ტოქსოპლაზმოზი ორსულებში

გააზიარე:

 ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის დიდი გამოცდაა. ორსულს ხშირად უმწვავდება ქრონიკული დაავადებები, უქვეითდება იმუნიტეტი და ყოველგვარი ინფექცია ადვილად ერევა. არსებობს დაავადებები, რომელთა თავისებურებაც ის არის, რომ თუმცა არაორსულებში განსაკუთრებული სირთულის გარეშე მიმდინარეობს, ორსულობისას სერიოზულ გართულებებს იწვევს. ასეთ ინფექციებს Torch კომპლექსის სახელწოდებით აერთიანებენ. ეს კომპლექსი მოიცავს ტოქსოპლაზმოზს (Toxoplazma), წითურას (Rubella), ციტომეგალოვირუსს (Citomegalovirus) და ჰერპესვირუსს (Herpes). ამჯერად ყურადღებას ტოქსოპლაზმოზზე შევაჩერებთ.

ალბათ, ყველა ქალს აინტერესებს, რა იწვევს ტოქსოპლაზმოზს, რა საფრთხეს გვიქადის ის, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და შესაძლებელია თუ არა მის მიერ გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება. ამ და სხვა საკითხებზე ჩაჩავას კლინიკის ექიმი გინეკოლოგი ფიქრია კამლაძე გვესაუბრება.
– რას წარმოადგენს ტოქსოპლაზმოზი და რა იწვევს მას?
– ტოქსოპლაზმოზი გახლავთ TORC კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება. მას მოსახლეობა ცუდად იცნობს, ვინაიდან უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობასაც არ მოითხოვს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ინფექცია, თუ ორსულს დაემართა, შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს.
ტოქსოპლაზმოზს უჯრედშიდა პარაზიტი Toxoplazma Gondii იწვევს. პარაზიტის საბოლოო მასპინძელია კატა. თავად ის თაგვებისგან, ვირთხებისგან ან ფრინველებისგან ინფიცირდება. ინფიცირებული კატა ფეკალიებთან ერთად გამოყოფს გამომწვევებს, რომელთა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგაც ვითარდება ტოქსოპლაზმოზი.
ტოქსოპლაზმის გამომწვევი გარემო პირობების მიმართ დიდი გამძლეობით გამოირჩევა და მხოლოდ 60-65 გრადუსზე იღუპება. ნიადაგში მოხვედრილი პარაზიტი მკვრივ გარსს შემოიკრავს და ასე 6-დან 8 თვემდე შეიძლება იცოცხლოს. სწორედ მისი გამძლეობა განაპირობებს ამ დაავადების ძლიერ გავრცელებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ უმეტესობას ის განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს. ორსულის ტოქსოპლაზმით ინფიცირებამ კი შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.
– როგორია გადაცემის მექანიზმი? რა გზით ხდება ტოქსოპლაზმით ინფიცირება?
– სხვადასხვა გზით. გადაცემის მექანიზმი ძირითადად ფეკალურ-ორალურია. ინფიცირება უმეტესად კატასთან კონტაქტისას ხდება. ასევე ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნება. აღწერილია დაავადების გავრცელება პროფესიული გზით – ლაბორატორიებში. ინფიცირება, ასევე, ხდება ტრანსპლაცენტურად, ანუ დედისგან გადაედება ნაყოფს. ამ გზით დასნებოვნების ალბათობა დაახლოებით 44%-ია. ორსულისთვის ტოქსოპლაზმოზი სწორედ ამ გზით გადაცემის გამოა საშიში. ინფიცირება ასევე ხდება სისხლის გზით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ. 
– ბევრს ჰგონია, რომ Torch კომპლექსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს აერთიანებს...
– ეს შეცდომაა. ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ გადაცემის სქესობრივ გზაზე, თუმცა ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის. ამ გზით დასნებოვნება ნაკლებსავარაუდოა.
– როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება, რა სიმპტომების საფუძველზე შეიძლება ტოქსოპლაზმოზზე ეჭვის მიტანა?
– როგორც აღვნიშნე, ტოქსოპლაზმოზი ათიდან რვა შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები უმეტესად ვერც კი ხვდებიან, ისე გადააქვთ ეს ინფექცია. სუბკლინიკურ ფორმებს (როცა პროცესი არც მკვეთრადაა გამოხატული, მაგრამ არც მთლიანად წაშლილია) გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. იშვიათად დიდდება ლიმფური ჯირკვლები, შეინიშნება აღგზნება, თავის ტკივილი, სისუსტე. არსებობს დაავადების გენერალიზებული ფორმაც, როდესაც დიდდება პერიტონეული და მეზენტერიული (ჯორჯლის) ლიმფური ჯირკვლები. 10-20%-ში დაავადება მკვეთრად გამოხატული კლინიკით მიმდინარეობს და ინფექციურ მონონუკლეოზს მოგვაგონებს. ამ დროს ვითარდება ლიმფური ჯირკვკლების, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, სიყვითლე, კუნთებისა და ყელის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ არაორსულებში, მძიმე შემთხვევებშიც კი, დაავადება თვითგანკურნებით მთავრდება და არავითარ სპეციფიკურ ჩარევას არ მოითხოვს. 
რაც შეეხება ორსულებს, დაავადება აქაც ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გვხვდება მძიმე ფორმებიც. ერთ-ერთ კვლევაში სადაც თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირებული ბავშვების დედებს იკვლევდნენ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ვერც კი გაიხსენა, გადაიტანა თუ არა ორსულობისას რაიმე ტიპის ვირუსული ინფექცია. სამწუხაროდ, უსიმპტომო მიმდინარეობა ართულებს დაავადების გამოვლენას, ამიტომ მკურნალობაც გვიან იწყება, როცა პროცესი შორს არის წასული და ჩარევაც დაგვიანებულია.
– თუ დედას ტოქსოპლაზმოზი აქვს, ნაყოფი აუცილებლად დაავადდება?
– საბედნიეროდ, არა. ნაყოფის დაავადება ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. ინფიცირების რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტია გესტაციის ვადა. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ინფიცირების ალბათობა 9%-მდეა, მეორეში – 39%-მდე, მესამეში კი – 60%-მდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მძიმე გართულებები, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა, გესტაციის მოგვიანებით ვადაზე უფრო იშვიათია, ანუ პირველ ტრიმესტრში დაინფიცირებული 100 დედისგან 81 ბავშვი სავსებით ჯანმრთელი იბადება, მაგრამ დაავადებულებში დიდია მკვდრადშობადობისა და პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მესამე ტრიმესტრში კი, მართალია, 100-დან მხოლოდ 41-ია ჯანმრთელი, მაგრამ ინფიცირებულებს შორის მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა თითქმის ნულის ტოლია.
– რა საფრთხეს უქადის ტოქსოპლაზმოზი ნაყოფს?
– როგორც ითქვა, თუ დედა დაავადდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნაყოფის დაავადებას. თუ ნაყოფის ინფიცირება მაინც მოხდა, ვითარდება თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი კლასიკური ტეტრადა: მიკროცეფალია (თავის ტვინის სიმცირე) ან ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი), ქორიორეტინიტი (თვალის ბადურა გარსის ანთება), კრუნჩხვა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სხვა სიმპტომები და კალციფიკატები თავის ტვინში. იშვიათად შესაძლოა შეგვხდეს დაავადების სხვა ფორმებიც – თრომბოციტოპენიური პურპურა, სიყვითლე, დიარეა, ცხელება, ჰიპოთერმია (დაბალი ტემპერატურა), ღებინება, პნევმონია (ფილტვების ანთება). არის შემთხვევები, როცა ახალშობილი თითქოს ჯანმრთელი იბადება და თვეების შემდეგ გამოაჩნდება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. დაავადების სიმპტომები შესაძლოა დიდხანს არ ჩანდეს და მხოლოდ სკოლამდელ ასაკში იჩინოს თავი, რაც ასევე ართულებს მის დიაგნოსტიკას. ყველაზე მძიმე გართულებები კი, როგორც აღვნიშნეთ, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობაა.
– თუ ქალს ტოქსოპლაზმოზი გადატანილი აქვს, არის თუ არა შანსი, ორსულობისას ისევ დაემართოს?
– ამის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ტოქსოპლაზმოზის მიმართ მყარი იმუნიტეტი ყალიბდება, ანუ თუ ადამიანმა ერთხელ გადაიტანა ის, მეორედ აღარ დაემართება. გამორიცხული არ არის, იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების ფონზე დაავადება მაინც გააქტიურდეს, თუმცა ასეთი რამ ძალზე იშვიათია, თანაც ამ დროს დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
– დაავადების გადატანიდან რამდენი ხნის შემდეგ არის დაორსულება უსაფრთხო?
– იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, მყარ იმუნურ პასუხს 6 თვე სჭირდება, თუმცა ლიტერატურაში წერია, რომ თუ ინფიცირებიდან 1-2 თვეზე მეტია გასული, გართულებების საშიშროება იკლებს. დაორსულებისთვის ოპტიმალური ხანა კი, როგორც აღვნიშნეთ, 6 თვეა. 
– როგორ ხდება ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა და როდის?  
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფექციებზე ქალს ორსულობისას კი არ იკვლევდნენ, არამედ დაორსულებამდე. ეს მრავალ უსიამოვნებას აგვაცილებდა თავიდან. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით ხდება და დიაგნოზი ხშირად იმ ეტაპზე ისმება, როცა მკურნალობა დაგვიანებულია. ტოქსოპლაზმოზის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სეროლოგიური კვლევები ანუ სისხლის შრატის გამოკვლევა ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. ადამიანის სისხლში არის სხვადასხვა ტიპის ანტისხეულები, რომლებიც განსხვავებული მდგომარეობის დროს იმატებს. იმუნოგლობულინი M მწვავე პროცესის მანიშნებელია და მას დიაგნოსტიკისას აუცილებლად განსაზღვრავენ. ის სისხლში ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩნდება, პიკს ერთ თვეში აღწევს, ხოლო მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში ნელ-ნელა იკლებს, თუმცა შესაძლოა, ეს ანტისხეული ორგანიზმში წლობითაც დარჩეს. ამიტომაც მხოლოდ M-ის ნახვით მწვავე ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზს ვერ დავსვამთ. ამისთვის საჭიროა იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრაც. მწვავე პროცესის დიაგნოზი ისმება მაშინ როცა წყვილ შრატებში G-ის ოთხჯერადად მატება ფიქსირდება.
დიაგნოზის დასმის საფუძველია ისიც, თუ სისხლში ტოქსოპლაზმოზის საწინააღმდეგო IgG-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და შემდეგ დადებითი გახდა, ანუ სერონეგატიური პასუხი სეროპოზიტიურით შეიცვალა.
თუ საშუალება არის, ძალიან კარგი იქნება, განისაზღვროს ავიდობა, ანუ ანტიხსეულებისა და ანტიგენის (გამომწვევის) ერთმანეთთან შეკავშირების სიმტკიცე. რაც უფრო მეტია ავიდობა (რაც პროცესის ხანდაზმულობაზე მეტყველებს), მით მყარია იმუნიტეტი.
თუ სეროლოგიური ტესტი IgG ანტისხეულზე დადებითია, ხოლო IgM –ზე უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ ქალმა დაავადება გადაიტანა და მის მიმართ მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა.
არსებობს ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო A და I ანტისხეულებიც. ისინი სისხლში ყველზე ადრე ჩნდებიან და მალევე ქრებიან, ამიტომ მათი “დაჭერა” ძალიან ძნელია. მათ ბავშვებში იყენებენ დიაგნოსტიკისთვის. 
– აღნიშნული კვლევები ყველა ორსულს უტარდება?
– ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ორსულთა რუტინული გამოკვლევა. მაგალითად, საფრანგეთში ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და ის ორსულობის ყოველ ტრიმესტრში ტარდება. საქართველოში ასე არ არის, თუმცა მე ყოველთვის ამ გამოკვლევების ჩატარების მომხრე ვარ. 
– პროფილაქტიკის რა საშუალებებს შეიძლება მიმართოს ორსულმა, რომ ტოქსოპლაზმოზი თავიდან აიცილოს? 
– ორსულებს, რომელთაც ტოქსოპლაზმოზი არ გადაუტანიათ, ვურჩევთ:
. მინიმუმამდე დაიყვანონ კატის ფეკალიებთან კონტაქტი; თუ მაინც მოუხდათ, გამოიყენონ ხელთათმანი;
. ხშირად იბანონ ხელები, განსაკუთრებით _ ჭამის წინ;
. მიირთვან თერმულად საკმარისად დამუშავებული ხორცი;
. ხილი და ბოსტნეული მიღებამდე საფუძვლიანად გარეცხონ;
. ერიდონ ნიადაგთან ურთიერთობას ან გამოიყენონ რეზინის ხელთათმანი;
გახსოვდეთ: პროფილაქტიკა დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე იაფი, ადვილი და ეფექტური საშუალებაა. 
– როგორ მკურნალობენ ტოქსოპლაზმოზს?
–ანტიბიოტიკებით. პირველ ტრიმესტერში _ სპირამიცინით, მეორესა და მესამეში _ პირიმეტამინითა და სულფადიაზინით ფოლიუმის მჟავასთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ესენი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებებია, მკურნალობა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც ნაყოფის ინფიცირება დადასტურებულია. ამისთვის ორსულობის 20 კვირის ვადაზე ტარდება ამნიოცენტეზი (სანაყოფე სითხის აღება შემდგომი კვლევისთვის) და დადებითი პასუხის შემთხვევაში იწყება მკურნალობა. 
– რამდენად ეფექტურია ორსულობისას ჩატარებული მკურნალობა?
– ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. თუ პათოლოგიათა განვითარების რისკი არანამკურნალებ შემთხვევებში 56%-მდეა, მკურნალობის შედეგად ის 24%-მდე ჩამოდის, დაავადების აგრესიულობა და სიმწვავე იკლებს. მაგრამ სრული განკურნება, სამწუხაროდ, არ დგება. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი TORCH ინფექციებზე გამოკვლევა დროულად, დაორსულებამდე, რათა თავი დავიზღვიოთ მძიმე გართულებებისგან და ორსულობა მშვიდად და უვნებლად წარიმართოს.

გააზიარე: