შარდკენჭოვანი დაავადება

გააზიარე:


თირკმლის კენჭები

თირკმლის კენჭები უროლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მტკივნეული პრობლემაა. დაავადების კვალი 7 000-წლოვან ეგვიპტურ მუმიასაც კი აღმოუჩინეს. ცნობილია, რომ თირკმელკენჭოვანი დაავადება განსაკუთრებით ხშირად აქვთ 40 წელს 
გადაცილებულ კავკასიელ მამაკაცებს.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” უროლოგი ბათუ (ბარნაბ) ნიკოლაძე.

– ბატონო ბათუ, რას წარმოადგენს თირკმლის კენჭები?
– თირკმლის კენჭები მკვრივი ნივთიერებებია, რომლებიც შარდში გამოლექილი კრისტალებისგან წარმოიქმნება. ნორმალური შარდი შეიცავს ე.წ. დამცავ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის კრისტალების წარმოქმნას. როცა ეს ფუნქცია მოშლილია, კრისტალები ერთმანეთს უერთდება და კენჭებად იქცევა.
თირკმლის კენჭები სხვადასხვა ზომისაა – ქვიშის მარცვლისოდენადან მარგალიტის ოდენამდე, ზოგჯერ – გაცილებით დიდიც. არსებობს მარჯნისებრი კენჭი, რომელსაც სხეული და ერთი განტოტება მაინც აქვს და ნაწილობრივ ან მთლიანად ავსებს მენჯ-ფიალათა სისტემას. წვრილი კენჭები შარდთან ერთად შეუმჩნევლად გამოიდევნება, უფრო მოზრდილების “დაბადებას” კი ექიმის დახმარება სჭირდება.
თირკმლის კენჭები სხვადასხვა შემადგენლობისაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია ოქსალატებთან ან ფოსფატებთან კომბინირებულად კალციუმის შემცველი კენჭები (კალციუმის ოქსალატი, კალციუმის ფოსფატი). კალციუმი ადამიანის ნორმალურ დიეტაში შედის და ძვლებისა და კუნთების შენებისთვის საჭირო მასალაა. აღსანიშნავია, რომ კალციუმის შემცველი კენჭები რენტგენპოზიტიურია, ანუ მათი გამოვლენა რენტგენოლოგიური კვლევითაც შეიძლება. გარდა ამისა, არსებობს ურატული წარმოშობის კენჭები (შარდმჟავას კენჭები, ნატრიუმის ურატი, ამონიუმის ურატი). მათი განმასხვავებელი თვისებაა რენტგენუხილავობა, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ ადვილად ავლენს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კენჭს. ინფექციური კენჭები საშარდე გზების ინფექციის შედეგად ჩნდება. 
– რა იწვევს კენჭების წარმოქმნას? 
– კენჭების წარმოქმნის მიზეზად შეიძლება იქცეს:
. ნეფროლითიაზით მიმდინარე დაავადებები (ჰიპერპარათირეოდოზი, ჰიპერთირეოიდოზი, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, სარკოიდოზი და სხვა);
. ზოგიერთი მედიკამენტი (კალციუმის, D ვიტამინის, C ვიტამინის, სულფანილამიდების, ტრიამტრენის და სხვათა შემცველი პრეპარატები);
. საშარდე სისტემის ანატომიური პათოლოგიები (შარდსაწვეთის შევიწროება, თირკმლის ანომალიები, შარდისბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი და სხვა).                
– შესაძლოა თუ არა, კენჭების წარმოქმნა დიეტას უკავშირდებოდეს?
– ზოგიერთი საკვები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი ამ დაავადებისკენ არის მიდრეკილი, ანუ დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა ან აქვს გენეტიკური განწყობა ამ დაავადების მიმართ.
– როგორ აღმოაჩენენ კენჭებს და რა გამოკვლევა ტარდება მათი წარმოშობის დასადგენად?
– უსიმპტომოდ მიმდინარე შარდკენჭოვანი დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს შარდში ერითროციტების მომატებით, ასევე – შემთხვევით რენტგენოლოგიური ან ულტრასონოგრაფიული გამოკვლევისას. კენჭების თაობაზე ეჭვის არსებობისას სწორედ ამ გამოკვლევებს მიმართავენ. დიაგნოზს ძირითადად ულტრასონოგრაფიით სვამენ, თუმცა ეს მეთოდი შარდსაწვეთის შუა მესამედში არსებულ კენჭს არ ავლენს. მისი ვიზუალიზაციისთვის ტარდება მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევით კენჭები უხილავია.
კენჭების შემადგენლობის დასადგენად და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია ქიმიური გამოკვლევა. ამისთვის ოპტიმალური მეთოდია რენტგენოკრისტალოგრაფია და ინფრაწითელი სპექტროსკოპია (მინერალოგიის ინსტიტუტი). იმავე მიზნით შესაძლებელია სისხლისა და შარდის გამოკვლევაც.
– რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება შარდკენჭოვანი დაავადება?
– პირველი ნიშანია თირკმლის ჭვალი – უეცარი, ძლიერი ტკივილი. ტკივილის წარმოშობა უკავშირდება თირკმლის შემკრებ სისტემაში შარდის შეგუბებას და ორგანოს გადაჭიმვას, რასაც თან სდევს თირკმლის მენჯსა და ფიალებში წნევის ზრდა. შეგუბების მიზეზია კენჭის მიერ შარდსაწვეთის სანათურის დახშობა, შარდსაწვეთის კედლის შეშუპება და სპაზმირება, რაც ჭვალს იწვევს. პაციენტი გრძნობს მწვავე, მჩხველტავ ტკივილს წელ-ზურგის არეში, ბავშვებს ანალოგიური შეგრძნება მუცლის არეში – თირკმლის საპროექციო მიდამოში უჩნდებათ. ტკივილს ზოგჯერ ერთვის გულისრევა და ღებინება, მოგვიანებით ტკივილის შეგრძნება შესაძლოა საზარდულისკენ გავრცელდეს. ხშირია ჰემატურია – სისხლიანი და ამღვრეული შარდი. რაც უფრო მეტად უახლოვდება კენჭი შარდის ბუშტს, მით უფრო ხშირად უნდება პაციენტს მოშარდვა. ხანდახან მოშარდვის ცრუ შეგრძნებაც შეინიშნება. შარდვა გაძნელებულია, იწვევს წვასა და ტკივილს. ჭვლის დროს ზოგჯერ იმატებს წნევა და ტემპერატურა. უკანასკნელი სიმპტომი ინფექციის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს, ამიტომ პაციენტი დაუყვნებლივ ექიმს უნდა დაუკავშირდეს. პაციენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ კენჭი წარსულშიც დაბადა.
 
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ უჩივით:
. წელ-ზურგის მიდამოს ძლიერ ტკივილს, რომელიც თავისთავად არ გაივლის;
. სისხლიან შარდს;
. ღებინებას;
. უსიამოვნო სუნიან ან შემღვრეულ შარდს;
. შარდვის დროს წვის შეგრძნებას.

– როგორ უნდა მოიქცეს ჭვლის დროს პაციენტი და რა საშუალებით ეხმარება ექიმი მას კენჭის დაბადებაში?
– უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დიაგნოზის დადასტურება სხვა გადაუდებელი და სახიფათო დაავადებების გამორიცხვით. ამის შემდეგ მივმართავთ გაუტკივარებას. კენჭის გამოდევნას ხელს უწყობს დიდი რაოდენობით (სამ ლიტრამდე) სითხის მიღება. ამ დროს პაციენტს აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს: ანთების საწინააღმდეგო არაასტეროიდულ პრეპარატებს (კეტოროლაკი, კეტოლონგი, დიკლოფეროლი) და ანტისპაზმურ საშუალებებს (ნო-შპა, ბუსკოპანი, პესტო). ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს მცენარეული საშუალებებიც.
ქიმოლიზურ პრეპარატებს (ურალიტ-უ, ბლემარენი) თირკმლის ჭვლის დროს დიდი ეფექტი არ აქვთ. მათ ურატული კენჭების ლითოლიზისა და პროფილაქტიკისთვის იყენებენ.
ჭვლის კუპირების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, მკურნალობის რა მეთოდებს გამოიყენებენ: მხოლოდ მედიკამენტურს, თირკმლის დრენირებას, დისტანციურ ლითოტრიფსიას თუ რომელიმე ინვაზიურ მეთოდს, მათ შორის ღია ოპერაციასაც.
მედიკამენტური მკურნალობა ნაჩვენებია მცირე ზომის კენჭების შემთხვევაში, როდესაც კენჭი შარდსაწვეთში გადაადგილდება, ტკივილი ადვილად კუპირდება და ინფექციური გართულება არ აღინიშნება.
ინფექციით გართულების შემთხვევაში ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია და თირკმლის დრენირება შარდსაწვეთის კათეტერიზაციის`სტენტირების ან პერკუტანული ნეფროსტომიის გზით.
– რა არის დისტანციური ლითოტრიფსია და როდის მიმართავენ მას?
– დისტანციური ლითოტრიფსია კენჭის დაშლაა. ამ მეთოდმა საგრძნობლად გააადვილა შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა. ოციოდე წლის წინ კენჭის მოცილების ერთადერთი მეთოდი ღია ქირურგიული ოპერაცია იყო. ოპერაციის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაციას  4-6 კვირა სჭირდებოდა. ლითოტრიფსიის შემდეგ პაციენტები ამბულატორიულად განაგრძობენ მკურნალობას. ზოგიერთ მათგანს აღენიშნება სისხლი შარდში და მცირე დისკომფორტი ზურგის არეში, და ისიც მალე გაივლის. უმეტესად პაციენტი რამდენიმე დღეში უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.
დისტანციურ ლითოტრიფსიას აქვს რამდენიმე შეზღუდვა, რომლებიც კენჭის ზომასა და შემადგენლობაზეა დამოკიდებული: თუ წარმონაქმნი 2 სმ-ზე მეტი ზომისაა, ლითოტრიფსია არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით – ბრუშიტი (არაინფექციური წარმოშობის) კალციუმის ოქსალატის კენჭების შემთხვევაში. დისტანციური ლითოტრიფსია ასევე უკუნაჩვენებია თირკმელთა ანომალიების, კოაგულოპათიისა და ორსულობის დროს. ორსულებში ამ მიზნით მიმართავენ ურეთრორენოსკოპიას ლაზერული კონტაქტური ლითოტრიფსიით.
არსებობს ორგვარი დისტანციური ექსტრაკორპორალური ლითოტრიპტორი: ელექტროჰიდრავლიკური და ულტრაბგერითი.
როცა კენჭები პატარაა, დისტანციური ლითოტრიფსიის ერთი სეანსიც საკმარისია, მოზრდილი კენჭების შემთხვევაში კი ტარდება სამიდან ხუთამდე სეანსი.

– რა შემთხვევაშია საჭირო ღია ქირურგიული მკურნალობა?
– ღია ოპერაციულ მეთოდს მიმართავენ უმთავრესად თირკმლის თანდაყოლილი ანომალიების დროს, როდესაც სხვა, ნაკლებინვაზიური მეთოდებით მკურნალობა ვერ ხერხდება, ასევე – მაშინ, როცა პაციენტს თავად სურს ეს.
– როგორია კენჭის განმეორებით წარმოშობის ალბათობა?
– საკმაოდ დიდი. თუ ადამიანს ერთხელ მაინც გაუჩნდა კენჭი და ამის ხელშემწყობი ფაქტორები არ აღმოიფხვრა, კენჭი ისევ გაჩნდება, მეტადრე – ორგანული პათოლოგიების შემთხვევაში (ანომალიები, თანმხლები დაავადებები, საშარდე ინფექცია, პოსტოპერაციული პერიოდი). ამიტომ პაციენტს მუდმივი აქტიური მეთვალყურეობა და პერიოდული გამოკვლევა სჭირდება. თუ შარდკენჭოვანი დაავადება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით არის გამოწვეული, შეძლებისამებრ, უნდა მოხდეს მისი კორექცია. თუმცა შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტთა უმრავლესობას ამგვარი დარღვევა არ აღენიშნება. ამ შემთხვევაში რეციდივები თავიდან უნდა ავიცილოთ ცხოვრების წესის შეცვლით და განსაკუთრებული კვებით.
– რას გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლა და განსაკუთრებული კვება?
– კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის ცხოვრების სტილის შეცვლის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი გზაა რაც შეიძლება მეტი სითხის სმა, განსაკუთრებით – წყლისა. რეკომენდებულია რაციონალური დაბალანსებული კვება, მცენარეული ბოჭკოსი და ნახშირწყლების მიღება.
ძველად მას, ვისაც კალციუმის შემცევლი ქვები უჩნდებოდა, უკრძალავდნენ რძის ნაწარმსა და კალციუმის მაღალი შემცველობის სხვა პროდუქტებს. ბოლოდროინდელმა  გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რძის პროდუქტებში შემავალი კალციუმი კალციუმის კენჭების წარმოქმნას აფერხებს, ხოლო წამლების სახით მიღებული კალციუმი კი, პირიქით, ზრდის მათი წარმოშობის რისკს. კენჭებისადმი მიდრეკილ ადამიანებს ურჩევენ, თავი არიდონ D ვიტამინით გამდიდრებულ და კალციუმის ფუძეზე დამზადებული ანტაციდების შემცველ საკვებს.
ჰიპერკალციურიის მოსაწესრიგებლად შესაძლოა ექიმმა განსაზღვრული ჯგუფის შარდმდენები (თიაზიდები) დანიშნოს. ისინი ამცირებენ ძვლებიდან კალციუმის გამოძევებას და თირკმლის საშუალებით შარდში გამოიყოფა. იშვიათად იმავე მიზნით პაციენტს აძლევენ სოდიუმ ცელულოზა ფოსფატს. ეს ნივთიერება კალციუმს ნაწლავებში ბოჭავს და ამით აფერხებს შარდში მის მოხვედრას.
ოქსალატური კენჭების შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს საკვები, რომელიც უხვად შეიცავს ოქსალატებს: ისპანახი, რევანდი, ჭარხალი, არაქისი, კაკაო, შავი ჩაი, ნიახური, მწვანე წიწაკა, ჟოლო, თხილი, კაკალი, მარწყვი, ღვიძლი.
შარდმჟავა მარილების (ურატების) შემცველი კენჭების საპროფილაქტიკოდ, შარდის მეტად მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, უნდა შეზღუდოს ხორცეული და თევზეული – ბატკნისა და ხბოს ხორცი, ღვიძლი, თირკმელი, შინაური ფრინველის კანი, ანჩოუსი, შპროტი, თევზის კანი. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც შარდის მჟავიანობას ზრდის.
საჭიროებისამებრ, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს პრეპარატები, რომლებიც აფერხებს კალციუმისა და შარდმჟავა კენჭების წარმოქმნას – ე.წ. ორალური ქიმოლიზი, ნატრიუმ-კალიუმის ციტრატი ხელს უშლის კრისტალების შეერთებას და შარდის მჟავიანობასა და ტუტიანობას არეგულირებს.

საზეპირო
 - ნებისმიერი ტიპის კენჭის წარმოქმნის პრევენციისთვის პირველი და საუკეთესო ნაბიჯია დიდი რაოდენობით სითხის (უმჯობესია წყლის) მიღება.
- ვისაც აქვს კენჭების განვითარების ალბათობა, შესაძლოა დასჭირდეს სისხლისა და შარდის განსაზღვრული ტესტების ჩატარება, რათა გაირკვეს, ყველაზე უკეთ რა შეამცირებს რისკს.
- ზოგ ადამიანს კენჭების წარმოქმნის შესაფერხებლად წამლების მიღება სჭირდება.

გააზიარე: