შევაჩეროთ საშვილოსნოს ყელის კიბო

გააზიარე:

რა სარგებლობა მოაქვს სკრინინგს, ამაზე წინა ნომერში დაწვრილებით ვისაუბრეთ. მოკლედ ისიც ვთქვით, რომ გენდერული განსხვავებები ამ საკითხშიც
იჩენს თავს. თუმცა მხოლოდ მოწოდება, როცა არ ვიცით, რისგან და რატომ გვიცავს ეს პროცედურა, მრავალი ჩვენგანისთვის შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, თემა გაგვეგრძელებინა და კონკრეტული ტესტების შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვეთხრო. საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავდაცვის გზების გარკვევაში “ავერსის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი სვეტლანა აბრამიშვილი დაგვეხმარება.


მტრის სახე
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში და ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს როგორც ავადობის, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს 450 000 ქალს უსვამენ, მათი 80% კი განვითარებადი ქვეყნების მკვიდრია. საშვილოსნოს ყელის კიბო სერიოზულ პრობლემად რჩება ევროპისთვისაც — სტატისტიკა ყოველწლიურად 50 000 ახალ შემთხვევას და 25 000 გარდაცვალებას აღრიცხავს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაავადება ყველაზე ხშირად ბალტიისპირეთში გვხვდება.

ბრალი ედება ვირუსს
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99%, ისევე როგორც მისი წინამორბედი (როგორც მედიკოსები ვამბობთ, კიბოსწინარე) დაავადებები, ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციასთან (HPV) არის დაკავშირებული.
HPV ინფექცია მიეკუთვნება ასიმპტომურ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. სქესობრივად აქტიური ქალების 50-70% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება HPV-ით. ამჟამად ცნობილია HPV-ის 100-ზე მეტი ტიპი. განასხვავებენ მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს. დაბალი რისკის პაპილომავირუსებს შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური  კონდილომა, მაღალი რისკისა კი (ასეთია 20-ზე მეტი ტიპი) იწვევს საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას (დისპლაზიას) და საშვილოსნოს ყელის კიბოს. პაპილომავირუსულ ინფექციას უმეტესად ტრანზიტორული (შექცევადი) ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის იმუნური სისტემის ზემოქმედებით ხდება მისი ელიმინაცია (განდევნა); მხოლოდ მაღალი რისკის HPV-ით ინფიცირების დროს (ასეთია შემთხვევათა 5-10%) გახლავთ მოსალოდნელი ინფექციის ორგანიზმში პერსისტენცია (დარჩენა). ასეთ ქალებს საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანება და კიბოს განვითარების მაღალი ალბათობა აქვთ.

და არამარტო მას...
მაღალი რისკის HPV-ით ინფიცირება გახლავთ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი მიზეზი საშვილოსნოს ყელის დაზიანებისა და კიბოს განვითარებისთვის. გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ რისკფაქტორებს:
1. მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში;
2. მრავალი მშობიარობა და მცირე ასაკი პირველი მშობიარობის დროს;
3. თამბაქოს წევა;
4. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგალითად, ქლამიდიური ინფექცია, გენიტალური ჰერპესი, ტრიქომონიაზი);
5. დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები;
6. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი);
7. ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება (თუმცა ამ ფაქტორის გავლენა ამჟამად სადავოდ მიიჩნევა).

თავდაცვის ხერხები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლემის მოგვარების ორი გზა: პროფილაქტიკა ვაქცინაციის სახით და კიბოსა და კიბოსწინარე დაავადებების დროული დიაგნოსტიკა.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს დასამარცხებელ ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. პროტექცია ყველაზე ეფექტიანია იმ ქალებში,  რომელთაც სქესობრივი ცხოვრება ჯერ არ დაუწყიათ. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ HPV-ით ინფიცირება ხშირია, ამიტომ ვაქცინაცია ნაკლებად ეფექტურია. რუტინული ვაქცინაცია რეკომენდებულია 11-12 წლის გოგონებისთვის, მაგრამ თუ ამ ასაკში აცრა ვერ მოხერხდა, მისი გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ვიდრე ქალი სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს.
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების ძირითად სადიაგნოზო გამოკვლევად პაპ-ტესტი რჩება.

პაპანიკოლაუს საჩუქარი
პაპ-ტესტი (პაპანიკოლაუს ტესტი) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გარსის ციტოლოგიური (უჯრედული) გამოკვლევაა. მისი ავტორი გახლავთ ბერძენი მედიკოსი ჯორჯ პაპანიკოლაუ. ტესტი გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა და მისი პათოლოგია (სახელდობრ, გამოვავლინოთ საშვილოსნოს ყელის დაზიანების ხარისხი). საქმე ის არის, რომ საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის ამომფენი ლორწოვანი გარსი მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედებისგან შედგება, ყელის არხში კი ცილინდრული ეპითელიუმის უჯრედებია წარმოდგენილი. ავთვისებიანი პროცესების დროს სწორედ უჯრედების მომწიფებისა და დიფერენციაციის პროცესი ირღვევა. იმისდა მიხედვით, რამდენად არის გადასული ბრტყელი ეპითელიუმი საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა შრეზე, განასხვავებენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე ხარისხის დისპლაზიას (დაზიანებას).

ტექნიკის საკითხი
ნაცხის აღება საკმაოდ მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, თუმცა ნაცხის ხარისხზე მოქმედებს ზოგიერთი ფაქტორი:
- სისხლდენა;
- საშოს ანთებითი (ინფექციური) პროცესები;
- ატროფია (მენოპაუზური პერიოდი);
- ფიზიკური მანიპულაციები და ქიმიური ფაქტორები;
- სხივური თერაპია.
ამიტომ ტესტის  ჩატარება რეკომენდებულია იმ დროს, როდესაც ქალს არ აქვს მენსტრუაცია. ტესტის ჩატარებამდე 48 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული შხაპის მიღება, ხოლო 24 საათის განმავლობაში — სქესობრივი ურთიერთობა.

ვის და როდის

სადღეისოდ არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე, რა ასაკიდან ან როგორი ინტერვალით უნდა წარმოებდეს საშვილოსნოს ყელის სკრინინგული კვლევა ანუ ჯანმრთელი ქალის კვლევა საშვილოსნოს პათოლოგიის გამოსავლენად. მაგალითად, აშშ-ში პაპ-ტესტი ყოველწლიურად უტარდებათ ქალებს 18-იდან 65 წლამდე; ორგანიზაციის “ევროპა კიბოს წინააღმდეგ” (The Europe Against cancer) რეკომენდაციით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უნდა დაიწყოს 25-30 წლის ასაკში და გაგრძელდეს 65 წლამდე 3-5-წლიანი ინტერვალებით.
საქართველოში პაპ-ტესტი უტარდებათ 25-იდან 65 წლამდე ასაკის ქალებს. ნორმული პასუხის მიღებისას სკრინინგი გრძელდება 3-წლიანი ინტერვალებით (ანუ ტარდება 3 წელიწადში ერთხელ), არანორმული პასუხის მიღების შემთხვევაში კი რეკომენდებულია დაკვირვება და მკურნალობა.
ამრიგად, პაპ-ტესტი უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია სქესობრივი კონტაქტი. კვლევა საჭიროა 65 წლამდე მაინც. პაპ-ტესტის სისტემური ჩატარება მაშინაც კი გახლავთ რეკომენდებული, როდესაც ქალი უკვე აღარ ეწევა სქესობრივ ცხოვრებას და გადააბიჯა მშობიარობის ასაკს.
საზეპირო 
 საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავის დასაცავად:
- ერიდეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყებას ადრეულ ასაკში (18 წლამდე);
- ერიდეთ სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლას (იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ ერთს და ერთგულს დასჯერდით);
- იშვიათი შემთხვევითი კავშირების შემთხვევაში რისკის შესამცირებლად გამოიყენეთ ხარისხიანი ლატექსის პრეზერვატივი;
- 25 წლიდან ან სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ პაპ-ტესტი 3 წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ.

გააზიარე: