიცი, რა ცუდად შეიძლება გრძნობდეს თავს ვირუსით ავადმყოფი ბავშვი და რა ძნელია ამის ყურება; და მაინც, ანტიბიოტიკები უსარგებლოა. ექიმს მათ დანიშვნას კი ნუ მოსთხოვთ, შეეცადეთ ზუსტად გაიგოთ, რით შეგიძლიათ მისი დახმარება".
ექიმი სინდი უიტნი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რესპირატორული დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელი.
დამალული საფრთხე
გაიხსენეთ ძველი ფილმები, ბებიებისა და ბაბუების მონაყოლი იმის თაობაზე, როგორი იყო მედიცინა ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე. მათ მედიცინაში რევოლუცია მოახდინეს, მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს, მრავალი სენი შეაჩერეს. დღეს კი, თუ გვსურს ასევე გაგრძელდეს, ასჯერ უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე აუცილებლობის გარეშე ამ უძვირფასესი მედიკამენტის გამოყენებას გადავწყვეტდეთ.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე გადაუდებელ პრობლემად მიიჩნევა. ამ მიზეზით ადამიანებს გავრცელებული ინფექციები, ერთ დროს ანტიბიოტიკები ძალიან ადვილად რომ ამარცხებდა, გაცილებით მეტ ზიანს აყენებს და მეტ საფრთხეს უქადის. თუ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, დაავადება უფრო მეტხანს გრძელდება, ექიმთან მეტი ვიზიტი, საავადმყოფოში მეტხანს დაყოვნება და უფრო ძვირი და ტოქსიკური მედიკამენტების მიღება ხდება საჭირო. ისიც სათქმელია, რომ რეზისტენტული ინფექციის დამარცხება ყოველთვის ვერ ხერხდება.
თანაც რეზისტენტობა მხოლოდ ავადმყოფებს როდი უქმნის საფრთხეს; ოჯახის წევრებს, თანაკლასელებს, მეზობლებს უკვე გამძლე ბაქტერიები გადაედება და საზოგადოებაში ინფექციის ახალი კერა ჩნდება. ინფექციისა, რომელიც უფრო რთული სამკურნალოა და გაცილებით მეტ დანახარჯსაც მოითხოვს.
მხოლოდ ფაქტები
- უკანასკნელ ათწლეულში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მუდმივი მატება შეინიშნება. მრავალი ბაქტერიული ინფექცია უფრო და უფრო გამძლე ხდება ხშირად დანიშნული მედიკამენტების მიმართ.
-ყოველთვის, როცა ადამიანი ანტიბიოტიკებს იღებს, მგრძნობიარე ბაქტერიები იხოცება, გამძლე კი გადარჩება და მრავლდება. ანტიბიოტიკებისგანმეორებითი და არამიზანშეწონილი გამოყენება წამალგამძლე ბაქტერიების რაოდენობის მატების ყველაზე ხშირი მიზეზია.
- ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება ამ არსებითი და ძალიან საჭირო მედიკამენტების ეფექტს საგრძნობლად ამცირებს. რეზისტენტობის კონტროლის საუკეთესო გზა ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების შემცირებაა.
- ანტიბიოტიკების უმრავლესობას მთელ მსოფლიოში ბავშვები მოიხმარენ, ამიტომაც ამ მხრივ პედიატრიული კონტინგენტი განსაკუთრებით საყურადღებოა, თუმცა ზრდასრული ამერიკელებიც ზედა სასუნთქი გზების უსარგებლო ანტიბიოტიკოთერაპიაზე წელიწადში 1.1 მილიარდ დოლარს ხარჯავენ.
- აშშ-ის სტატისტიკით, ექიმები ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ანტიბიოტიკს ნიშნავენ ვირუსული ინფექციების დროს, თუმცა იციან, რომ პაციენტს ეს სარგებლობას ვერ მოუტანს. მედიკოსები ამის მთავარ მიზეზად საეჭვო დიაგნოზს, დროის უქონლობას და პაციენტის მოთხოვნას ასახელებენ. ჩვენში კი, როცა ნებისმიერ მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია აფთიაქში ანტიბიოტიკის შეძენა, ეფექტურ კონტროლზე ლაპარაკიც ზედმეტია.
- კვლევები ადასტურებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლის განწყობას. აღმოჩნდა, რომ ასიდან 60 შემთხვევაში ექიმები ანტიბიოტიკებს მაშინ უნიშნავენ, როდესაც გრძნობენ, რომ მშობელი მათგან ამას მოელის.
- აშშ-ში ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან დაკავშირებული ასიდან 68 ვიზიტის დროს ანტიბიოტიკი დაინიშნა, აქედან 80% — სრულიად უსარგებლოდ.
როგორი უნდა იყოს საპონი
ხეხვა-წმენდა და, საზოგადოდ, კარგი ჰიგიენა ოჯახის, სკოლის, ბაღის ინფექციისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. აქ იგულისხმება როგორც ოთახში არსებული საერთო ნივთების წმენდა, ასევე ხელების ბანაც. რაც შეეხება დასაბან-გასაწმენდი სითხეების შემადგენლობას, არ არის დამტკიცებული, რომ ანტიბიოტიკშემცველი პროდუქტი ჩვეულებრივზე უკეთ აჩერებს ინფექციას. სამაგიეროდ, ზოგიერთმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა შესაძლო კავშირი ანტიბაქტერიული საწმენდი საშუალებებისა და ანტიბიოტიკრეზისტენტობის ჩამოყალიბებას შორის. საყოფაცხოვრებო პირობებში კი რაიმე გავლენა ჯერ არ დამტკიცებულა. ანტიბაქტერიული საპნების გამოყენებით ვუწყობთ თუ არა ხელს უფრო გამძლე ბაქტერიების გამოყვანას, ამის დასადგენად უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო.
არაკები ანტიბიოტიკებზე
არა
* არ დაალევინოთ ბავშვს ანტიბიოტიკი ვირუსული ინფექციის დროს;
* თუ ექიმი გეუბნებათ, რომ ანტიბიოტიკი საჭირო არ არის, ნუ მოსთხოვთ მათ გამოწერას;
* თუ ბავშვს ანტიბიოტიკი გამოუწერეს
- არ გამოტოვოთ დოზა;
- არ შეინახოთ მორჩენილი წამალი შემდგომი ავადობის დროს გამოსაყენებლად;
- არ დალიოთ სხვისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი. არასწორად შერჩეულმა მედიკამენტმა შესაძლოა მკურნალობა გააძნელოს და ბაქტერიებს გამრავლების საშუალება მისცეს.
კი
* ჰკითხეთ ექიმს, რა სარგებლობა ან რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკის დანიშვნამ;
* ჰკითხეთ, გარდა ანტიბიოტიკისა, რით შეგიძლიათ ბავშვს დაეხმაროთ.
* თუ ბავშვს ანტიბიოტიკი გამოუწერეს, მიეცით ზუსტად ისე და იმ დოზით, როგორც ექიმმა დაგარიგათ. ბოლომდე მიიყვანეთ დანიშნული კურსი, თუნდაც ბავშვმა მეორე დღესვე თავი უკეთ იგრძნოს. ანტიბიოტიკთერაპიის ნაადრევი შეწყვეტისას ზოგიერთი ბაქტერია შესაძლოა გადარჩეს და განმეორებითი ინფექცია გამოიწვიოს.
საზეპირო
- ანტიბიოტიკების მიღება არ ამცირებს გრიპითა და გაციებით ავადობის ხანგრძლივობას, არ ამსუბუქებს მათ სიმპტომებს, არ გვაცილებს თავიდან შესაძლო გართულებებს;
- ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს არის ეფექტური და მაშინაც მისი სახეობისა და დოზის შერჩევა მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა;
- ჩვეულებრივ პირობებში ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების სარგებლიანობა ჯერ მედიცინას არ დაუმტკიცებია;
- სამაგიეროდ, დამტკიცებულია, რომ ხელების ხშირი ბანა და გარემოს სისუფთავე საუკეთესო გზაა მრავალი (მათ შორის ვირუსული) დაავადების თავიდან ასაცილებლად.